რეზონანსი
(21.09.2026)

ევროკავშირმა სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის კაია კალასის თქმით, 18-20 სექტემბერს გამართულმა კენჭისყრამ „ხაზი გაუსვა რუსეთში დემოკრატიის გაღრმავებულ ეროზიას სულ უფრო ავტორიტარული პოლიტიკური ატმოსფეროს პირობებში“.

„გადაწყვეტილებამ, ფედერალური სიით არ დაეშვათ პარტია „იაბლოკოს“ კანდიდატები, კიდევ უფრო შეზღუდა რუსი ამომრჩევლის არჩევანი, რადგან საარჩევნო პროცესს ჩამოაცილა ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი ოპოზიციური ძალა და ერთადერთი პარტია ომის საწინააღმდეგო პროგრამით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კალასმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან „ადმინისტრაციული და სასამართლო რესურსების მასშტაბურ ბოროტად გამოყენებაზე“, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, ეუთოს დამკვირვებლების არდაშვებასა და იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს „წაართვეს საკუთარი ქვეყნის მომავლის რეალური არჩევანის შესაძლებლობა“.

ევროკავშირის წარმომადგენელი მხარდაჭერას დაჰპირდა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, უფლებადამცველებსა და დამოუკიდებელ მედიას. მისი თქმით, ბრიუსელი გეგმავს ახალ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყო კენჭისყრის ორგანიზებაში ან კანდიდატად იყრიდა კენჭს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე მათ მიმართ, ვინც „რუსეთში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის ძირის გამოთხრაზე არის პასუხისმგებელი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე