რეზონანსი
(20.09.2026)

ჩვენ რასაც ვცდილობთ სააპელაციო ეტაპზე არის ის, რომ როგორც მინიმუმ თუ ვერ გავიმარჯვებთ, თანხის ოდენობა მკვეთრად შემცირდეს და იყოს რეალობასთან მოყვანილი, რადგან მიგვაჩნია, რომ ის თანხა, რომელიც პირველ ეტაპზე განისაზღვრა, არ შეესაბამება რეალობას და იმ თანხებს, რომელიც კონტრაქტორის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო რეალურად გაწეული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას" სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ საქმეზე.

მისივე თქმით, სახელმწიფო ცდილობს სააპელაციო სასამართლოს პარიზში აჩვენოს, რომ მიუხედავად ამ ტექნიკური წინაპირობებისა, რომელიც შეიქმნა ქვეყნის შიგნით, კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად.

„ვცდილობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პარიზში ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად ამ ტექნიკური წინაპირობებისა, რომელიც შეიქმნა ქვეყნის შიგნით, კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად, რადგან მას საბაბად არ უნდა გამოეყენებინა ამ გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა, ის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო კონტრაქტში და სახელმწიფოსთან ერთად ეცადა მოეძებნა გამოსავალი, ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი პარტნიორის მოქმედება", - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განმარტა, რომ ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე