რეზონანსი
(03.11.2026)

გახმაურებული საქმე დაღესტანში - ტაქსისტი ქალი მოკლული იპოვეს...

დაღესტანში, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 34 წლის დინარა ალხასოვა, მოკლული იპოვეს. ქალის ცხედარი სამძებრო სამუშაოების დროს, მთიან ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

დინარა ალხასოვა ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ის დასაქმებული იყო სპეციალურ სერვისში, რომელიც მხოლოდ ქალ მგზავრებს ემსახურება.

ახლობლების ინფორმაციით, 30 ოქტომბრის დილით, დინარამ მახაჩყალიდან მეზობელ ქალაქში მგზავრის გადაყვანის შეკვეთა მიიღო. მგზავრი მამაკაცი აღმოჩნდა, თუმცა, მას ჩვეულებრივზე მაღალი ანაზღაურება შესთავაზეს, რის გამოც ქალი შეკვეთას დათანხმდა.

დინარა ვერცხლისფერი Volkswagen Polo-თი გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. მოგვიანებით, ქალის მობილური ტელეფონი მახაჩყალიდან დაახლოებით 70 კილომეტრში, ქალაქ ყიზილიურტში აღმოაჩინეს. გაუჩინარდა მისი ავტომობილიც.

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქალი მთიან ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს.

დიის ცნობით, ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილები მისი ყოფილი ქმარი, 39 წლის აკიფ გასანოვი და მამაკაცი, სახელად ბაგა არიან. წინასწარი ინფორმაციით, მათ შესაძლოა ქალი მოკლეს, ცხედარი კი მთიან ტერიტორიაზე დამარხეს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალის ყოფილი მეუღლეც ტაქსის სფეროში მუშაობს და ავტომობილებს გასაქირავებლადაც გასცემს.

დინარასა და აკიფ გასანოვს ოთხი წლის ვაჟი დარჩათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე