თამთა ჩაჩანიძე
(25.09.2026)

პრემიერ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე გამოსვლას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, პრემიერის სიტყვით გამოსვლაში არაერთი მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური საკითხი, მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, სათანადოდ არ ყოფილა წარმოჩენილი, ხოლო ოკუპაციის პრობლემაზე საუბარი კონკრეტული პოლიტიკური გზავნილების გარეშე დარჩა.

კობახიძემ აფხაზ და ოს მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ საუკუნეების საერთო ისტორია და საერთო სამშობლო დღევანდელმა გამყოფმა ხაზებმა ვერ უნდა წაშალოს. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებით მიღებული სიკეთეები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც უნდა მიიღონ, რადგან ისინი ქვეყნის საერთო მომავლის განუყოფელ ნაწილად რჩებიან.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სიამაყით მოისმინეს პრემიერის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან.

„სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანასთან, ქვეყნის მომავალთან, რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებთან - მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ",- ასე შეაფასა „ოცნების" გენმდივანმა, კახა კალაძემ კობახიძის გამოსვლა 81-ე გენერალურ ასამბლეაზე.

ოპოზიციის შეფასებით კი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ირაკლი კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ რიტორიკაში ევროინტეგრაციისა და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის, მაშინ როდესაც აქცენტი სულ უფრო მეტად კეთდება საქართველოს ეკონომიკურ და სატრანზიტო ფუნქციაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერის გამოსვლაში მთავარი ყურადღება დაეთმო მშვიდობას, სუვერენიტეტს, რეგიონულ თანამშრომლობას, შუა დერეფანს, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ეკონომიკურ ზრდას, თუმცა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხი მის სიტყვაში პრაქტიკულად არ ყოფილა გამოკვეთილი.

  • თეონა აქუბარდია: „ევროპული ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობები და ოკუპაციის დასრულების საერთაშორისო დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის, ხოლო ქვეყნის როლი სულ უფრო მეტად განიხილება როგორც სატრანზიტო და ეკონომიკური ფუნქცია პარტნიორების გარეშე"

ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საგნად იქცა ისიც, რომ კობახიძემ საქართველოს როლი ძირითადად სატრანზიტო და ეკონომიკური შესაძლებლობების ჭრილში წარმოაჩინა და ნაკლებად ისაუბრა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის კონკრეტულ პოლიტიკურ პერსპექტივებზე.

„ირაკლი კობახიძის გაეროს 81-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროპული ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობები და ოკუპაციის დასრულების საერთაშორისო დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის, ხოლო ქვეყნის როლი სულ უფრო მეტად განიხილება როგორც სატრანზიტო და ეკონომიკური ფუნქცია პარტნიორების გარეშე", - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია.

კობახიძის მთავარი აქცენტები გაეროში

ირაკლი კობახიძემ გამოსვლა მსოფლიოში არსებული რთული ვითარების შეფასებით დაიწყო და აღნიშნა, რომ საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. მისი თქმით, ამ პირობებში მთავარი პრიორიტეტი მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

„ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია; ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც მშვიდობის, სტაბილურობის და სუვერენიტეტის მნიშვნელობა ისე ღრმად შეიძლება ესმოდეთ, როგორც საქართველოს", - აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ისტორიულ გამოცდილებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მისი თქმით, „საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ".

  • კობახიძე : „საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ".

კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ასობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია. ამ კონტექსტში მან მიმართა აფხაზ და ოს მოსახლეობას და ხაზი საერთო ისტორიისა და მომავლის მნიშვნელობას გაუსვა.

„დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს. გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს. ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც - ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება კიდეც",- განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი რეგიონული სტაბილურობისგან განცალკევებით ვერ განიხილება. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განსაზღვრავდეს.

განაცხადა, რომ „დღეს ჩვენ რეალურ შესაძლებლობას ვხედავთ, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა."

გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეკონომიკურ და სატრანზიტო პოტენციალს დაეთმო. კობახიძის თქმით, საქართველო სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია და რომ ქვეყანა ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა და პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს",- აღნიშნა მან.

პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო 2032 წლამდე მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, მათ შორის რკინიგზის მოდერნიზებაში, ანაკლიის პორტის განვითარებაში, ახალი აეროპორტისა და ავტომაგისტრალების მშენებლობაში.

კობახიძემ ყურადღება საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც გაამახვილა. მისი თქმით, ბოლო ხუთ წელიწადში ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა 9.3% იყო, ხოლო 2026 წლის პირველ შვიდ თვეში ზრდამ 7.9% შეადგინა. მან ასევე აღნიშნა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წლის 21.3%-დან 7.1%-მდე შემცირდა.

პრემიერის თქმით, მომდევნო ხუთი წლის პრიორიტეტი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სარგებლის უფრო ფართოდ გადანაწილება. გრძელვადიან მიზნად კი საქართველო მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდაქმნა დაასახელა.

დასასრულს კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ "საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე". მან ასევე მხარი დაუჭირა გაეროს UN80-ის რეფორმის ინიციატივას და ორგანიზაციის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის აუცილებლობას.

გამოსვლის დასასრულს კობახიძემ მთავარი გზავნილი მომავალ თაობებს დაუკავშირა: „მოდით, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ისეთი სამყარო დავუტოვოთ მათ, რომელიც უფრო მშვიდობიანი, დაცული და ერთიანი იქნება, ვიდრე დღეს არის."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე