მარიამ ვეკუა
(01.09.2026)

ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები სტრატეგიული ალიანსის გაღრმავებაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ. ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა ყურადღება ეკონომიკურ პარტნიორობასა და „ციმბირის ძალა-2"-ის პროექტზე ყურადღება გაამახვილეს.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმერ პუტინმა, გლობალური გაურკვევლობის ფონზე, თავიანთი სტრატეგიული ალიანსი კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ლიდერები ერთმანეთს ყირგიზეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა გაზსადენ „ციმბირის ძალა-2"-ის პროექტია.

მაისის შემდეგ გამართულ პირველ შეხვედრაზე, სი ძინპინმა პუტინს ორშაბათს განუცხადა, რომ მისი ხელახლა ნახვა „უხარია". ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ორმხრივი ურთიერთობები „უფრო მყარი" გახდა.

მიუხედავად „საერთაშორისო წესრიგში გაზრდილი გაურკვევლობისა და არაპროგნოზირებადობისა" ეს უნდა გაგრძელდეს - დასძინა მან. ჩინეთი რუსეთისთვის მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმაში მატერიალური მხარდაჭერის გაწევას უარყოფს.

  • "პუტინი ასევე შეხვდა მოდის - ლიდერები დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ერთი ავტომობილით მივიდნენ."

სი ძინპინმა პუტინს განუცხადა, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებს წინ „კიდევ უფრო ნათელი" პერსპექტივები ელის, მიუხედავად იმისა, რომ „საერთაშორისო წესრიგში გაურკვევლობისა და არაპროგნოზირებადობის ხარისხი აშკარად გაიზარდა".

პუტინი მას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ „თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ყველა მიმართულებით".

ომის აჩრდილი

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ორდღიანი სამიტი ამ რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გაერთიანების 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ღონისძიებას ათზე მეტი სახელმწიფოს მეთაური ესწრება, მათ შორის ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვედრაში დიალოგის პარტნიორის სტატუსით მონაწილეობს.

სამიტი მოსკოვის უკრაინაში შეჭრიდან ოთხნახევარი წლისა და შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე იმართება.

პუტინს და სი ძინპინს SCO-ს სამიტები მრავალპოლარული სამყაროს საკუთარი ხედვის პოპულარიზაციისა და დასავლეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის დასაფიქსირებლად, ადრეც არაერთხელ გამოუყენებიათ.

უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო მეტად გახდა ჩინეთზე დამოკიდებული. ამის გამო, დასავლეთის ქვეყნები პეკინს მოუწოდებენ, განახორციელოს ზეწოლა მოსკოვზე სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად.

თუმცა, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ ორმა ლიდერმა ძირითადად ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა, ხოლო უკრაინის ომს მხოლოდ „გაკვრით" შეეხო.

პუტინი ასევე შეხვდა მოდის - ლიდერები დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ერთი ავტომობილით მივიდნენ.

მოდიმ განაცხადა, რომ ნიუ-დელი მზადაა, უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ხელი შეუწყოს. რუსეთის ლიდერმა კი, დეტალების დაზუსტების გარეშე აღნიშნა, რომ მოსკოვი კონფლიქტის მოგვარების „გზას მიჰყვება".

შეერთებული შტატების შუამდგომლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ ჩიხშია. თუმცა, გასული კვირის ცნობების თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რატკლიფი მოლაპარაკებების დასამართად რუსეთის დედაქალაქს ეწვია.

შეთანხმების გზა

მოსალოდნელია, რომ პუტინი ცალკე მოლაპარაკებებს პეზეშქიანთანაც გამართავს.

რუსეთი და ირანი მსოფლიოში ყველაზე მეტად სანქცირებულ სახელმწიფოთა შორის არიან; მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მათ სამხედრო და ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გააღრმავეს. ირანი რუსეთს მიმდინარე აგრესიისთვის უპილოტო საფრენი აპარატებით ამარაგებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსკოვი და პეკინი ირანის შეიარაღების გამო გააფრთხილა. ამერიკული მედიის ვარაუდით, უკრაინის თემის გარდა, რატკლიფის მიზანი რუსი კოლეგებისთვის იმ გაფრთხილების გადაცემაც იყო, რომ მოსკოვს თეირანისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეეკავებინა.

მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცეცხლი პირველად გაიცვალა, პეზეშქიანმა ბიშკეკში განაცხადა, რომ ომის გაგრძელება თეირანის ინტერესებში არ შედიოდა.

„ჩვენ კვლავ ვცდილობთ შეთანხმებისა და ურთიერთგაგების გზის მოძებნას. მიგვაჩნია, რომ ომის გაგრძელება არც ჩვენს და არც რეგიონის ინტერესებში არ შედის", -განუცხადა მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდის.

პუტინი, სი ძინპინი, პეზეშქიანი, მოდი და შარიფი მონაწილეობას მიიღებენ პლენარულ სესიაში, რომელსაც ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უძღვება.

სამიტს 10 წევრის გარდა, ალიანსს ახლა 15 „დიალოგის პარტნიორი" ჰყავს, მათ შორის თურქეთი, საუდის არაბეთი და კატარი. ორგანიზაციას ასევე ორი დამკვირვებელი ქვეყანა, ავღანეთი და მონღოლეთი, ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტსა და გლობალური მშპ-ის 25 პროცენტს წარმოადგენს, ის მაინც მრავალფეროვანია და წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ნარჩუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე