
პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე 7 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს. კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები სასჯელს ფულის გამოძალვისთვის სექტემბრიდან იხდიან. მათზე ჯგუფური ძალადობა 16 ოქტომბერს განხორციელდა, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდა. თავიდან პენიტენციური დაწესებულება გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდა, თუმცა პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პარასკევს გამართულ ბრიფინგზე გენპროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს („კაწრო"), დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს.
- პროკურატურის განცხადებით, იმავე დღეს ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის" და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების" დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს", - ამბობს გულუაშვილი.
პროკურატურის განცხადებით, იმავე დღეს ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
40 წლის ტყუპები, გიორგი და დავით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს, გამთენიისას თბილისში დააკავეს. მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია და ჩხრეკა ორ ადგილას ჩატარდა. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და გამოძალვა (კერძოდ, მოქალაქისთვის ფულის გამოძალვა „კრიმინალური მფარველობის" სანაცვლოდ და მუქარა). სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გავრცელებული ინფორმაციითა და ადვოკატების განცხადებით, 2026 წლის 16 ოქტომბერს, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილის საკანში რამდენიმე პირი შეიჭრა და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადვოკატის თქმით, დაზარალებულს სხეულზე მძიმე დაზიანებები, მათ შორის მრავლობითი ნაკერები აღენიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან პენიტენციური სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდა, პროკურატურამ და სამართალდამცავებმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს და ძალადობაში მონაწილე პირები დააკავეს.
თავდასხმის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო დავით ფეიქრიშვილი რამდენჯერმე გახდა საჭირო, რომ კლინიკაში გადაეყვანათ. არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პატიმრობაში მყოფმა პირებმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრეს.
დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი მედიასთან აქტიურად საუბრობდა და თავისი შვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებულ ძალადობაზე მკაცრ განცხადებებს აკეთებდა რომ ამბობდა, რომ შვილების დასაცავად და სიმართლის დასადგენად უკან არაფერზე დაიხევდა.
მედიასა და საზოგადოებაში ისინი ხშირად „ტყუპების" სახელითა და კრიმინალურ წრეებთან შესაძლო კავშირებით არიან ცნობილი. მათი სახელი უკავშირდება სხვადასხვა პერიოდში მომხდარ გახმაურებულ ინციდენტებსა თუ დაპირისპირებებს. მაგალითად, წლების წინ მედიაში აქტიურად იწერებოდა მათ წინააღმდეგ არსებულ შესაძლო შეკვეთილ მკვლელობებზე ან მათ წინააღმდეგ დაგეგმილ თავდასხმებზეც.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



