
ირანის სამხრეთით, საქორწინო ცერემონიაზე განხორციელებული სასიკვდილო დარტყმა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 68 დაშავდა, სავარაუდოდ, ამერიკული საბრძოლო მასალის პირდაპირი მოხვედრის შედეგია - ამ დასკვნამდე სამხედრო ექსპერტები "როიტერსის" მიერ ვერიფიცირებული ვიზუალური მასალის ანალიზის საფუძველზე მივიდნენ.
სამხრეთ ირანის, პატარა ქალაქ ქუჰესთაქში მომხდარმა ინციდენტმა აშშ-ირანის ომში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის შესახებ შეშფოთება ხელახლა გაამწვავა. ეს ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა თებერვლის შემდეგ, როდესაც რაკეტა ირანის დაწყებით სკოლას მოხვდა და ათობით მოსწავლე და მასწავლებელი იმსხვერპლა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, 1 სექტემბერს მათმა ძალებმა ირანის სამხრეთით მასირებული დარტყმები განახორციელეს. სამიზნეებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო თავდაცვის ობიექტები, რადიოლოკაციური სისტემები და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. საპასუხო იერიში სპარსეთის ყურის რეგიონში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე ირანის მიერ მანამდე განხორციელებულ თავდასხმებს მოჰყვა.
ხუთშაბათს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მომხდარ დარტყმას იძიებს.
„ჩვენ ამას ვიძიებთ, რადგან, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის სულერთი არ არის. გვსურს გავიგოთ, რა მოხდა," -აღნიშნა ვენსმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
ამერიკულ მხარე აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობების შესახებ ინფორმირებულნი არიან და საკითხს სწავლობენ. გაერო-ში ირანის დელეგაციას კომენტარის გაკეთების მოთხოვნაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.
თვითმხილველების ცნობით, თავდასხმის ღამეს, ქალაქ ქუჰესთაქში, საქორწინო ცერემონიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ათობით ადგილობრივი მცხოვრები იყო შეკრებილი.
ექსპერტების შეფასებით, ნგრევის ხასიათი პირდაპირ მოხვედრაზე მიუთითებს და არა სხვა სამიზნიდან ასხლეტილი (რიკოშეტირებული) საბრძოლო მასალისგან მიყენებულ მეორად დაზიანებაზე.
მათგან სამმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ჭურვი, სავარაუდოდ, ამერიკული შეიარაღება იყო და არა კურსაცდენილი ირანული საჰაერო თავდაცვის რაკეტა.
ერთ-ერთი ექსპერტის განცხადებით, შესაძლოა, იარაღს მიზანმა უბრალოდ ააცილა.
„გამოყენებული ბომბების რაოდენობის გათვალისწინებით, მსგავსი რამ დროდადრო ხდება, ყველაზე დახვეწილი მართვადი სისტემების შემთხვევაშიც კი," - აღნიშნა ბრიტანეთის არმიის გადამდგარმა ბრიგადის გენერალმა გარეთ კოლეტმა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფაზე სპეციალიზდებოდა და ფეთქებადი ნივთიერებების ინჟინერიის დოქტორის ხარისხს ფლობს.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მედიასთან განაცხადა:
„ქუჰესთაქი განადგურებულია. ოთხი, ხუთი, ათი სახლი დაინგრა. ნანგრევებში ბევრი ადამიანია მოყოლილი. ღმერთო, გვიშველე".
ადგილობრივი მცხოვრებლები მედიას ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ.
ამერიკული მხარე
აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადა, რომ ამერიკულმა სამხედროებმა 1 სექტემბერს ქალაქ ქუჰესთაქის მიდამოებში იერიში განახორციელეს, სადაც მათი კონკრეტული სამიზნე ქალაქის სატელეკომუნიკაციო კოშკურა იყო.
თანამგზავრული გადაღების მონაცემებით, აღნიშნული კოშკურა საქორწინო ცერემონიის ადგილიდან დაახლოებით 135 მეტრში მდებარეობს. ირანული მედიის ცნობით, ობიექტზე დარტყმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:30 საათზე განხორციელდა.
აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განმარტებით, მთავრობა საქორწინო წვეულებაზე მსხვერპლის გამომწვევ რამდენიმე შესაძლო სცენარს განიხილავს, მათ შორის: იყო ეს ამერიკული იერიშის პირდაპირი შედეგი, ირანული საჰაერო თავდაცვის რაკეტის რიკოშეტი, თუ კურსაცდენილი საჰაერო-საზენიტო ჭურვი.
მსხვერპლი
- ადგილობრივი: „ქუჰესთაქი განადგურებულია. ოთხი, ხუთი, ათი სახლი დაინგრა. ნანგრევებში ბევრი ადამიანია მოყოლილი. ღმერთო, გვიშველე".
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ მონაცემები - 4 დაღუპული და 68 დაშავებული - უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს.
უფლებადამცველების ცნობით, დაღუპულთაგან სამი ქორწილის სტუმარი იყო: 43 წლის ქოლსუმ მოლაჰი ნაჯჰანდანია, 50 წლის ზარხათუნ თაჰერი და 4 წლის ამირ მოჰამად ქარიმი. მეოთხე მსხვერპლი, 16 წლის მოჰამად მალაჰი კი იმ დროს დაიღუპა, როდესაც საკომუნიკაციო კოშკურის სიახლოვეს მოტოციკლით გადაადგილდებოდა. დაღუპულთა ვინაობა ირანულმა მედიამაც დაადასტურა.
ხუთშაბათს ქალაქ ქუჰესთაქის მცხოვრებლებმა დაღუპულები უკანასკნელ გზაზე გააცილეს. სამგლოვიარო პროცესიას უამრავი ადამიანი შეუერთდა - შეკრებილებს სასოფლო-სამგლოვიარო ლოცვის ფონზე სასაფლაოზე კუბო გადაჰქონდათ და დაღუპულთა ფოტოები ეჭირათ.
ირანის სამხრეთ სანაპირო რეგიონისთვის დამახასიათებელ შავ ჩადრებსა და ტრადიციულ კაშკაშა წითელ პირბადეებში გამოწყობილი ქალები 4 წლის ამირ მოჰამად ქარიმის ცხედარს პროცესიის ჩავლასთან ერთად, ყვავილებსა და ვარდის ფურცლებს აყრიდნენ.
„სირიკში მძიმე და სამგლოვიარო განწყობაა, მოსახლეობა ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაშია," -განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ინციდენტამდე ექვსზე მეტი თვის წინ, 28 თებერვალს, ქალაქ მინაბში რაკეტამ დაწყებითი სკოლა გაანადგურა - ეს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული იმ თავდასხმებიდან რამდენიმე საათში მოხდა, რომელთაც მიმდინარე კონფლიქტს დაუდო სათავე. ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, ამ დარტყმას 175-ზე მეტი ბავშვი და მასწავლებელი ემსხვერპლა.
პენტაგონს მინაბის სკოლაზე იერიშის გამოძიების შედეგები საჯაროდ არ გამოუქვეყნებია, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამერიკული სამხედროების მონაწილეობით მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მასშტაბური მსხვერპლის შემთხვევაა. თუმცა,"როიტერსმა" ჯერ კიდევ 5 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის არმიის პირველადი, შიდა გამოძიების თანახმად, ირანთან ომის პირველსავე დღეს განხორციელებულ ამ დარტყმაზე პასუხისმგებლობა, სავარაუდოდ, სწორედ ამერიკულ ძალებს ეკისრებოდათ.
ირანში მიმდინარე ექვსთვიანი ომის განმავლობაში, ამერიკულმა სამხედროებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს განთავსებულ ირანულ რადიოლოკაციურ და საკომუნიკაციო ობიექტებზე იერიშები არაერთხელ მიიტანეს. ამის მიზანი ირანის არმიის მიერ იმ საზღვაო დერეფანში სავაჭრო გემებისა და ნავთობის ტანკერებისთვის საფრთხის შექმნის აღკვეთა იყო.
ირანმა დაამტკიცა, რომ მას სრუტეში ენერგორესურსების გადაზიდვის შეფერხება შეუძლია, რაც გლობალურ ბაზარზე ენერგომატარებლების ფასებს ზრდის და აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების წინ ტრამპის ადმინისტრაციას პოლიტიკური გამოწვევების წინაშე აყენებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



