
4 ნოემბერს ევროკომისია გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს. სხვადასხვა წყაროების წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მიმართ ბრიუსელის კრიტიკული გზავნილები უცვლელი დარჩება - ქვეყანა წევრობის კანდიდატად მხოლოდ ფორმალურად იქნება მოხსენიებული, თუმცა სტატუსის გაუქმება მოსალოდნელი არ არის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ანგარიშის გამოქვეყნების დროს პრემიერი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში იქნება.
ანალიტიკოსთა შეფასებით. ევროკომისიის ახალ ანგარიშში ძირითადად განმეორდება საქართველოსთან დაკავშირებით შარშანდელი შეფასებები, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები არსებითად არ შეცვლილა და პირიქით, გაუარესდა კიდეც.
ამ პროცესებს ემთხვევა ისიც, რომ პრემიერი კობახიძე ბრიუსელში იმყოფება „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე და ის სამიტის სპიკერთა სიაშია. აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება ევროკომისიის მიერ ორგანიზებული გაფართოების ფორუმისგან დამოუკიდებელია. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრემიერის მიწვევა, შესაძლოა, გარკვეულწილად ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდანაც იყოს წახალისებული და საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის ინტერესს უკავშირდებოდეს.
მმართველ გუნდში ევროკომისიის 4 ნოემბრის ანგარიშისგან მწვავე შეფასებებს ელოდებიან, თუმცა ხელისუფლება ბრიუსელის შესაძლო კრიტიკას არ ეთანხმება და საქართველოს რუსეთის პოლიტიკის ორბიტაზე გადასვლის ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გაუგებარია კონკრეტულად რა საფუძვლით შეიძლება ევროპამ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში მყოფ ქვეყნად შეაფასოს, მაშინ, როდესაც, მისი თქმით, საქართველო „არც იმდენ გაზსა და ენერგორესურსებს ყიდულობს რუსეთისგან, რასაც თავად ევროპული ქვეყნები".
„რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის ახალ ანგარიშში, სავარაუდოდ, განმეორდება შარშანდელი შეფასება, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატია „მხოლოდ სახელით", თუმცა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი შეუნარჩუნდება.
- რიკარდ იოზვიაკი: „ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკებთან დაკავშირებით უახლესი ხედვა (საუბარია მოლაპარაკებების დასრულებაზე და არა წევრობის თარიღზე): მონტენეგრო - 2026 წლის ბოლომდე; ალბანეთი და მოლდოვა - 2027 წლის ბოლოს-2028 წლის დასაწყისში; უკრაინა - 2029 წლის ბოლომდე".
მისი ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა 12 ოქტომბრის შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელთან თანამშრომლობის მზაობა არ გამოუხატავს.
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, რიგითი მოქალაქეებისთვის რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა, იოზვიაკის ინფორმაციით, ფართო შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო კანდიდატია.
ამასთან, ევროკავშირის წევრებს შორის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს - ნაწილი დამატებით შეზღუდვებს ითხოვს, ნაწილი კი თბილისთან დიალოგის შენარჩუნებას ემხრობა.
იოზვიაკი ასევე წერს, რომ მონტენეგროსთვის მოლაპარაკებების დასრულება 2026 წლის ბოლომდე განიხილება, ალბანეთისა და მოლდოვისთვის - 2027 წლის ბოლოს ან 2028 წლის დასაწყისში, უკრაინისთვის კი 2029 წლის ბოლომდე. იოზვიაკი ხაზს უსვამს, რომ ეს ვადები ევროკავშირში გაწევრიანების თარიღებს არ ნიშნავს, საუბარია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულებაზე. ამ ჩამონათვალში საქართველოს ვადა მითითებული არაა.
„ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკებთან დაკავშირებით უახლესი ხედვა, რომლის წარდგენაც მომავალ კვირას იგეგმება (საუბარია მოლაპარაკებების დასრულებაზე და არა წევრობის თარიღზე): მონტენეგრო - 2026 წლის ბოლომდე; ალბანეთი და მოლდოვა - 2027 წლის ბოლოს-2028 წლის დასაწყისში; უკრაინა - 2029 წლის ბოლომდე", - აღნიშნავს იოზვიაკი.
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ახალ ანგარიშში
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს ნაწილში განსაკუთრებულ სიახლეებს არ ელოდება, რადგან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში ბოლო ერთ წელიწადშიარაფერი შეცვლილა ისეთი, რაც ბრიუსელის პოზიციას არსებითად შეცვლიდა.
მისი თქმით, განსხვავებული ვითარებაა მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში, თუმცა, ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესები შესაძლოა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს და მოლდოვა უკრაინაზე ადრე გაწევრიანდეს.
„ვფიქრობ, რომ საქართველოზე ანგარიში დაახლოებით ისეთივე იქნება შარშან იყო. შეიძლება რაღაცა ახალი პასაჟები დაემატოს, მაგრამ შინაარსი და პათოსი ძირითადად იგივე იქნება. საქართველოს ხელისუფლების პოზიციაში ევროკავშირთან მიმართებაში რადიკალურად არაფერი არ შეიცვალა, შესაბამისად, ევროკავშირის პოზიციაც დარჩება იგივე.
„რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, ასეთი ინფორმაცია მოვიპოვე, რომ მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების ერთ პაკეტში უკვე აღარ განიხილებიან. ეს ნიშნავს, რომ მოლდოვას ევროკავშირში ალბათ უფრო მალე მიიწვევენ, ვიდრე უკრაინას, რომლის გაწევრიანებაზე სერიოზული მოლაპარაკებებისა და საერთოდ პროცესის დაწყება 2029 წლისთვისაა გადადებული.
„ერთ-ერთი ევროპელი მაღალი რანგის წარმომადგენელი იმასაც ამბობდა, რომ კარგია უკრაინა გონს რომ მოეგო და თავის კატეგორიული მოთხოვნა უკან წაიღო, რომ 2027 წლისთვის დასრულებულიყო მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ასეთი ინფორმაცია მოვიპოვე, რომ მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების ერთ პაკეტში უკვე აღარ განიხილებიან. ეს ნიშნავს, რომ მოლდოვას ევროკავშირში ალბათ უფრო მალე მიიწვევენ, ვიდრე უკრაინას, რომლის გაწევრიანებაზე სერიოზული მოლაპარაკებებისა და საერთოდ პროცესის დაწყება 2029 წლისთვისაა გადადებული."
„უკრაინა დაჩქარებულ გაწევრიანებას ითხოვდა იმის გამო, რომ ომობს და როგორც თავად ამბობდნენ, ფარია უკრაინა და ამის სანაცვლოდ გაწევრიანების პრივილეგიებს ითხოვდნენ ტემპებთან დაკავშირებით და ევროკავშირმა ეს მოთხოვნა, როგორც ჩანს, მაინც ყურად არ იღო, რადგან არა მარტო უკრაინის, არამედ სხვა ახალი წევრების გაწევრიანება ძალიან ბევრ სერიოზულ პრობლემას უკავშირდება, მათ შორის ეკონომიკურს, რომელზედაც ევროჩინოვნიკები მაინცდამაინც ხმამაღლა არ საუბრობენ.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია იმ პოლიტიკოსების განცხადებებიდან და საბუთებიდან გამომდინარე, რაც ოფიციალურად ქვეყნდება, პირველ რიგში ევროკავშირში შიდა რეფორმა უნდა განხორციელდეს. ევროკომისიამ უნდა განიცადოს ძალიან სიღრმისეული რეფორმა და ამ რეფორმის გეგმა უკვე მომზადებულია, რომ ამის შემდეგ დაიწყოს უკვე მოძრაობა იმ მიმართულებით, რომ მიიღონ ახალი წევრები. სხვა მხრივ ევროპა უბრალოდ ახალ პრობლემებს აქ ვერ აუვა", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
მისივე შეფასებით, პრემიერ ირაკლი კობახიძის „ევრონიუსის" ღონისძიებაზე მიწვევა შესაძლოა ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომის გარკვეული ცვლილების პირველი ნიშანი იყოს. ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ევროპის პოლიტიკურ წრეებში არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ საქართველოს მუდმივი იზოლაცია და პოლიტიკური პროცესებიდან გარიყვა თავად ევროკავშირის ინტერესებსაც არ ემსახურება.
„შესძლოა ეს არის იმის პირველი ნიშანი, რომ ევროკავშირში გარკვეული წრეები, შედარებით საღად მოაზროვნეები, რომლებიც სიტუაციას ფართოდ გახელილი თვალებით უყურებენ, თვლიან, რომ საქართველოს ასეთი პერმანენტული იზოლაცია და მისი გარიყვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს პირველი პირისგან იმის მოსმენა, თუ რას აპირებს ქვეყანა, რა გეგმები აქვს, როგორც აპირებს ევროინტეგრაციისკენ სვლას და დისკუსიების მოწყობას, გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე რაღაც პოზაში ჩადგომა და არმოწვევა. ამით ვხსნი ჩვენი პრემიერის ამ მოწვევას", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



