თამთა ჩაჩანიძე
(01.09.2026)

ისლანდიის რეფერენდუმის შედეგების შემდეგ საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საუბარი გააქტიურდა - ინიციატივით ხელისუფლებას უკვე პროსახელისუფლებო ალიანსმაც მიმართა, მანამდე კი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ისლანდიის მაგალითი არაერთხელ ახსენეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, „ქართულ ოცნებას" ამ ეტაპზე რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა აწყობდეს, რადგან საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა კვლავ მაღალია. მათი თქმით, საქართველოსა და ისლანდიის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რეალობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ისლანდიის მაგალითის საქართველოში პირდაპირ გადმოტანა არასწორი იქნება.

როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, „ქართული ოცნება" ამ ეტაპზე ამ საკითხზე კენჭისყრის დანიშვნისგან თავს შეიკავებს. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ისლანდიის მაგალითი თავად მმართველი პარტიის დღის წესრიგის აქტიური თემაა, რაც თავისთავად კითხვებს ბადებს.

29 აგვისტოს ისლანდიაში გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ მისცა ხმა. საბოლოო შედეგებით, ინიციატივას 47.2% მიემხრო, წინააღმდეგი კი 52.8% აღმოჩნდა, ამომრჩეველთა აქტივობამ კი 82.5% შეადგინა. კენჭისყრა უშუალოდ ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეხებოდა - მოქალაქეებს მხოლოდ ის უნდა გადაეწყვიტათ, განახლდებოდა თუ არა ბრიუსელთან გაწევრიანების მოლაპარაკებები.

ამის შემდეგ „მემარცხენე ალიანსმა" რომლის რიტორიკა და პოზიციები ხელისუფლების პოზიციებს ემთხვევა, მმართვლ პარტიას მოუწოდა რეფერენდუმი აქაც ჩატარდეს.

„მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა 31 აგვისტოს.

წავა თუ არა „ოცნება" რეფერენდუმზე

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეუძლებელი რაფერია, თუმცა, ახლა „ოცნებას" რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა აწყობდეს.

„ყველაფერი შეიძლება, ახლა შეუძლებელი რა არის, მაგრამ ყველაფერს თავისი ფუნქცია აქვს. ისლანდიისთვის ეს პროცესი უფრო ბუნებრივი და ადრე დაწყებული იყო და შეჩერება არ ნიშნავს, რომ ისლანდია, მაგალითად, რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა და ა.შ. ისევე, როგორც მაგალითად ინგლისი რომ გამოვიდა ევროკავშირიდან - „ბრექსიტი". ეს არ ნიშნავდა, რომ ინგლისმა ეს პუტინის ხათრით გააკეთა ხომ? ანუ, ამ ნაბიჯებს არ ჰქონია უფრო მეტი პოლიტიკური დატვირთვა, ვიდრე თვითონ ნაბიჯი იყო, რომ „არ გვინდა ევროკავშირიო".

  • რამაზ საყვარელიძე: „ჩვენ რომ იგივე გავაკეთოთ, შეიძლება წამოიწიოს მეორე თემა - ეს ნაბიჯი განპირობებულია საქართველოს მოსახლეობის რეალური მოტივით, თუ რუსული გავლენით? ჩვენ ისედაც გვეკამათებიან მაგ თემით, სანქციებს არ გვაკლებენ"

„ჩვენ რომ იგივე გავაკეთოთ, შეიძლება წამოიწიოს მეორე თემა - ეს ნაბიჯი განპირობებულია საქართველოს მოსახლეობის რეალური მოტივით, თუ რუსული გავლენით? ჩვენ ისედაც გვეკამათებიან მაგ თემით, სანქციებს არ გვაკლებენ, ​რომ „აი, აქ რუსეთის გავლენით მოქმედებთო" და კიდევ ამ ტიპის საკითხის წამოწევა სიტუაციას გაამწვავებს იმათთან და შედეგად რას მოგცემს, ეგეც გაუგებარია. ისე, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრიც იძახის, რომ ჯერჯერობით ასეა და ვნახოთ მომავალში რა იქნებაო. „ქართული ოცნება" რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ, არსებული ლოგიკით, თავი უნდა შეიკავოს. არ ეჩქარება არსად."

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლებას შეუძლია რეფერენდუმზე წავიდეს, თუმცა შედეგები წინასწარ იცის, რომ უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრეა და ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

„ხელისუფლებას შეუძლია წავიდეს რეფერენდუმზე და ჩაატაროს თავიდან, მაგრამ, მერწმუნეთ, შედეგი ისეთი არ იქნება, რაც ისლანდიაში იყო. ისლანდია განსხვავებული ქვეყანაა, თავისი გეოპოლიტიკური განლაგება, სხვანაირი ისტორია და კულტურა აქვს. რაც მთავარია, ისლანდიის მეზობელი არ არის რუსეთი და ორი საუკუნე არ ყოფილა რუსეთის მონობაში. ყოველ შემთხვევაში, დღეს ისეთი საფრთხე ისლანდიას არ ემუქრება, რაც ემუქრება საქართველოს, ამიტომ ისლანდიას თავისუფლად შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, 52% არც ისე კატასტროფულად დიდი სხვაობაა.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „არა მგონია, რომ "ოცნებამ" ასეთი ნაბიჯი გადადგას, რადგან ყველაზე კარგად მათ იციან, თუ ევროსტრუქტურებისა და ევროინტეგრაციისადმი როგორი მხარდაჭერაა საქართველოში"

„ამასთანავე, ისლანდია ევროკავშირის წევრი არაა, მაგრამ თითქმის მთლიანად არის ინტეგრირებული ევროპაში და განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ სრულიად განსხვავებული გარემო გვაქვს, ამიტომ რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ რომც ჩატარდეს, თუ ეს მართლა პატიოსანი იქნება და არა ისეთი, როგორსაც „ქართული ოცნება" ატარებს ზოგადად არჩევნებს, მაშინ დიდი პრობლემა მაინცდამაინც არა მგონია რომ იყოს, იმიტომ რომ საქართველოში ნებისმიერი გამოკითხვით, სადღაც 70%-მდე ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას უჭერს მხარს. არა მგონია, რომ "ოცნებამ" ასეთი ნაბიჯი გადადგას, რადგან ყველაზე კარგად მათ იციან, თუ ევროსტრუქტურებისა და ევროინტეგრაციისადმი როგორი მხარდაჭერაა საქართველოში",- განაცხადა ძაბირაძემ.

ოცნების პოზიცია

მმართველი პარტიის წევრებმა ისლანდიის რეფერენდუმი რამჯერნერმე ახსენეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში, მათ შორის ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვრცლად ისაუბრა.

„ისლანდიის რეფერენდუმი არ იყო ევროპული იდეის მარცხი. ის იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და შეხსენება, რომ ევროპული იდეის საფუძველში დგანან ევროპის სახელმწიფოები და რომ ევროპა იქნება არა ის, თუ რას ხედავენ ბრიუსელის ბიუროკრატები საკუთარი ფანჯრებიდან, არამედ ის, თუ რა უნდათ ევროპულ ხალხებს. საინტერესოა ისიც, რომ რეფერენდუმში მონაწილე დანარჩენი 48% არ გამოსულა და არ დაუწყია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, პოლიციელების ცოცხლად დაწვა, რევოლუციები და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. რეფერენდუმის დღე არავის გამოუცხადებია დემოკრატიის შავ დღედ, არავის მიუღია რეზოლუციები და სანქციები ისლანდიელი ხალხის დასასჯელად, ევროკავშირიდან არავინ გამოსულა ისლანდიაში აქციებზე და როგორც ჩემმა კოლეგამ განაცხადა, მეორე დღეს ისლანდიელებს ჩელიაბინსკში არ გაუღვიძიათ. ეს ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი „გასაგები" არ ყოფილა ქართველების ხმა ბრიუსელისთვის",- თქვა მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე