
საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ადვოკატის, ნონა ფილაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმერეთში დააკავეს და ახლა მისი ეტაპირება ხორციელდება.
როგორც ფილაური აცხადებს, ჩუბინიძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. რაც შეეხება საქმის დეტალებს, როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს, ის დაკავებულ ჟურნალისტს დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს მოინახულებს, რის შემდეგაც, მისთვის მეტი რამ იქნება ცნობილი.
„ამ საქმეს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. რაიონში დააკავეს, ახლა თბილისში მოჰყავთ. ჩემთვის ერთადერთი რამაა ცნობილი, რომ ლაზარე ჯორბენაძის თემასთან დაკავშირებით დააკავეს, ამ საქმეზე გამოძიება ხომ მიდიოდა. სავარაუდოდ, მის მიმართ ბრალდების მხრიდან სამშობლოს ღალატის მუხლით არის პრეტენზია, დოკუმენტაცია ჯერ მე არ მინახავს. დიტოს აუცილებლად შევხვდები და გავარკვევ, რა ხდება მის თავს.
ვიცი, რომ იმერეთში დააკავეს და მოჰყავთ, გზაშია, თბილისში, დროებითი მოთავსების იზოლატორში უნდა შეასახლონ. გამომძიებელი დამირეკავს და მეტყვის, რომელ იზოლატორში იქნება და შემდეგ შევხვდები.
ბრალთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ ვიცი. ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ“, - განაცხადა ფილაურმა.
ცნობისთვის, დღეს, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



