თამთა ჩაჩანიძე
(21.09.2026)

„ქართული ოცნების" განახლებული სარჩელი, რომელშიც უკვე „გახარია საქართველოსთვისაც" არის მითითებული, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში შედის, მმართველ გუნდში კი იმედი აქვთ, რომ საქმის განხილვას დამატებითი დრო არ დასჭირდება და გადაწყვეტილება იანვრისთვის იქნება მიღებული.

„ქართული ოცნება" „გახარია საქართველოსთვის" „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" ოჯახის პარტნიორად მიიჩნევს და სწორედ ამ არგუმენტს ასახელებს საკონსტიტუციო სარჩელში პარტიის დამატების მთავარ საფუძვლად. ამასთან, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ გახარიას პარტიის დეპუტატებისთვის სადეპუტატო მანდატების გაუქმებას არ ითხოვს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსგან საქმის დამატებითი გაჭიანურების გარეშე განხილვას ელოდება, თუმცა, თავადაც აღნიშნავს და კონსტიტუციონალებიც აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ვადებთან დაკავშირებით თავად სასამართლო მიიღებს, სასამართლო კი არაა ვალდებული თხოვნა გაითვალისწინოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის" დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში "დღეს ჩაბარდება".

პარტიების აკრძლავის თაობაზე პირველი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის 31 ოქტომბერს შეიტანა და 3 პარტიის აკრძალვა მოითხოვა - ენმ, „ახალი" და „ლელო". სასამართლოს სარჩელის განხილვისთვის 9 თვე ჰქონდა და შესაბამისად, გადაწყვეტილება ამა წლის ივლისის ბოლომდე უნდა გამოცხადებულიყო.

2026 წლის 20 აპრილს მმართველმა პარტიამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და მეორე დღეს სასამართლოში ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას „ფედერალისტები" დაემატა. განხილვის ვადამაც 2027 წლის იანვრამდე გადაიწია. ამჯერად კი „ოცნებას" ისევ გამოაქვს სარჩელი და მასში პარტიას „გახარია საქართველოსთვის" ამატებს, განხილვის ვადა უკვე 2027 წლის ივლისამდე გადაიწევს.

რატომ იანვარში და გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო „ოცნების" თხოვნას

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ცხრათვიანი ვადის ათვლა დაიწყება სარჩელის შეტანიდან, საკონსტიტუციო სასამართლო კი არაა ვალდებული ვადის დაჩქარების თხოვნა გაითვალისწინოს.

„ცხრათვიანი ვადის ათვლა დაიწყება მას შემდეგ, როდესაც სარჩელი დარეგისტრირდება. ამის არანაირი ვალდებულება არა აქვს სასამართლოს, (რომ „ქართული ოცნების" ვადის დაჩქარების თხოვნა გაითვალისწინოს) ეს მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია.

„წინა ორ შემთხვევაში სასამართლომ არ იჩქარა, სავარაუდოდ, ახლაც ასე იქნება. თუმცა, დარწმუნებით არაფრის თქმა არ შემიძლია",- განაცხადა ხმალაძემ.

  • ვახტანგ ხმალაძე: „9-თვიანი ვადის ათვლა დაიწყება მას შემდეგ, რაც სარჩელი დარეგისტრირდება. ვალდებულება არ აქვს სასამართლოს, („ოცნების" ვადის დაჩქარების თხოვნა გაითვალისწინოს) ეს მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია"

მისი თქმით, სარჩელის განახლებები იმას უფრო ჰგავს, რომ „ქართული ოცნება" პარტიების აკრძალვას არ ჩქარობს.

„ეს უფრო იმას ჰგავს, რომ „ქართული ოცნება" არ ჩქარობს ამის გაკეთებას და ეს სასამართლოს მექანიზმის ჩართვა პარტიების აკრძალვისთვის მას უკავია ხელში, როგორც დამოკლეს მახვილი, რომ როცა გადავწყვეტ რეალურ აკრძალვას, აი მაშინ ამოქმედდება სასამართლო. მოკლედ, თუ ჭკვიანად არ იქნებით, გაგაუქმებთო.

მე ასე მგონია და „ქართული ოცნება" ასე, ალბათ, იმიტომ იქცევა, რომ არჩევნები ჯერ არაა და ჯერ კიდევ მათი აზრით გაურკვეველია საგარეო მოვლენები როგორ განვითარდება, მათ შორის ომი უკრაინაში, ირანის საკითხი და ა.შ. ერთი მხრივ ხელში დამოკლეს მახვილი უკავია და მეორე მხრივ არ ჩქარობს, რომ ამ პროცესის დაწყებას მათთვის არასასურველი შედეგი არ მოჰყვეს",- განაცხადა ხმალაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" ვადებზე იმიტომ აკეთებს აქცენტს, რომ „9 თვეში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში" და სურს დაწყებული საქმე მოლომდე მიიყვანოს.

„მე მგონი, დროის ფაქტორი უბრალოდ იმიტომ, რომ ცხრა თვიანი ვადა საკმაოდ დიდი დროა. ცხრა თვეში ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს ქვეყანაში და როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას" უნდა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს რაც შეიძლება მალე, რომ დარჩეს საკმარისი დრო იმისათვის, რომ უკვე განახლებულ, მოწმენდილ პოლიტიკურ ველზე, შესაბამისად გადაალაგოს სიტუაცია ისე, როგორც მის ინტერესებს შეესაბამება და როგორც ის თვლის - შეესაბამება ქვეყნის ინტერესებსაც.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „შეიძლება ცხრათვიანი ვადაც არ დაჭირდეს, თუ სასამართლო მოისურვებს და ამ საქმეებს გაერთიანებს და ერთ პაკეტში განიხილავს, ან ცალ-ცალკე, შეიძლება მოასწროს კიდევაც"

„სასამართლომ შეიძლება საერთოდ არაფერი არ უთხრას და მან ჩვეული რეჟიმით გააგრძელოს მუშაობა. ახლა სასამართლოს მხრიდან იმის თქმა, რომ ჩვენ ჩვენი გრაფიკი გვაქვს და ჩვენი წესები, მე მგონი არ იქნებოდა მთლად კორექტული.

ახლა სასამართლოს არ აქვს ის სურვილი, რომ ასე ღიად დაეჯახოს ხელისუფლებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი უბრალოდ ამ თხოვნას გაატარებენ და მათთვის დადგენილი წესებით იმოქმედებენ.

„შეიძლება ცხრათვიანი ვადაც არ დაჭირდეს, თუ სასამართლო მოისურვებს და ამ საქმეებს გაერთიანებს და ერთ პაკეტში განიხილავს, ან ცალ-ცალკე, შეიძლება მოასწროს კიდევაც.

ის სარჩელები, რაც ადრე შევიდა, მათი განხილვა და მოკვლევა ხომ მიმდინარეობდა და შესაბამისად, დიდი ალბათობით, უკვე რაღაც წინასწარ გადაწყვეტილებამდეც იქნებიან მისულები.

ახლა გახარიას პარტიის დამატების მერე, სარჩელის განხილვას რატომ უნდა ჭირდებოდეს მაინცდამაინც ცხრა თვე? ცხრა თვე უბრალოდ მაქსიმალური ვადაა, თორემ შეიძლება ყველაფერი ერთ თვეშიც მოთავდეს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

რას ამბობენ მმართველ პარტიაში

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ გახარიას პარტია არის „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" ოჯახის პარტნიორი. აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" გახარიას პარტიის დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებას არ ითხოვს.

„ჩვენი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ გახარიას პარტია არის „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" ოჯახის პარტნიორი, ყველაფერი დანარჩენი არის მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგია. საზოგადოებამაც ნახა, რომ წლიდან წლამდე იცვლებოდა სახელები, ნომრები და ა.შ., მაგრამ ერთიანი მთავარი მიზანი არ იცვლებოდა - ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერ ფასად.

ამ პარტიას პარლამენტში შემოსვლამდეც და შემოსვლის მერეც არ შეუცვლია თავისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, არჩევნების მიმართ და ზოგადად, კონსტიტუციური წეს-წყობილების მიმართ. ეს არის ამოსავალი წერტილი.

„ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრის პერიოდისთვის მიიღოს იმის გამო, რომ სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, უბრალოდ, ერთი კონკრეტული პარტია ემატება. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ დასჭირდება დამატებით კიდევ დრო ამ საკითხის განსახილველად, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი სურვილია. საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, კონკრეტულად, რას, როდის და რანაირად იზამს," - განაცხადა მახაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე