თამთა ჩაჩანიძე
(04.09.2026)

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი „მეზობლად შესახლებულო" ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე აქტიურად წერს, ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერს მოწამვლისა და ციხის ტერიტორიაზე გასვლის ეშინია. მანამდე სააკაშვილი წერდა, რომ ღარიბაშვილს დერეფანში „არბენინებდა", რათა მისთვის „რაღაც ინსტინქტები" გაემძაფრებინა.

სააკაშვილი ასევე წერს, რომ ღარიბაშვილმა ციხეში მიცემულ მედიკამენტებზე უარი თქვა და მას ფსიქიატრი რამდენჯერმე შეხვდა. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მიუხედავად ღარიბაშვილის მიმართ მისი მძიმე შეფასებებისა, მისთვისაც უნდა იყოს დაცული პატიმრის უფლებები.

„თუ სწორია ის, რაც სააკაშვილმა თქვა, რომ წამლებს არ იღებს და კონტაქტში არ არის, ეს მიუთითებს, რომ ადამიანი დეპრესიაშია, რაც გასაკვირი არ იქნება ღარიბაშვილის მდგომარეობაში, რომ ადამიანი დეპრესიაში იყოს",- აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, დიდი შანსია, რომ ღარიბაშვილზე ოპიზიციური განწყობილება აეგოს და სააკაშვილის პოსტებიც ამას ემსახურება.

„სააკაშვილის ტექსტებში ჭეშმარიტებაზე მინიშნება ნაკლებია ხოლმე. ეგ ტექსტები უფრო იმას ასახავს, რასაც თვითონ სააკაშვილის პოლიტიკურ ინტერესებშია. რადგან ნახა, რომ ღარიბაშვილი შეიძლება „ოცნების" ლიდერების მიმართ კრიტიკულად იყოს განწყობილი, ჩათვალა, რომ უკვე ამ კრიტიკის გვერდით ყოფნა მისთვის უფრო ხელსაყრელია. საერთოდ, არის შანსი, რომ თუ ღარიბაშვილზე ოპოზიციური განწყობილება აეგო, მას შეიძლება პერსპექტივა ჰქონდეს უფრო მეტი, ეგ ყველაზე კარგად სააკაშვილმა იცის. შევარდნაძის გვერდით ცხრა წელიწადი იყო და როგორც კი ოპოზიციაში გადავიდა, სწორედ სააკაშვილის მიმართ გაჩნდა უფრო მეტი ნდობა ხალხის მხრიდან. არის ეს ფენომენი, რომ როგორც კი ოპოზიციაში წამყვანი ადამიანი დგება, ის უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.

„თუ სწორია ის, რაც სააკაშვილმა თქვა, რომ წამლებს არ იღებს და კონტაქტში არ არის, ეს მიუთითებს, რომ ადამიანი დეპრესიაშია, რაც გასაკვირი არ იქნება ღარიბაშვილის მდგომარეობაში, რომ ადამიანი დეპრესიაში იყოს.

  • რამაზ საყვარელიძე: „ეგ ტექსტები უფრო იმას ასახავს, რასაც თვითონ სააკაშვილის პოლიტიკურ ინტერესებშია. რადგან ნახა, რომ ღარიბაშვილი შეიძლება „ოცნების" ლიდერების მიმართ კრიტიკულად იყოს განწყობილი, ჩათვალა, რომ ამ კრიტიკის გვერდით ყოფნა მისთვის უფრო ხელსაყრელია"

„თითქმის არ წარმომიდგენია,რომ ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობის" გვერდით დადგეს. რომ დადგეს, ის ამომრჩეველს, საზოგადოების იმ ნაწილს დაკარგავს, რომელიც მას მხარს უჭერს. მას მხარს უჭერს ტრადიციული, პირველი ტალღის „ოცნებისტების" ფენა და ამას დაკარგავს. მეორეს მხრივ, „ნაციონალების" გვერდით დამდგარი ადამიანი დამოუკიდებლად ამას ვერ შეძლებს, ყოველთვის იქნება იძულებული დაემორჩილოს, მაგალითად, სააკაშვილის თამაშს და ეგ არა მგონია, რომ იყოს ღარიბაშვილის ოცნება.

„საერთოდ, მე ვერ მივხვდი, რა არის ღარიბაშვილის ოცნება. ამ წერილებიდან მაგის პერსპექტივა არ ჩანს, რა პერსპექტივა აქვს, რა ორიენტაცია. ჩანს, რომ ბრძოლას აპირებს, მაგრამ ეგეც გაუგებარია. ანუ, ეს წერილები ისე მკაფიო არაა, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, რას და ვისთან აპირებს და აპირებს თუ არა პოლიტიკურ ბრძოლას. ნუ, ეს იქნება პოლიტიკური, იურიდიული, თუ ბიზნეს ბრძოლა. აუცილებელი არაა, ბრძოლა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდეს", - განაცხადა საყვარელიძემ.

რას წერს სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ისტერიულადც ეშინია მოწამვლის და სასეირნოდ გასვლის.

„ჩემთვის უკვე თვეზე მეტია, დანამდვილებით არის ცნობილი (ამ პატარა ციხეში სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია), რომ ისტერიულად ეშინია მოწამვლის. თუ როგორ ხდება ციხეში მოწამვლა ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, არა ყურმოკრულად ვიღაცისგან.

ასევე ეშინია სასეირნოდ გასვლის (დღეში ერთხელ ეკუთვნის) იმიტომ რომ იქ ძირითადი კორპუსის გარეთ მარტო აღმოჩნდება და ადვილია მოულოდნელად „თავის ჩამოხრჩობა". ციხეში მიცემულ წამლებსაც არ იღებს, რადგან მოწამვლის ეშინია.

ამ ბოლო დღეებში ის უკვე მეოთხედ მოინახულა ციხის ფსიქიატრმა. ღარიბაშვილი ნამდვილად კრიმინალური ურჩხულია, მაგრამ ურჩხულსაც აქვს ადამიანის უფლებები და განსხვავებით ქოცებისგან, რომელთაც დღემდე უხარიათ ჩემი ციხეში წამება, მოწამვლა და შევიწროება, მე ნამდვილად ვთვლი, რომ ღარიბაშვილთანაც კი არ შეიძლება ასე მოპყრობა.

ციხის თანამშრომლები ამბობენ, რომ ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის პატიმარი არ ჰყოლიათ და ასევე არანაირი ცალკე აღებული კობახიძის ღარიბაშვილს არ ეშინია. ვინ ვინ და „ტრი-ტრი ანტუანმა" ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ შეიძლება გასცეს საქართველოში მისი ლიკვიდაციის ბრძანება.

კობახიძე ისეთივე არარაობაა, როგორც ღარიბაშვილი.

უბრალოდ ახლა ის საფრთხეს წარმოადგენს, იმდენად რამდენად სწორად ის აზის პატრონის ყურს.

ფაქტია, რომ ეს მაფიოზური სინდიკატი საშიშია არა მხოლოდ სინდიკატის ყოფილი წევრებისთვის, არამედ თითოეული ქართველისთვის.

სანამ იარსებებს ეს მაფიოზური დაჯგუფება, მანამ ყოველთვის იქნებიან "ხარებები" და „თვითმკვლელობების" ადგილზე შეტრიალებული სამეთვალყურეო კამერები და სულ უფრო მეტი ადამიანი გამოესალმება სიცოცხლეს. მოქმედების დროა!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მანამდე წერდა, რომ ღარიბაშვილს დერეფანში არბენინებს.

„ისე ჭორვილელ დიქტატორს მინდა მივმართო. რა ძალა გედგა, რომ ეს შენი ფინია ღარიბაშვილი შემომისახლე მეზობლად. კი მართლა წვრთნას არ ექვემდებარება დაბალი ინტელექტის გამო, მაგრამ რაღაც ინსტინქტები მაინც გავუმძაფრე, დერეფანში ვარბენინებ. ხოდა ხომ ხედავ ჩემს ხელში მყოფმა ახლა შენ დაგიწყო ყეფა და საკბენადაც იწევს", - დაწერა სააკაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე