თამთა ჩაჩანიძე
(21.09.2026)

ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობაზე ხელისუფლების მხრიდან მორიგი კრიტიკული გზავნილი ვრცელდება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის ფასეულობას დაკარგავს, თუ ეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე უნდა მოხდეს.

პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის დათმობასთან დაკავშირებულ კამპანიას ემსახურება.

პაპუაშვილი „ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას, ენმ-ს ლიდერის გიორგი ბარამიძისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ერთიანი კამპანიის ნაწილად განიხილავს.

მისი შეფასებით, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის აფხაზეთისა და ყარაბაღის შედარება, არ ყოფილა შემთხვევითი და ოპოზიციის წარმომადგენლები იმ გზავნილს იმეორებენ, რომლის მიზანიც, პაპუაშვილის თქმით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ევროკავშირში გაწევრიანების იდეის დამკვიდრებაა.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამგვარ მიდგომას საზოგადოებაში მხარდაჭერა ვერ ექნება და ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხისშემცველია.

ევროკავშირში ოკუპირებული ტერიტორიებით

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს რომ ევროკავშირში გაწევრიანება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემის მოგვარებას ხელს კი არ შეუშლის, არამედ კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის დამატებით შესაძლებლობას შექმნის.

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ტერიტორიულ პრობლემებს ევროკავშირში არწასვლის მიზეზად იყენებს და ამით, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ევროპულ გზასაც და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივასაც თმობს.

„ეს არის ფარისევლური განცხადება, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ევროკავშირი არ უნდა - ეს პირველივე დღეს ვთქვი, როცა ევროკავშირმა კანიდიდატის სტატუსი მოგვცა და ფოიერვერკები იყო, ტელევიზიით გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ევროკავშირში არ წავიდეთ, და მართლაც ასე მოხდა.

  • პაატა ზაქარეიშვილი: "ამ კონფლიქტების მოგვარების ყველაზე ეფექტური ფორმა არის ევროკავშირში შესვლა, რათა აფხაზები და ოსები დაინტერესდნენ განსხვავებული პროექტით, ვიდრე რუსეთთან ყოფნაა"

"ისინი მიზეზებს ეძებენ, თორემ ჩვენი კონფლიქტების მოგვარების ყველაზე ეფექტური და გარანტირებული ფორმა არის ევროკავშირში შესვლა და ევროკავშირის გზაზე დგომაც კი, რათა აფხაზები და ოსები დაინტერესდნენ განსხვავებული პროექტით, ვიდრე რუსეთთან ერთად მათი ყოფნაა.

„ევროკავშირის წევრობაც კი არ არის ახლა აუცილებელი, საჭიროა საქართველო დაუბრუნდეს იმ პირობების შესრულებას, რაზედაც უარი თქვა 2024 წლის ნოემბერში, განაახლოს მოლაპარაკებები და დაიწყოს პროცესი, როგორც ამას მოლდოვა აკეთებს.

„უკრაინასა და მოლდოვას აქვთ ტერიტორიული პრობლემები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროკავშირში მიდიან, რადგან ევროკავშირიდან ამ კონფლიქტების მოგვარება უფრო იოლი იქნება.

„არც ჩვენ, არც უკრაინას და არც მოლდოვას - არ უყენებს პირობას, რომ ჯერ ტერიტორიული კონფლიქტები მოაგვარეთ და მერე შემოდითო. მოლდოვას პირდაპირ ჩაუწერეს მოლაპარაკების პროცესში, რომ ევროკავშირი აღიარებს მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს მას, შემუშავდეს შესაბამისი კონცეფცია დნესტრისპირეთის ჩართულობისა კონფლიქტის მოგვარებაში.

„ანუ პირდაპირ უწერიათ, რომ „ჩვენ გიღებთ თქვენ ისეთებს, როგორიც ხართ და თანახმა ვართ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით". მეტიც, კოსმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოსა და მოლდოვის ოკუპაცია ევროკავშირის ოკუპაციაც არის.

„თუ აქამდე ამბობდნენ, რომ ეს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაა, ახლა თქვეს, რომ ეს ევროკავშირის სუვერენიტეტის დარღვევაც არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ თავიანთ დღის წესრიგში ჩართეს ჩვენი მოუგვარებელი კონფლიქტები, რაც ადრე არ იყო. ამ ფონზე პაპუაშვილის განცხადება არის ძალიან ანტისახელმწიფოებრივი",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიშე "რეზონანსთან" საუბრისას ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე აკრიტიკებს. მისი შეფასებით, მსგავსი განცხადებები საქართველოს ინტერესებს აზიანებს და კრემლის პოლიტიკისთვის სასარგებლო გზავნილებს აძლიერებს.

„სამარცხვინო, ამაზრზენი და ანტიქართული კამპანია გრძელდება სხვადასხვა საჯარო სივრცეში იქნება ეს გვარამიასგან, ბარამიძესგან თუ მათ ფეხის ხმას აყოლილი მავნებლებისგან.

  • გია აბაშიძე: „სამარცხვინო, ამაზრზენი და ანტიქართული კამპანია გრძელდება სხვადასხვა საჯარო სივრცეში იქნება ეს გვარამიასგან, ბარამიძესგან თუ მათ ფეხის ხმას აყოლილი მავნებლებისგან"

„თუმცა, საერთო სურათი იმისა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია უნდა განხორციელდეს დროებით დაკარგული ტერიტორიების გარეშე, ადრეც იყო. გვახსოვს, რომ ცალკეული დასავლელი ანალიტიკოსები ტირაჟირებდნენ იდეას, თითქოს ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანება უპრიანი იქნებოდა, თუ საქართველო „დროებით" დაივიწყებდა მის ისტორიულ, ძირძველ ტერიტორიებს.

„აპელირებდნენ, რომ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაწევრიანდებოდა ალიანსში და მას რუსეთთან დაპირისპირება მოუწევდა.

„შემდგომში ეს კიდევ უფრო დაიხვეწა ე.წ. მოგუდული გზავნილებით, რომლებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ახლა ეს უფრო აშკარა, მკაფიო, ხისტი და მავნებლური გახდა. გვარამიას, ამ ფსიქოლოგიურად ტრავმირებული პოლიტიკანის განცხადება არაერთია, მათ შორის იმაზე, რომ თურმე რაღაც ტრავმა ყოფილა, ფაშინიანმა ეს გადაწყვეტა ყარაბაღის სახით და საქართველომაც იგივე უნდა გაიმეოროს.

„წარმოიდგინეთ, როგორი ამაზრზენია, როდესაც აფხაზეთში დაბადებული გვარამია, არა აქვს მნიშვნელობა, კახეთში ყოფილიყო დაბადებულ-აღზრდილი თუ რაჭა-ლეჩხუმში, ქართველი კაცი ამბობს, რომ თურმე ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი ეჯავრებათ, რაღაც ტრავმა არის ეს და ასე შემდეგ. ანუ საკუთარი ფსიქოლოგიური ტრავმების განზოგადებას ახდენს სახელმწიფოებრივ საკითხებზე.

„ეს უბრალოდ მავნებლობა კი არ არის, ეს არის, ერთი მხრივ, მისი შიდა პიროვნული, სიღრმისეული კონფლიქტი, ხოლო მეორე მხრივ - მცდელობა, რაც შეიძლება მეტად დააზიანოს საქართველოს ინტერესები და პირდაპირ თუ ირიბად გაახაროს კრემლის ოკუპანტური პოლიტიკის შექმნელები და გამზიარებლები",- განაცხადა აბაშიძემ.

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ალბათ, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ არ იყო წამოცდენები, რაც გიორგი ბარამიძეს, მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას ჰქონდათ. მისი თქმით, გვარამია იმეორებს იმას, რაც მანამდე თქვა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს არის კამპანიის ნაწილი და ნიკა გვარამიამ აღწერა კიდევაც, რა არის ამ კამპანიის მიზანი.

„მან სრულიად უადგილოდ გააკეთა შედარება აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის, თქვა, რომ როგორც სომხეთმა მოახერხა და ყარაბაღის ტრავმა დაივიწყა და ჩამოიცილა, ასეთივე ტრავმა არის აფხაზეთი. სომხეთმა ჩამოიცილა ყარაბაღი და ამით ბრიუსელთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის შესაძლებლობა მიეცა, მიანიშნა, რომ ჩვენც ასე უნდა დავივიწყოთ ტრავმები, ჩამოვიცილოთ იმისთვის, რომ ბრიუსელთან ურთიერთობები იყოს უფრო მჭიდრო. ეს არის კამპანიის ნაწილი - საქართველო ევროკავშირში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე.

„ეს არის კამპანია, რომელზეც ჩანს, რომ პირდაპირ უცხოეთიდან არის ორკესტრირებული. იმას, რასაც ეუბნებიან უკრაინას, რომ მას მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა იმისათვის, რომ მისი განვითარება უფრო სწრაფი იყოს და ევროპული პერსპექტივა უფრო რეალური, ის, რაზეც მიანიშნებდა გვარამია ყარაბაღთან დაკავშირებით, რომ მისი სომხეთის სწრაფ სვლას ხელი შეუწყო, მისი შეფასებით, ყარაბაღის როგორც ტრავმის დავიწყებამ და ჩამოცილებამ, ის, რაზეც მიანიშნებენ მოლდოვას დნესტრისპირეთთან დაკავშირებით ამუშავდა პირდაპირ პროპაგანდა - საქართველო ევროკავშირში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა პროპაგანდის გასაგონად, ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის დამკვეთის გასაგონად ქვეყნის გარეთ - არანაირ ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის, არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

„ყველამ უნდა დაიმახსოვროს და ამ მოსინჯვებს შეეშვას. ის, რომ გვარამია იმეორებს ამ კამპანიის გზავნილს, რაც საბოლოოდ გულისხმობს, საქართველოსგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გადაცემას რუსეთისთვის, ამ კამპანიას არანაირი შანსი არ აქვს ქართველ ხალხში რაიმე ნაირად ფეხი მოიჭიროს. ყველას ვეტყვი, ვინც უკვეთავს ამ კამპანიას, რომ შეეშვან ამგვარ მცდელობას"- აცხადებს პაპუაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე