
იაპონია ძლიერი ტაიფუნის გამო, რომელიც ტოკიოს უახლოვდება, რეკორდული რაოდენობის ნალექს ელოდება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტაიფუნის გამო ხუთ პრეფექტურაში 1.6 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. კერძოდ, იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ევაკუაციის განკარგულება ეხება 1 674 084 ადამიანს იბარაკის, ჩიბას, ტოკიოს, კანაგავასა და შიზუოკის პრეფექტურებში. ამასთან, ევაკუაცია სავალდებულო არ არის.
გაუქმდა 300-მდე ავიარეისი, მათგან Japan Airlines-მა 135 ავიარეისი გააუქმა, All Nippon Airways-მა კი - 140. ამასთან, შეჩერდა მატარებლების მოძრაობა ზოგიერთ მიმართულებაზე.
ქარიშხალმა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია, მათ შორის, კანტოს რეგიონში, სადაც დაახლოებით 4 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მაშველები შიშობენ, რომ კანაგავას პრეფექტურაში ნანგრევებში ერთი ადამიანი მოჰყვა მას შემდეგ, რაც მეწყერმა მისი სახლი გაანადგურა.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ქალაქ ოშიმასა და იზუს კუნძულების ნაწილში, რომლებიც ტოკიოს სამხრეთით მდებარეობს, მეხუთე - უმაღლესი - დონის საგანგებო გაფრთხილება გასცა წყალდიდობისა და მეწყერების საფრთხის გამო. სააგენტოს მონაცემებით, იზუს კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე ჩიბას, კანაგავასა და შიზუოკას პრეფექტურებში მეოთხე დონის გაფრთხილება მოქმედებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



