რეზონანსი
(23.10.2026)

თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე 78 წლის დათო გოგია მის მეუღლესათან ხათუნა კოტრიკაძესთან გარიგების შესახებ საუბრობს. "ზმნასთან" ინტერვიუში იგი ამბობს, რომ მათ მოილაპარაკეს, რომ ხათუნა კინოს და გადასაღებ მოედანს უნდა გამომშვიდობებოდა, სანაცვლოდ კი, ქმრისგან არაფერი მოაკლდებოდა. უცნაურია, რომ ფილმებს, რომელზეც ერი შეყვარებულია და ტელევიზიით ხშირად გადიოდა, გოგიების ოჯახში არ უყურებდნენ. როგორც რესპონდენტი მიყვება, ხათუნას "მხიარული რომანი" და "მოიტაცეს თამარ ქალი" აღარც უნახავს.

"ბევრ გამოჩენილ კინოვარსკვლავს ოჯახის გულისთვის კარიერა მიუტოვებია. ჩვენთან როგორ იყო, იცით. ეს ის დრო იყო, როდესაც მე აქტიურად ვთამაშობდი ფეხბურთს და გასვლები მქონდა. ხათუნა რომ გადაღებებზე წასულიყო, შვილს ხომ უნდოდა მომვლელი? ჩვენ ასე მოვრიგდით, ხათუნა არ ითამაშებდა კინოში და სანაცვლოდ უნდა ჰქონოდა ყველაფერი, რასაც კი მოისურვებდა.  

დაქალებთანაც არ დაუჩივლია, კინოზე გული მწყდებაო. არ უყვარდა კაფეში, რესტორანში, თეატრში სიარული, ანუ ყურადღების ქვეშ მოქცევა. ეუხერხულებოდა. და როდესაც გამოელაპარაკებოდნენ, თქვენ ხათუნა კოტრიკაძე არ ხართო, არაო, მაშინვე პასუხობდა; მამსგავსებენო. დეზერტირების ბაზარში ერთი-ორჯერ წავიყვანე, მე მანქანაში ველოდებოდი. მოდურად რომ ეცვა და გარეგნობაც არა ქართული ჰქონდა, უკან ეკიდებოდნენ. მითხრა, დამსდევენ და არ მინდა ბაზარში სიარულიო. ასე რომ, ბაზარში სიარულიც მიატოვა და მე მომქონდა პროდუქტი.

ხალხში გასვლას ერიდებოდა, ყურადღება არ მოსწონდა. ინტერვიუებზე უარს ამბობდა. გადაცემები სთავაზობდნენ - ჩვენ ჩაგაცმევთ, გამოგაწყობთ, ოღონდ მოდით სტუმრადო. ეგონათ, რომ ჩასაცმელი არ ჰქონდა და თავს ამიტომ იკავებდა გადაცემაში სტუმრობისგან. გარდერობი სავსე ჰქონდა. ლამაზად იცვამდა. ვერ ცვეთდა სამოსს და ფეხსაცმელს, რადგან ბევრი ჰქონდა. ამბობდა, იმაზე საუბარს მომთხოვენ, რაზეც მე არ მინდა ლაპარაკი და ის, რაც მე მაინტერესებს, არ მკითხავენო.

- სიდედრმა ხომ მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ თქვენ არ გსიამოვნებდათ ხათუნას მიმართ არსებული დიდი ინტერესი. და რომ ამიტომ მოწყვიტეთ ის საზოგადოებას და ჩაკეტეთ...

- ხათუნა მაგ ინტერვიუს გამო დედამისს შვიდი თვე არ ელაპარაკებოდა და სახლში არ უშვებდა. უთხრა, გგონია მაგ ინტერვიუთი დათოს მიაყენე შეურაცხყოფა? მე გამომიყვანე იდიოტი, რომ თითქოს ასეთ რამეებს ვიტან დათოსგანო.

ჩემი სიდედრი კარგი მზარეული იყო, მიყვარდა მისი მომზადებული ალუბლის „ვარენიკები“ და სულ მიმზადებდა. რასაც დამავალებდა, ვუსრულებდი, მაგრამ საკმარისი იყო, რამე ვერ გამეკეთებინა, ან დამეგვიანებინა შესრულება, უკვე ბრაზობდა. აი, ზუსტად იმ დროს ჩაწერა ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუ, როცა ჩემზე იყო გაბრაზებული. და ჩემზე სისულელები ილაპარაკა.

- ანუ ამბობთ, რომ ხათუნას არანაირი აკრძალვა თქვენგან არ ჰქონია...

- არანაირი.

წყარო: zmna.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე