
ნავთობპროდუქტების გლობალურ ბაზრებზე არასტაბილურობაა. გაძვირების დინამიკა ბოლო პერიოდის განმავლობაში არ შეცვლილა, რაც გარკვეულწილად სპეკულაციას უკავშირდება. შესაბამისად, პერსპექტივა ბუნდოვანია. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მიწოდების დეფიციტის ხელოვნურად შექმნა ბაზარს მოწყვლადს ხდის და გაძვირების რისკებს მუდმივად ამძაფრებს.
მიმდინარე ეტაპზე გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე მთავარ გამოწვევად რჩება მაღალი არასტაბილურობა და პერიოდული გაძვირების ტენდენციები, რაც ბიზნესსა და მომხმარებლებზე პირდაპირ აისახება. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა ისაუბრა
,,ბოლო რამდენიმე თვეა, ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოცემულობა შეიცვალა, რაც ახალი ტრენდია ეკონომიკისთვის. ფასს უკვე ადგენენ არა მხოლოდ ,,ოპეკის“ ქვეყნები, არამედ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები, რამაც საბოლოოდ აუქციონის სახე მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე სპეკულაციაა და საწვავი ავტომატურად ძვირდება. ფაქტობრივად უკონტროლო სიტუაციაა, რაც განსაკუთრებით იმპორტიორ ქვეყნებს აზარალებს, მათ შორის საქართველოსაც. ჩვენ ვიღებთ გაძვირებულ საწვავს და ეს ყველაფერი მომხმარებლებზე ნეგატიურად აისახება.
მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას, რომ საჭიროა წესრიგი და ფასის ასე უსაფუძვლოდ აწევა და დაწევა არ უნდა ხდებოდეს. ვხედავთ, რომ ნავთობპროდუქტების მსხვილი მწარმოებლები მთელ მსოფლიოში ურევენ სიტუაციას და ყველა ქვეყნის ეკონომიკას აზარალებენ, ცხადია, საქართველოც ამ წნეხის ქვეშაა, რადგან სხვა ქვეყანაზეა დამოკიდებული ვართ.
ძალიან უარყოფითად ვაფასებ ვითარებას. მარტო ნავთობი ხომ არ არის, თუ ასე გაგრძელდება, ევროპას შეზღუდული რაოდენობით დარჩება თხევადი აირი, ეს ცუდია გლობალური ტენდენციისთვის", - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
ადგილობრივ ბაზართან დაკავშირებით კავშირის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დეფიციტი არ იქნება, თუმცა ფასის მხრივ რისკი მუდმივად იარსებებს, სანამდეც არასტაბილურობა გაგრძელდება. ერთადერთი გამოსავალია საქრთველოში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რაც იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს და ფასებს დაასტაბილურებს.
,,მომარაგების მხრივ პრობლემა ნამდვილად არ არის მოსალოდნელი. თუკი დროულად ამუშავდება ყულევის გადამმუშავებელი ქარხანა, უფრო უკეთეს სიტუაციაში ვიქნებით. ამას ყველამ უნდა შეუწყოს ხელი, საკითხის გადადება არ
არსებული მდგომარეობის მიუხედავად, საწვავის მომარაგება არ მოკლებულა, მაგრამ ფასი კი სტაბილურად მაღალია, რასაც აქვს თავისი ახსნა. რადგან საქართველო სრულად არის დამოკიდებული იმპორტზე და საერთაშორისო ბირჟებზე, გლობალურ ბაზარზე არსებული ნებისმიერი ტენდენცია (იქნება ეს ზრდა თუ კლება), პრაქტიკულად, ყოველდღიურად აისახება ადგილობრივ რეალობაზე.
ვიმედოვნებ, მალე დასრულდება დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში და წესრიგი დამყარდება, რაც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანავთობო ბაზრებზე კრიზისის ნიშნები მუდმივად იქნება. რაც შეეხება საერთაშორისო ფასს, ამ ეტაპზე ბარელი ნავთობი 105 დოლარამდეა გაძვირებული. არავინ არ არის გარანტი, რომ ეს შეჩერდება. დიზელი უფრო ძვირია, რასაც მაღალი მოთხოვნა განაპირობებს“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.
ამ ეტაპზე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე "რეგულარის" ტიპის ბენზინის ფასი 3.80 ლარს უტოლდება, "პრემიუმი" 4 ლარზე მეტია, "სუპერის" ღირებულებამ კი 4.40 ლარს გადააჭარბა. დიზელის ფასი რიგ სადგურებზე 4.60 ლარს, ზოგ შემთხვევაში კი 4.75 ლარსაც აღემატება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცალო ქსელში ბენზინი 25-30%-ით, დიზელი კი 49-56%-ით არის გაძვირებული. ადგილობრივ ბაზარზე ფასის ფორმირებაზე, ნედლი ნავთობის გარდა, გავლენას ახდენს პლატსის ფასი, ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯები, გადასახადები, ვალუტის კურსი და კომპანიების საოპერაციო ხარჯები.
მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისიდან მოყოლებული ლარი დოლართან მიმართებით საგრძნობლად გამყარდა, ეს ფაქტორი საწვავის საერთაშორისო გაძვირებით გამოწვეულ ზრდას ვერ ანეიტრალებს. თანაც საგადასახადო ტვირთი ამ პერიოდში არ შეცვლილა.
საწვავის გაძვირებას შესაძლოა, სხვა პროდუქტებსა და მომსახურებებზეც ჰქონდეს გავლენა, რადგან ტრანსპორტირების, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის ხარჯებში საწვავი მნიშვნელოვანი კომპონენტია. განსაკუთრებით საყურადღებოა დიზელის ფასი, რომელსაც სატვირთო ავტომობილები და მძიმე ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყენებს.
ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე ფასების მატება მას შემდეგ შეინიშნება, რაც ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებები განახლდა. რამდენიმე დღს წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე დიზელის საწვავზე ფასის ზრდა არა ირანის, არამედ რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



