
ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ გერმანიასთან ურთიერთობაში ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გაჩნდა, თუმცა ევროკავშირთან მსგავსი მოლოდინი ჯერ არ არსებობს. აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე კი ვარაუდობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შესაძლებელია, თუმცა ვაშინგტონს ჯერჯერობით სხვა გლობალური პრიორიტეტები აქვს. გარდა ამისა, ოპოზიციას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მისი არათანმიმდევრულობა მმართველი გუნდის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს.
გია აბაშიძე: ზოგადად, ასეთ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფოებს შორის რთული ურთიერთობაა, მით უმეტეს, როდესაც ამ სირთულეების მიზეზი არ ყოფილა საქართველო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, არის იმედები და ოპტიმისტური განწყობა, რომ შეიძლება ახალი ფურცლიდან ან გამოსწორებით დაიწყოს პროცესი.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულის სეზონი პოლიტიკურად და დიპლომატიურად არააქტიური იყო, ამას უკვე ახლა, უახლოეს კვირებში შევხედავთ - რა განცხადებებს გააკეთებს, როგორ იმოქმედებს, რადგან ჩვენ გვახსოვს წინამორბედის, ფიშერის, ძალიან ინტენსიური, სოციალურ-ქსელური განცხადებები, რომლებიც საკმაოდ გამაღიზიანებელი იყო როგორც საზოგადოებისთვის, ისე მმართველი გუნდისთვის.
- „ბუნებრივია, არის იმედები და ოპტიმისტური განწყობა, რომ შეიძლება ახალი ფურცლიდან ან გამოსწორებით დაიწყოს პროცესი"
თუკი არსებობს ასეთი დავალება და მითითება, მაშინ ეს გამოჩნდება. ჯერჯერობით ამის თქმა შეუძლებელია.
თუმცა, ასევე იმედისმომცემად ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბატონმა კარტოზიამ, რამდენიმეთვიანი დაყოვნების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებულებათა სიგელები ჩააბარა. ეს ორი ფაქტორი იძლევა ფრთხილ იმედს, თუმცა ჭარბი მოლოდინები არც დიპლომატიაში ვარგა, არც პოლიტიკაში და, მით უმეტეს, არც ბიზნესსა თუ სხვა სფეროში.
„რეზონანსი": ამერიკაზე რას ფიქრობთ? აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივას როგორ უყურებთ?
გ.ა: ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს სასურველი მოცემულობაა, როდესაც წინა ელჩები ანტისახელისუფლებო, არადიპლომატიურ განცხადებებს აკეთებდნენ, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ასეთი რამ აღარ ხდება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ელჩის არდანიშვნა არ უკავშირდება აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, რადგან თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტშია სტრუქტურული პრობლემები. ძალიან ბევრ ქვეყანაში - იქნება ეს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები თუ ევროპული, ელჩები დიდი ხანია არ დაუნიშნავთ.
აქედან გამომდინარე, ის, რაც ქრონოლოგიურად ვნახეთ - როგორი იყო თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობა მაღალ, გადაწყვეტილების მიღების დონეზე, ასევე სხვადასხვა ანალიტიკოსისა თუ სტრატეგის ვიზიტები პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს.
მთავარი, რაც მოხდა (მაგრამ ჯერ არ არის საკმარისი), ის არის, რომ ჯერჯერობით არ ხდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის დაწერა. ამაზე ოფიციალურად ვაშინგტონიდან მზადყოფნა მიიღეს, თუმცა ჯერჯერობით ეს მიმართულებები აქტიური არ არის.
ეს რომ ზაფხულის არააქტიურ სეზონს დავაბრალოთ, შეიძლება ამითიც იყოს განპირობებული, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაცია და სახელმწიფო მდივანი რუბიო სხვა გლობალური პრობლემებით არიან დაკავებულნი.
ჯერჯერობით ეს ფრთხილი ოპტიმიზმის პრიზმაში განვიხილოთ და დაველოდოთ შემხვედრ ნაბიჯებს, რომლებიც თავად ვაშინგტონმა უნდა გადადგას, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი თავის დროზე გააფუჭა.
გერმანიისა და ამერიკისგან განსხვავებით, ასეთი მოლოდინი ევროკავშირთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სწრაფად მზარდი როლი აქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში, ადრე თუ გვიან, გეოგრაფიის ვითომ არმცოდნე ბრიუსელელ ჩინოვნიკებს მაინც მოუწევთ საქართველოს ხელისუფლებასთან სხვადასხვა საკითხზე დალაპარაკება.
„რ": ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზეც რომ ვისაუბროთ, პოლიტიკური სეზონის დაწყებასთან ერთად რა მოლოდინი გაქვთ, როგორ გააქტიურდება როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია?
გ.ა: საქმე ის არის, რომ (კიდევ ერთხელ პირადად მე გულისტკივილით აღვნიშნავ) პოლიტიკურ სივრცეში უდიდესი პრობლემაა, როდესაც ასეთი არათანმიმდევრული ოპოზიცია არსებობს, რომელიც დომინირებს ამ სივრცეში. ხდება, უპირველეს ყოვლისა, მათი ამომრჩევლის იმედგაცრუება და გაწბილება. ჩვეულებრივად გრძელდება ოპოზიციაში დაპირისპირება, გარკვეული კოალიციების შექმნა, შემდეგ დაშლა - უკვე მერამდენედ მოხდა ეს.
ამავე დროს, თუ მომავალ წელს არა, სავარაუდოდ, 2028 წელს ის პარტიები უნდა გააქტიურდნენ პრაგმატულად, რომლებსაც სურთ, რომ 2028-ში რაღაც შედეგები მაინც მიიღონ პარლამენტში შესასვლელად.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი მხარდამჭერებისთვის კვლავ სამწუხარო მოვლენებს ჰქონდა ადგილი. ვგულისხმობ ღარიბაშვილის წერილების სერიას, რომლებიც, ძირითადად, შორს არის რეალობისგან. ასეთი მნიშვნელობის პოლიტიკოსს, რომელიც იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარტიის ლიდერი და გამოცდილება აქვს, არ შეეფერება მსგავს ჟანრში ხელისუფლებასთან დაპირისპირება.
თუმცა ხელისუფლებამ ისიც აჩვენა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც არ მაგონდება მსგავსი სიტუაცია, როდესაც მთავრობის ყოფილი წევრები (იმავე პარტიიდან) აღმოჩენილიყვნენ გისოსებს მიღმა.
რა თქმა უნდა, ბევრი პრეტენზია შეიძლება იყოს ხელისუფლებისადმი, მაგრამ ეს ის გუნდია, რომელიც მყარად დგას, უდიდესი შიდა თუ გარე დარტყმების მიუხედავად.
სიტუაცია ამ ეტაპზე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2028 წელსაც, თუ ყველაფერი ასე დარჩა, „ოცნებამ" შესაძლოა კიდევ უფრო მეტი მანდატი მიიღოს პარლამენტში. სხვათაშორის, იგივეს ამბობენს საღად მოაზროვნე პოლიტიკური აქტორები ოპოზიციაშიც.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური პლურალიზმი და კონკურენცია აუცილებელია ნებისმიერ ქვეყანაში, ვისურვებდი, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, კონსტრუქციული, თანმიმდევრული ოპოზიცია, რომელიც ძლიერ მეტოქეობას გაუწევს მმართველ პარტიას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



