
საქართველოს საკითხი „ვაიმარის სამკუთხედის" - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის მინისტერიალის დღის წესრიგში მოხვდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობები ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა. თან სამივე ქვეყანა არაერთხელ გამოხატავდა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული კანონებისა და ხელისუფლების მიერ ევროპული ინტეგრაციის კურსისგან გადახვევის გამო.
სწორედ ამ კონტექსტში ხვდებიან ერთმანეთს სამი ქვეყნის საგრეო საქმეთა მინისტრები - იოჰან ვადეფული (გერმანია), ჟან-ნოელ ბარო (საფრანგეთი) და რადოსლავ სიკორსკი (პოლონეთი). საქართველოში არსებული ვითარების გარდა, მინისტრები პარალელურად განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერას, რუსეთის აგრესიასა და ევროპული უსაფრთხოების გამოწვევებს.
„ამ კვირის კიდევ ერთი გაჩერება - ვაიმარი, სადაც „ვაიმარის სამკუთხედის" საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. წელს ამ უნიკალური თანამშრომლობის ფორმატის 35 წლის იუბილე აღინიშნება.
„(პოლონეთის) ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან ერთად განიხილავს: სამმხრივ თანამშრომლობას; უკრაინის მხარდაჭერას;
რუსეთის სულ უფრო აგრესიულ ქმედებებს; ახლო აღმოსავლეთსა და საქართველოში არსებული ვითარებას; გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს; ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს",- ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ „ვაიმარის სამკუთხედი" 1991 წელს სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციასა და დასავლურ სტრუქტურებთან დაახლოვებას დახმარებოდა.
დასავლელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ საქართველოს საკითხით „ვაიმარის სამკუთხედის" გააქტიურება მნიშვნელოვანია, რადგან გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ერთობლივი პოლიტიკური წონა ევროკავშირის შიგნით საქართველოს საკითხის უფრო აქტიურად დაყენებისა და თბილისთან ურთიერთობაში საერთო პოზიციის კოორდინირების შესაძლებლობას ზრდის.
თუმცა აქ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია - სამივე ქვეყანას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს აზიანებს. ეს 2026 წლის მარტის ერთობლივ განცხადებაშიც აღნიშნეს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაცრად დაგმეს საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ.
რას იტყვის საქართველოზე „ვაიმარის სამკუთხედი"
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპის მხრიდან არაფერი იცვლება და ისევ იმ გზავნილებზე იქნება საუბარი, რაც ევროკავშირმა არაერთხელ გააჟღერა.
„საუბარი ისევ იმაზეა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი კურსი შეცვალა და ამას მოჰყვება ეს სტანდარტული ბრალდებები, რომ 2024 წელს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ა.შ., რაც სრული ტყუილია. იტყვიან, რომ ხელისუფლებამ ხაზი გადაუსვა ევროკავშირთან ურთიერთობას და უარი თქვა დიალოგზე. რა თქმა უნდა, იქნება ადამიანის უფლებების საკითხები. საუბედუროდ, ყველაფერი ტყუილზე და ცილისწამებაზეა აგებული.
- პეტრე მამრაძე: „იტყვიან, რომ ხელისუფლებამ ხაზი გადაუსვა ევროკავშირთან ურთიერთობას და უარი თქვა დიალოგზე. რა თქმა უნდა, იქნება ადამიანის უფლებების საკითხები. საუბედუროდ, ყველაფერი ტყუილზე და ცილისწამებაზეა აგებული"
„ცუდია, რომ ისეთი ქვეყნის პოლიტიკური ელიტა, როგორიც პოლონეთია, სააკაშვილს დაუახლოვდა და ყველაფერზე თვალებს დახუჭავენ. ასევე გერმანია, რომელმაც აგერ ცოტა ხნის წინ, როგორც იქნა შეცვალა საიტზე, რომ თურმე სალომე პრეზიდენტი აღარაა და ჩვენი ელჩისაგან რწმუნებათა სიგელები ჩაიბარა.
„ჩემთვის არანაირი ნიშანი არაა იმის, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით სიმართლისკენ წავა. ევროპარლამენტში რამდენიმე ადამიანმა შეძლო და სიმართლე ილაპარაკა, თუნდაც 2024 წლის არჩევნებზე. ასეთი ადამიანები ცოტანი არიან, მაგრამ პოზიცია მაინც აჟღერებენ.
„არანაირი პოზიტივი ჩვენთვის არ იკვეთება ამ სიტუაციაში, რაც უნდა მიგვეღო ევროპისაგან გარდა ისევ ისე იმ მოთხოვნებისა, რასაც აჟღერებენ, რომ ეს და ეს გააკეთეთო. ეს ისეთი კარნახია, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში ნამდვილად არ შედის - იმ კანონების გაუქმების მოთხოვნა და ა.შ. საქართველოს ეს პოლიტიკა რაც უფრო გაგრძელდება, მათთვის (ევროპელებისთვის) უფრო რთული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე რამე თქვან და პოზიტიური დინამიკა თანდათანობით მოვა, მაგრამ არ ველოდები იმას, რომ დღეს და ხვალ ეს ელიტები, კუბილიუსები, ნაუსედები, კალასები და ა.შ. ისინი რამეს იტყვიან რომ რაღაცა იქნება",- განაცხადა მამრაძემ.
როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, მოლოდინი აქვს, რომ შეფასებები კრიტიკული იქნება. მისი თქმით, „ვაიმარის სამკუთხედის" შეფასება ბრიუსელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აუცილებლად გაითვალისწინებს.
„ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე ორჯერ თქვეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა და ყველაზე საშინელი შეფასებაა, რითაც შეიძლება შეაფასონ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ვითომც ევროკავშირში მიდის. რაც შეეხება „ვაიმარს", ეს არის ცენტრალური ევროპის ქვეყნები, რომლებიც თავის დროზე ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდში გაერთიანდნენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ. ეს ფორმატი ცენტრალური ევროპის ქვეყნების გაწევრიანების შემდეგაც დატოვეს.
- პაატა ზაქარეიშვილი: „ჩემი მოლოდინია, რომ შეფასებები კრიტიკული იქნება, ღმერთმა ქნას სხვანაირად იყოს. შეფასება როგორიც არ უნდა იყოს, ამას ბრიუსელი გაითვალისწინებს"
„ბალტიის შემდეგ, ვიტყოდი ვაიმარის ქვეყნებს, რომლებიც ასევე ყოველთვის დაინტერესებულები იყვნენ და არიან საქართველოსთან მიმდინარე პროცესებით. ჩემი მოლოდინია, რომ შეფასებები კრიტიკული იქნება, ღმერთმა ქნას სხვანაირად იყოს. შეფასება როგორიც არ უნდა იყოს, ამას ბრიუსელი გაითვალისწინებს, იმიტომ, რომ ვაიმარის ქვეყნები გეოგრაფიისა და ისტორიიდან გამომდინარე, განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან, რა ხდება კავკასიასა და საქართველოში. შესაბამისად, „ვაიმარი" რას იტყვის, ეს ბრიუსელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - თუ იტყვიან, რომ საქართველოში ყველაფერი კარგადაა (არაფერი კარგად არაა, მაგრამ, სიტყვაზე), ბრიუსელი ამას ანგარიშს გაუწევს და პირიქით. ამიტომ მათი შეფასება პრინციპულად მნიშვნელოვანია",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



