
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება ფიზიკურ პირებს შეეხებათ, კომერციულ სუბიექტებთან მიმართებით კი რეფორმაზე მუშაობა გაგრძელდება.
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, მომდევნო კვირის დასაწყისში განხილვა იქნება და შემდეგ საფინანსო კომიტეტი ცვლილებებს პარლამენტში დააინიცრებს.
„დეტალებზე მუშაობა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად მიმდინარეობს. ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, აღნიშნულ საკითხს სავარაუდოდ, პარლამენტის საფინანსო კომიტეტი დააინიცირებს. დეტალებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ზღვრები შეიცვლება. ამ ეტაპზე, ცვლილებები იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება ცვლილებები კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა. ალბათ, მომავალში მაგ ნაწილზე ეტაპობრივად გადავალთ, რადგან კომერციულ შემთხვევაში, აღნიშნული რეფორმა გაცილებით რთული განსახორციელებელია.
დღეის მდგომარეობით რაც არის 40 000-ლარიანი ზღვარი, ეს შეღავათია დადგენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ეს 40 000-ლარიანი ზღვარი გვაქვს შეღავათად დაწესებული. ეს შეღავათის ოდენობა რამდენით შეიცვლება, ამაზე ვმუშაობთ. კომპანიების ნაწილში ჯერ იგივე იქნება შენარჩუნებული იქნება, თუმცა ფიზიკური პირების საბოლოო რედაქციაზე უკვე მომდევნო კვირის ბოლომდე ვიქნებით შეთანხმებული პარლამენტთან. როცა საბოლოო სახე გვექნება, მაგის შემდეგ, როგორ დაბალანსდება ბიუჯეტიდან, მაგას გადავწყვეტთ, უკვე ბიუჯეტის ცვლილებებთან ერთად“, – განაცხადა კაკაურიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოესწრება თუ არა ცვლილების მიღება პირველ ნოემბრამდე, კაკაურიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნება მიღებული და შესაძლებელი იქნება უკვე გადასახდელ თანხებზე წელს ამოქმედდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



