რეზონანსი
(14.07.2022)

ეს არის მოსმენების კიდევ უფრო ახალი და უპრეცედენტო მასშტაბი საქართველოში, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი და ტელეკომპანია „ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გუშინ, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში" გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს.

„აქამდე ვიცოდით, რომ ისინი უსმენდნენ ჩვენს სატელეფონო საუბრებს და ეს დადასტურებული იყო სუს-ის ფაილებით. ახლა უკვე დადასტურდა, რომ აქ ტელევიზიის ნიუსრუმებში ისინი უკანონოდ ახორციელებენ ჟურნალისტების ფარულ მიყურადებას. ეს არის მოსმენების კიდევ უფრო ახალი და უპრეცედენტო მასშტაბი საქართველოში. რა თქმა უნდა, ამის გამოძიების იმედი არავის აქვს ამ ქვეყანაში", - აღნიშნა ნოდარ მელაძემ.

გადაცემაში „უცნობის კიდობანი" გადაიცა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ „მთავარი არხის" გადაცემა post-Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია და ამავე გადაცემის თანამშრომლები განიხილავდნენ სოსო გოგაშვილის მიერ, მათთვის მიწოდებულ მასალას, სათაურით - „საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან" - პირობითი მსჯავრდებულების გრძელი სია, რომლებსაც „ქართული ოცნება" სასჯელისგან ათავისუფლებს და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ გიორგი გაბუნიამ გაიხსენა სოსო გოგაშვილთან შეხვედრა და ამ უკანასკნელის მიერ გიორგი თარგამაძისა და ნოდარ მელაძისთვის გადაცემული მასალები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე