
2026 წლის 25 ნოემბრიდან საქართველოში ტანსაცმლის, თეთრეულისა და ფეხსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადი ამოქმედდა. ადგილობრივი მწარმოებლებისა და ექსპერტების შეფასებით ეს გადასახადი არა მარტო იმპორტირებულ პროდუქციას, არამედ ადგილობრივ წარმოებასაც გააძვირებს. მომავალი წლიდან მომხმარებელს სავაჭრო ობიექტებში გაზრდილი ფასი დახვდება.
საქართველოს მთავრობის 535-ე დადგენილებით, ცვლილება შევიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96-ე დადგენილებაში.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე, იმპორტიორებისთვის მოქმედებდა ტანსაცმლის პარტიის იმპორტის გაფორმების 500 ლარის გადასახადი, განურჩევლად იმისა, რა ზომის პარტიის იმპორტი ხორციელდებოდა, ახლა გადასახადი მიებმება ტანსაცმლის წონას. შესაბამისად, ახალი ცვლილებით, 1 კილოგრამი 3 ლარით დაიბეგრება, რაც 1 ტონაზე 3000 ლარს შეადგენს.
შესაბამისად, თუკი აქამდე იმპორტიორი 1 ტონა ტანსაცმლის პარტიის იმპორტის გაფორმების დროს, 500 ლარს იხდიდა, ამიერიდან 3000 ლარს გადაიხდის. მაგალითად, თუ კონკრეტული პარტიის ზომა 5 ტონაა, ამ შემთხვევაშიც, 500 ლარის ნაცვლად, 15 000 ლარს გადაიხდის, ხოლო 10 ტონა პარტიის იმპორტისას - 30 000 ლარს.
გამონაკლისს წარმოადგენს იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებიდან და მეორადი ტანსაცმლის იმპორტი. 2026 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 611 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი ტანსაცმელი შეიძინა. „საქსტატის“ მონაცემებით, ტანსაცმლის მთლიანი იმპორტიდან 225 მილიონი დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციაზე მოდიოდა, მისი მოცულობა კი 5 132 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტი შეადგენდა 385.7 მილიონ დოლარსა და 42 465 ტონას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტანსაცმლისა და თეთრეულის გარდა, ახალი მოსაკრებელი შეეხება ფარდებს, საბნებს, ლოგინის პირებს, ტომრებს და სხვა საქონელს.
თუკი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის გადასახადი იმიტომ იზრდება, რომ ამით ხელისუფლება ადგილობრივი წარმოების წახალისებას ცდილობს, ეს მეტ-ნაკლებად ამართლებს მთავრობის გადაწყვეტილებას, თუმცა, „რეზონანსმა“ გაარკვია, რომ ტანსაცმლის იმპორტის გაზრდილი გადასახადი ადგილობრივ წარმოებასაც გააძვირებს, რადგან მწარმოებლები იმპორტირებულ ნედლეულს იყენებენ.
სამკერვალო ფაბრიკა „ლაურა ღაჭავას“ წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება, რომელიც 25 ნოემბრიდან შევიდა ძალაში, ადგილობრივ წარმოებას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს. მეტიც, ღაჭავას სამკერვალო ფაბრიკა ამჟამად გაჩერებულია, მაგრამ რომ მუშაობდეს კიდეც, ამ გადაწყვეტილების გამო, საკუთარი პროდუქციის გაძვირებაც მოუწევდათ.
„მიზეზი ის არის, რომ ადგილობრივი წარმოება იმპორტირებული ნედლეულის გარეშე ვერ მუშაობს. ადგილობრივი არ გვაქვს, ყველაფერი შემოდის იმპორტით, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ წარმოებასაც გააძვირებს. წარმოიდგინეთ, 1 კონტეინერზე 500-ლარიანი გადასახადი იზრდება, დაახლოებით, 30 000 ლარამდე და ეს თუ მართლაც ასეა, კატასტროფა იქნება. ხვდებით, ეს როგორ გააძვირებს პროდუქციას? ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და თეთრეულის ფასი აიზრდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ფაბრიკის წარმომადგენელმა.
ადგილობრივ მწარმოებელს ეთანხმება ეკონომისტი პაატა ბაირახტარი, რომელმაც აღნიშნა, რომ ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადი სიკეთის მომტანი არ იქნება ბიზნესისთვის, მათ შორის არც ადგილობრივი წარმოებისთვის.
„ეს გადაწყვეტილება კომპანიებს დამატებით პრობლემებს შეუქმნის, რადგან მათ გაუძვირდებათ საწარმოო რესურსი. შედეგად, მოუწევთ საკუთარი პროდუქციის გაძვირება, რაც გამოიწვევს ინფლაციაზე წნეხს, ხშირ შემთხვევაში, სამუშაო ადგილების შემცირებას სხვადასხვა კომპანიებში. საბოლოო ჯამში, მივიღებთ სპირალს, რომელშიც წარმოება დიდი ხანია შესულია“, - განაცხადა ბაირახტარმა.
კითხვაზე, თუ ადგილობრივ წარმოებას არ შეუწყობს ხელს, მაშინ რა საჭირო იყო ტანსაცმლის იმპორტის გადასახადის ზრდა, პაატა ბაირახტარმა გვიპასუხა, რომ რეალურად, ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს, თუმცა რომც გვქონდეს, პროტექციონიზმი მიუღებელია.
„თუ ადგილზე იწარმოება პროდუქცია და მაინც არაკონკურენტუნარიანია იმპორტირებულთან შედარებით, ესე იგი, არარენტაბელური ყოფილა და თავი უნდა დაანებო. ჩვენ გვყავს მემარცხენე მთავრობა, რომელსაც უნდა, რომ ყველა სფერო მაქსიმალურად დაბეგროს და მეტი ფული ამოაცალოს ჯიბიდან. ამას სხვა მიზეზი არ გააჩნია, ეს არ არის დგილობრივი მიმართულების წახალისება. ყველას შეეხებიან და უფრო მეტად დაბეგრავენ“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ბაირახტარმა.
ფასის ზრდა გარდაუვალია და ეს აისახება, როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებზე - ასე აფასებს ბიზნესი განბაჟების ახალ ტარიფს. საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციამ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის იმპორტზე, სექტორთან დიალოგის გარეშე დაწესებული ახალი საფასური გაართულებს ადგილობრივი კომპანიების საქმიანობას, გაზრდის ფასს მომხმარებლისთვის და გააღრმავებს არათანაბარ კონკურენციას.
„მაგალითად, თუ აქამდე 15 000 ლარზე მეტი ღირებულების ტვირთის გაფორმებისას, მაქსიმალური ფიქსირებული საფასური 500 ლარი იყო, ახლა გადასახდელი თანხა ტვირთის წონაზე ხდება დამოკიდებული. კერძოდ, 1 ტონა საქონლის განბაჟებისას, იმპორტიორს 3 000 ლარის გადახდა მოუწევს, რაც აქამდე არსებულ მაქსიმალურ ტარიფზე 6-ჯერ მეტია... ვინაიდან საფასური საქონლის წონაზეა მიბმული და არა ღირებულებაზე, დარტყმა განსაკუთრებით მძიმეა დაბალი და საშუალო საფასო სეგმენტისთვის...
საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. მივმართავთ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს თხოვნით, უახლოეს პერიოდში ჩაინიშნოს სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად განვიხილოთ მომსახურების საფასურის დათვლის ახალი წესის და ოდენობის მიზანშეწონილობა, ასევე ზემოთ აღნიშნული რისკების დაზღვევის მექანიზმები და დაზუსტდეს კრიტიკული ტექნიკური საკითხები (ნეტო/ბრუტო წონის დათვლის წესი, შერეული დეკლარაციები და დადგენილების ამოქმედებამდე შემოტანილი/გამოგზავნილი ტვირთების მიმართ ამ დადგენილების მოქმედების გავრცელების საკითხი)“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



