
იმისთვის, რომ სურსათის მიწოდების ჯაჭვში, მყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის დისბალანსი აღმოიფხვრას, მთავრობა სპეციალური საკანონმდებლო რეგულირების მიღებას გეგმავს. ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ საბოლოოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ ამ რეგულირებას მოჰყვება ფასების დასტაბილურება, ბიზნესის გათავისუფლება დამატებითი ხარჯებისგან და რაც მთავარია, მომხმარებლების უფლებების სრულად დაცვა.
ახალი კანონპროექტით განისაზღვრება აბსოლუტურად აკრძალული და პირობითად დასაშვები სავაჭრო პრაქტიკები, ასევე კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო და პასუხისმგებლობის სისტემა. ამის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია წარდგენილი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებობს მოლაპარაკებითი ძალაუფლების არსებითი დისბალანსი. მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს, მათ შორის, გადახდის გადავადებას, შეკვეთების დაგვიანებით გაუქმებას, თაროზე განთავსებისა და მარკეტინგის ხარჯების დაკისრებას და ა.შ., რაც საფრთხეს უქმნის სასურსათო ჯაჭვის მდგრადობას.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია სპეციალური საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც ამომწურავად ჩამოთვლის აბსოლუტურად აკრძალულ და პირობითად დასაშვებ სავაჭრო პრაქტიკებს. კანონპროექტი ასევე დაადგენს კანონის აღსრულებაზე უფლებამოსილ ორგანოს, მის უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობის ეფექტიან, პროპორციულ და პრევენციულ სისტემას.
სურსათის ფასები რომ ძალიან ძვირია, ამაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გააკეთა. მოგვიანებით, სწორედ პრემიერის ინიციატივით, ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლაში ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო, შემდეგ კი პარლამენტში ფასების შემსწავლელი კომისია შეიქმნა.
კომისიამ დასკვნა მაისის პირველ ნახევარში წარადგინა, სადაც განმარტებული იყო, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია. მათივე ცნობით, მიწოდების ჯაჭვი არაეფექტური და გრძელია. ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, რითეილ სექტორის მსხვილმა მოთამაშეებმა ფასდაკლებების აქციები დაიწყეს. მოგვიანებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სპეციალური ვებ-გვერდიც შექმნა, სადაც მომხმარებლებს ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალის ნახვისა და ფასების შედარების შესაძლებლობა ეძლევათ.
აღმოფხვრის თუ არა ახალი საკანონმდებლო რეგულირება სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებულ დისბალანსს? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ როდესაც მომხმარებელთა უფლებები ილახება, მაშინ სახელმწიფოს ერთმნიშვნელოვნად აქვს უფლებამოსილება და ვალდებულებაც, რომ ჩაერიოს და დაარეგულიროს ურთიერთობები ისე, რომ მომხმარებელი არ დაზარალდეს.
„გარდა ამისა, თვითონ სახელმწიფოს სჭირდება ის, რომ ბაზარზე იყოს უწყვეტი მიწოდება და ამ უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად, ვალდებულია, უზრუნველყოს, როგორც მხარეებს შორის ურთიერთობების დასტაბილურება, ასევე ის, რომ ქვეყანაში იყოს დაცული სასურსათო უსაფრთხოება. ამდენად, სახელმწიფოს ძალიან ბევრი არგუმენტი აქვს იმისა, თუ რატომ უნდა ჩაერიოს ამ ურთიერთობების დარეგულირებაში და ის, რაც დაიწყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სურსათის ფასებთან დაკავშირებით, ეს აბსოლუტურად სახელმწიფოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა, რომ ასე მოიქცეს. თვითონ უნდა დაარეგულიროს ისე, რომ ერთი მხრივ, ფასები არ გაიქცეს და არ გაიზარდოს ძალიან, განსაკუთრებით სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე“, - განუცხადა „რეზონანსს“ ოთარ ანგურიძემ.
მისი თქმით, საკანონმდებლო რეგულირების შედეგი პოზიტიური იქნება და საბოლოო ჯამში, ყველა დარჩება კმაყოფილი, როგორც გამყიდველი, ასევე მყიდველი.
„თავდაპირველად, შესაძლოა, სურსათის მიწოდების ჯაჭვში, მყიდველის ინტერესი შეიძლება „შეილახოს“ და იფიქროს, რომ მისი ინტერესები ამ რეგულირებით ილახება, მაგრამ პირიქით - მას გაუჩნდება უფრო მეტი ახალი პროდუქტების მიწოდების შესაძლებლობა და უფრო მეტად გაიზრდება მიმწოდებლების რაოდენობა. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, თავიდან მტკივნეული იყოს ეს პროცესი, მაგრამ დრო ამას დაასტაბილურებს და ვფიქრობ, საბოლოოდ, ყველა მხარე მოგებული დარჩება.
რაც მთავარია, ეს რეგულირება ნამდვილად არ შექმნის დამატებით ტვირთს იმიტომ, რომ ეს არ არის რეგულაცია. პირიქით - ეს არის ერთგვარი თამაშის წესი, რომლითაც უნდა იმოქმედონ იმ სუბიექტებმა, რომლებიც ჩართულები არიან სასურსათო პროდუქტების მიწოდებაში ბაზარზე. ეს რეგულაცია ტვირთს არ შექმნის, არ გაზრდის ხარჯებს, ეს დაარეგულირებს მხოლოდ ურთიერთობებს, რაც საბოლოოდ, გამოიწვევს ხარჯების შემცირებას“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ოთარ ანგურიძემ.
ანალოგიური პოზიცია აქვს ეკონომისტ დავით ჩიხელიძეს, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ თავიდან, როდესაც სასურსათო ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შეიქმნა, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს, რომ მიწოდების ჯაჭვში არსებობდა გარკვეული უთანასწორობა, რის გამოც მსხვილ და მცირე მოთამაშეებს შორის, ფასებში დიდი განსხვავება იყო.
„ხშირ შემთხვევაში, გარკვეული სავაჭრო ობიექტი დიდ თანხას იხდიდა იმაში, რომ ესა თუ ის პროდუქცია შემოეტანათ, რაც ზრდიდა ფასებს. გარდა ამისა, იყო მოთხოვნილი, რომ მათი პროდუქცია უნდა ყოფილიყო თვალსაჩინო ადგილზე წარმოდგენილი და ესეც დამატებით ზრდიდა ხარჯებს. ერთ-ერთი პრობლემა იყო ისიც, რომ ადგილობრივ წარმოებას, ფაქტობრივად, არ შეეძლო შესულიყო მსხვილ სავაჭრო ობიექტებში. რეალურად, თამაშის წესები ყველასთვის ერთი უნდა იყოს. არ შეიძლება, ერთი და იგივე შემომტანი მსხვილ მოთამაშეებს უწესებდეს განსხვავებულ ფასებს და მცირე მოთამაშეებს უფრო ძვირად აძლევდეს პროდუქციას. აქედან გამომდინარე, როდესაც შეიქმნება ერთიანი მიწოდების სქემა, ფასები დასტაბილურდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.
მისი თქმით, ახალი საკანომდებლო რეგულაციის შემოღების შემდეგ, ყველა მოთამაშე ჩადგება თანაბარ პირობებში და არ იქნება უსამართლობის განცდა.
„ბაზრის მოთამაშეების განცხადებით, იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები ჩნდებოდა, ორი-სამი თვე გვიანდებოდა, რაც მძიმე ტვირთი იყო ბიზნესისთვის, ამიტომ ეს პრობლემაც უნდა მოგვარდეს. როდესაც ყველაფერი ეს ერთიან ჯაჭვში მოექცევა, დისტრიბუციაც უფრო ეფექტიანი და მომხმარებლებზე მორგებული გახდება. რაც მთავარია, ფასნამატები ისეთი დიდი აღარ იქნება, როგორც დღეს არის, რადგან ამოსავალი წერტილი ამ ეტაპზე არის მომხმარებელი და სახელმწიფო ცდილობს, იპოვოს ის ოქროს შუალედი, რომელიც ერთი მხრივ, არ დააზიანებს კერძო ბიზნესს, ხოლო მეორე მხრივ, მაქსიმალურად დაცული იქნება მომხმარებელი და არ მოუწევს, პირობითად, 100%-იანი ფასნამატის გადახდა გარკვეული პროდუქტზე“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.
მისივე თქმით, ახალი რეგულირება სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს და მისი მიღების შემდგომ, დიდი ალბათობით, ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს, აღარ იქნება, რასაც საბოლოოდ, თითოეული მომხმარებელიც იგრძნობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



