ნატალია ჯვარიძე
(04.09.2026)

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის ბრალდებით დააკავეს. ამაზე პროკურატურამ პარასკევს ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც, ირწმუნება, რომ ამის მტკიცებულებაა. ბიზნესმენი ბრალდებას უარყოფს, შიმშილობს და საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს. პარალელურად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება ჩხრეკისას პოლიციელების მხრიდან ელიზბარაშვილსა და მის ადვოკატზე, ია სირანაშვილზე, სავარაუდო ძალადობისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

30 აგვისტოს რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თამაზ ელიზბარაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ მას ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე.

ვინაიდან გამოძიების ინფორმაციითა და გავრცელებული ვიდეომასალით ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ელიზბარაშვილი კონფლიქტის დროს შეიარაღებული იყო, სამართალდამცველები მისი საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკაზე შევიდნენ იმ იარაღის ამოსაღებად/საძებნელად, რომლითაც, პროკურატურის მტკიცებით, მუქარა განხორციელდა.

  • ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მას „იმედის" თანამშრომლებმა უჩივლეს, რომლებთანაც სიტყვიერი დაპირისპირება 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში მოუვიდა. ამტკიცებს, რომ „იმედის" თანამშრომლები აქეთ დაესხნენ თავს

უშუალოდ დაკავება ჩხრეკის პროცესში, მის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. ჩხრეკისას წარმოქმნილი დაპირისპირების გამო, პოლიციამ იგი ადმინისტრაციული წესითაც დააკავა (დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით).

ელიზბარაშვილის ადვოკატი ია სირანაშვილი აცხადებს, რომ ჩხრეკის პროცესში პოლიციამ მას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა - პოლიციელებმა ის ძალით გამოაგდეს სახლიდან, კარი გადაუკეტეს, ტელეფონი დააგდებინეს, წააქციეს და ხუთი პოლიციელი "ფეხებით შედგა". სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადვოკატზე შესაძლო ძალადობისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბინაში ჩხრეკისა და დაკავებისას პოლიციელებმა 74 წლის ბიზნესმენზეც იძალადეს. ადვოკატების თქმით, მას მიყენებული აქვს ფიზიკური დაზიანებები და შეურაცხყოფა.

ადვოკატ ია სირანაშვილის თქმით, თამაზ ელიზბარაშვილი აივნიდან გადახტომას პროტესტის ნიშნად აპირებდა. ეს ეპიზოდი ბინაში ჩხრეკის დროს მოხდა. „როდესაც დაინახა ბატონმა თამაზმა ჩემი ცემა-ტყეპა, ასევე მის ცოლს ხელი ჰკრეს და დააგდეს, აივნიდან გადახტომას აპირებდა... სწორედ ამ დროს დააკავეს."

აღსანიშნავია ისიც, რომ პროკურატურამ გაასაჯაროა ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და რესტორნის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდა, სადაც მოქალაქეებს ემუქრებოდა.

უწყების ცნობით, 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა და „დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში".

თავად თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მას „იმედის" თანამშრომლებმა უჩივლეს, რომლებთანაც სიტყვიერი დაპირისპირება 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში მოუვიდა. ამტკიცებს, რომ „იმედის" თანამშრომლები აქეთ დაესხნენ თავს და დაემუქრნენ პოლიტიკური პოზიციების გამო.

ელიზბარაშვილის ადვოკატის განცხადებით კი, გამოქვეყნებულ კადრებში კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩანს. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ არცერთი მოწმე არ ადასტურებს იარაღის ქონას და სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

ელიზბარაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. მისი და ოპოზიციურად განწყობილი მხარდამჭერების შეფასებით, დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და უკავშირდება მის საჯარო, მკვეთრად კრიტიკულ განცხადებებს მოქმედი ხელისუფლების მისამართით. დაცვის მხარის მტკიცებით, სამართალდამცავი უწყებები მასზე პოლიტიკურ დევნასა და ზეწოლას ახორციელებენ.

ხელისუფლებისა და სამართალდამცავების წარმომადგენლები უარყოფენ საქმის ყოველგვარ პოლიტიკურ სარჩულს. მათი განცხადებით, გამოძიება ეფუძნება კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს (მუქარას) და გავრცელებულ ვიდეომასალას, შესაბამისად, პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში და არა პოლიტიკური მოტივებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე