რეზონანსი
(13.07.2022)

არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება - ამ მძიმე ბრალდებით ქვემო ქართლში ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით 50 წლამდე მამაკაცი, საკუთარ მოსწავლეებზე რამდენიმე თვის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. იდენტიფიცირებულია დანაშაულის ექვსი ეპიზოდი, დაზარალებულები კი, 11 და 12 წლის გოგონები არიან.

საქმის მასალებში დევს მეექვსე კლასის მოსწავლეების საკმაოდ მძიმე ჩვენებები, რომელსაც "კურიერი" არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს.

ბრალდებული პედაგოგი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატი ირწმუნება, რომ ფაქტების ნაწილი მოსწავლეებმა გამოიგონეს, ნაწილი კი გამოძიებამ გააზვიადა.

გამოძიების ინფორმაციით, მძიმე დანაშაულის შესახებ მალევე ცნობილი გახდა სკოლის დირექტორისთვის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამბავი საგანმანათლებლო დაწესებულების კედლებიდან არ უნდა გასულიყო. სწორედ ამიტომ, პოლიციისთვის შეუტყობინებლობის ბრალდებით, პროკურატურამ ბრალი დირექტორსაც წარუდგინა, თუმცა პირველი ინსტანციის მოსამართლე მადონა მაისურაძემ, საქმეში დირექტორის პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და მის მიმართ გამოსცა განჩინება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც სკოლის დირექტორს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

უმძიმესი დანაშაულის დამალვას სკოლის ადმინისტრაცია ახლაც აქტიურად ცდილობს.

არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სკოლის მასწავლებელი, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა სექტემბერში დაიწყება.

"რუსთავი 2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე