ნატალია ჯვარიძე
(21.09.2026)

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, ევროკავშირს სურს მეტი გააკეთოს და მაქსიმალურად ითანამშრომლოს კანადასთან. კოშტამ „პოლიტიკოს" განუცხადა, რომ ევროკავშირს ოტავასთან რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობის დამყარება სურს.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობს „ასოცირებული წევრობა", კოშტამ უპასუხა: „ეს კონცეფცია, არსებითად, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს კანადასთან დაკავშირებით უფრო მეტი გავაკეთოთ და მაქსიმალურად ერთობლივად ვიმოქმედოთ".

ამასთან, მისი თქმით, „არსებობს ერთი მცირე პრობლემა: გეოგრაფიულად ის [კანადა] არ არის ევროპული ქვეყანა და, შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა არ შეუძლია".

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განმარტა, რომ ევროკავშირს კანადასთან ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებია. "ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე - ხელოვნურ ინტელექტსა და კვანტურ ტექნოლოგიებში ინვესტირებისა და ახალი ტექნოლოგიური გამოწვევების მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია მათთან ერთად ვიმუშაოთ დემოკრატიის განმტკიცებაზე, რადგან თანამოაზრე და სანდო პარტნიორები ვართ", - აღნიშნა კოშტამ.

მისი თქმით, 29-30 ოქტომბერს მონრეალში დაგეგმილი ევროკავშირი-კანადის სამიტი გადამწყვეტი მომენტი იქნება ოტავასთან სამომავლო ურთიერთობის განსაზღვრისთვის.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ინიციატივით, კანადა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდეს. POLITICO წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ამ განცხადებით გააოცა ბევრი ევროპული ქვეყნის მთავრობა და ისინი დღემდე ცდილობენ გაარკვიონ, თუ რას გულისხმობს ეს სტატუსი.

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ევროპასთან კავშირების გაძლიერებისკენ ისწრაფვის, რათა ქვეყნის აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო დავის ფონზე.

გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადას ახალი საბაჟო ტარიფები დაუწესა და არაერთხელ დაიმუქრა, რომ მას „51-ე შტატად" აქცევს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირისა და კანადის სურვილი ურთიერთობის ასეთ მაღალ დონეზე აყვანის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, დონალდ ტრამპის პოლიტიკითა და გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებით არის განპირობებული. კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის სურს შეამციროს ქვეყნის ისტორიული ეკონომიკური დამოკიდებულება ვაშინგტონზე მას შემდეგ, რაც აშშ-მა კანადას ახალი ტარიფები დაუწესა და „51-ე შტატად" ქცევით დაემუქრა.

თავის მხრივ, ევროკავშირიც ეძებს სანდო პარტნიორებს აშშ-ის პროტექციონისტული პოლიტიკის ფონზე და განსაკუთრებით ინტერესდება კანადური კრიტიკული ნედლეულით, რაც მას მწვანე და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის, ასევე ჩინეთსა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისთვის სჭირდება.

რაც შეეხება თავად განცხადების შინაარსს, ექსპერტები თვლიან, რომ „ასოცირებული წევრობა" არის სრულიად ახალი პოლიტიკურ-სამართლებრივი ფორმატი. ვინაიდან ევროკავშირის ხელშეკრულებით სრულფასოვანი გაწევრიანება მხოლოდ ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ, ეს სტატუსი არის გზა გეოგრაფიული შეზღუდვის გვერდის ავლით. ეს არ იქნება უბრალოდ სავაჭრო შეთანხმება, არამედ კანადის მაქსიმალური ინტეგრაცია ევროკავშირის უსაფრთხოების, თავდაცვის, ხელოვნური ინტელექტისა და სამეცნიერო პროგრამებში.

ამავდროულად, ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური სიგნალი ვაშინგტონისადმი, რომლითაც ბრიუსელი და ოტავა აცხადებენ, რომ გლობალური გაურკვევლობის ეპოქაში დემოკრატიული, თანამოაზრე ქვეყნები ერთიანდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე