რეზონანსი
(08.10.2026)

აშშ-ისა და რუსეთის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა, განიხილეს გერმანიაში რუსული გაზის მიმწოდებელ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებში ამერიკელი ინვესტორის შესაძლო ჩართვა. ინფორმაციას Reuters-ი საკითხზე ინფორმირებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, მოლაპარაკებებში მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევიც. კუშნერი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობს, მიიჩნევს, რომ ბიზნესურთიერთობების აღდგენა სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაძლო შეთანხმება ამერიკელ ინვესტორებს ომის დასრულების შემდეგ ევროპაში ენერგორესურსების მიწოდებიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემდა.

Reuters-ის ცნობით, დმიტრიევი და კუშნერი ბოლო კვირებში მოსკოვსა და ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს. წყაროებისთვის უცნობია, განიხილეს თუ არა ამ შეხვედრებზე კონკრეტულად „ჩრდილოეთის ნაკადის“ საკითხი, თუმცა ორი წყაროს ინფორმაციით, პროექტი კვლავ რჩება განხილვის დღის წესრიგში.

„ნებისმიერი შეთანხმება რუსეთმა უნდა აწარმოოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასთან (DFC) და ფინანსთა დეპარტამენტთან და ის სარგებლის მომტანი უნდა იყოს ამერიკელი გადამხდელებისა და კომპანიებისთვის“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა მილსადენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

ამავე დროს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ „ბოლო პერიოდში „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მოლაპარაკებები არ ყოფილა“.

დმიტრიევი, რომელიც რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდების აღდგენის იდეას აქტიურად უჭერს მხარს, გასულ თვეში აშშ-ის ენერგეტიკისა და ფინანსთა დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აშშ-სა და რუსეთს შორის ენერგეტიკის სფეროში შესაძლო ინიციატივები განიხილეს, იუწყება სააგენტო.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დაინტერესებულია ვაშინგტონი გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდების აღდგენით. გერმანია ევროპის უმსხვილესი ენერგომომხმარებელია.

აშშ-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ არსებული დაბრკოლებების გათვალისწინებით, მსგავსი შეთანხმების მიღწევა საშუალოვადიან პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა. „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე აშშ-სა და ევროკავშირის სანქციები მოქმედებს, რის გამოც მათი ამოქმედება ამ ეტაპზე უკანონო იქნება.

როგორც Reuters-ი წერს, დონალდ ტრამპს შეუძლია აშშ-ის სანქციების მოხსნა ან შემსუბუქება, თუმცა თუ მომდევნო თვეში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება გაცილებით რთული გახდება.

გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები, რომლებიც რუსეთისგან თავდაცვის მიზნით სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში მილიარდობით ევროს ხარჯავენ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ ამოქმედებას, სავარაუდოდ, მკაცრად შეეწინააღმდეგებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე