
ეს [პარტიების აკრძალვა] არის ქვეყნის დაბრუნების მცდელობა არა მხოლოდ უბრალოდ რუსულ ორბიტაზე, არამდე, ზუსტად იმ საბჭოთა წარსულში, სადაც ჩარჩა რუსეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა - მთელი ეს დამოკიდებულება არის საბჭოური ტიპის ერთმმართველობა, ერთპარტიულობა, ბელადომანია და ამ სისტემაზე ჩამოკიდება. “ქართლმა ოცნებამ” პარტიების აკრძალვით გადაწყვიტა, საერთოდ გააუქმოს არჩევნებიც , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარტიების აკრძალვის მცდელობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, ის, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, “ქართული ოცნების” მიერ წარმოებული პროცესია, რომელსაც საკონსტიტუციო გადატრიალება ჰქვია.
მისივე განმარტებით, “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ საკუთარი ოპოზიცია ჰყავდეს, რომელიც იერარქიულად მასზე იქნება დაქვემდებარებული.
“რაც ხდება, ამაზე შეჯერება საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის რთული არ არის. უფრო რთულია გამოსავლის პოვნა, მაგრამ მაინც სწორია, რომ კიდევ ერთხელ თვალი გავუსწოროთ რეალობას, რაშიც საქართველო აღმოჩნდა 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედის ბოლოს - საქართველოს “ქართული ოცნება” მიაქანებს ფართო ნაბიჯებით საერთაშორისო იზოლაციისკენ, თავისუფალი სამყაროსგან გარიყულობისკენ, ერთპარტიულობისკენ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მტრებად შერაცხვისკენ, ყველაფერ იმისკენ, რაც ჩემი თაობის ხალხს კარგად გვახსოვს იმიტომ, რომ მოვასწარით იმ პერიოდში ცხოვრება, როდესაც ჩართავდი საქართველოს ტელევიზიის „პირველ არხს“ და ისმენდი ერთი ერთში იმას, რასაც დღეს რამდენიმე სახელისუფლებო არხი გვეუბნება. ისინი გვეუბნებიან, რომ დასავლეთი, ევროპა, ამერიკა, თავისუფალი სამყარო არის საქართველოს მტერი, საქართველოსთვის იდენტობის წართმევა უნდა და ა.შ.. მოისმენ, რომ ერთი მმართველი პარტიის გარდა, ყველა დანარჩენი არის საბოტაჟის მომწყობი, სახელმწიფოს მტერი, არაკონსტიტუციური პარტია, გადატრიალების მსურველი და ა.შ.. ტელევიზორში, ასევე ვისმენთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებიც არ მიყვებიან სახელისუფლებო ინსტრუქციას, სახელმწიფოს მტრები არიან. ვისმენთ ისეთივე ხოტბა-დიდებას მმართველი პარტიის დღევანდელი საპატიო თავმჯდომარის, როგორც ვისმენდით მაშინდელი პოლიტბიუროს თავმჯდომარისას და ა.შ.
ჯამში, ეს არის ქვეყნის დაბრუნების მცდელობა არა მხოლოდ უბრალოდ რუსულ ორბიტაზე, არა, ზუსტად იმ წარსულში, სადაც ჩარჩა რუსეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება.
ხელისუფლება ახლა უკვე, სრულიად აშკარად, საკონსტიტუციო სასამართლოში მოგონილი ბრალდებებით ამბობს, რომ ჩვენ ავკრძალავთ ამ პარტიებსო, იქვე, იმ სარჩელში არის კიდევ რამდენიმე პარტიის ჩამონათვალი და მათაც ავკრძალავთ, თუ ოდნავ მოძლიერდებიან და საერთოდ, ჩვენ დავნიშნავთ ოპოზიციასო, ამათი აკრძალვის შემდეგ ჯანმრთელი და სწორი ოპოზიცია გაიხარებს ამ ქვეყანაშიო. ვინ ეკითხება მმართველ პარტიას, ვინაა ჯანმრთელი ან არაჯანმრთელი ოპოზიცია? ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და ხალხის გადასაწყვეტი. “ქართული ოცნების” გადმოსახედიდან ჯანსაღი არის ის ოპოზიცია, რომელიც არის მასზე იერარქიულად დაქვემდებარებული და მის მითითებებს ასრულებს.
მთელი ეს დამოკიდებულება არის საბჭოური ტიპის ერთმმართველობა, ერთპარტიულობა, ბელადომანია და ამ სისტემაზე ჩამოკიდება. “ქართლმა ოცნებამ” პარტიების აკრძალვით გადაწყვიტა, საერთოდ გააუქმოს არჩევნებიც. მათ სურთ, რომ შემდეგ არჩევნებზე მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ესეც გაცხადებული აქვთ”, - განაცხადა უსუფაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



