მარიამ ვეკუა
(01.09.2026)

რუსეთის მიერ უკრაინის მასშტაბური დაბომბვების ფონზე, კაია კალასი ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, კიევს სასწრაფოდ მიაწოდონ ანტისაჰაერო რაკეტები. ირლანდიაში შეკრებილ თავდაცვის მინისტრებს ევროკომისარმა ასევე წარუდგინა ინიციატივა ახალი სამხედრო-პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელმაც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა გარდაქმნას.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა სამშაბათს იმ ქვეყნებს, რომელთა საჰაერო თავდაცვის რაკეტებსაც ექსპლუატაციის ვადა მალე ეწურება, მოუწოდა, აღნიშნული შეიარაღება უკრაინას გადასცენ. დიპლომატის განცხადებით, კიევს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად საჭირო სისტემების მწვავე დეფიციტი აქვს.

„მთავარი გამოწვევა საჰაერო თავდაცვაა. მათ ეს რაკეტები აკლიათ," - თქვა კალასმა ირლანდიის ქალაქ უიკლოუში გამართულ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.

„ვიცით, რომ ზოგერთ ქვეყანას აქვს რაკეტები, რომლებსაც ვადა მალე გასდის. შესაბამისად, ძალიან კარგი იქნება, თუ მათ უკრაინას გადასცემენ, რათა საკუთარი ხალხის დასაცავად გამოიყენონ."

მისი თქმით, ნატო ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედად რჩება.

„მომავალ კვირას შევქმნი მაღალი დონის ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის, ასევე გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები, რათა ახლებურად შევხედოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ მიმდინარე და მზარდ რეალურ სამხედრო საფრთხეებს.

ეს არის ის, რისთვისაც სიჩქარე ნამდვილად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ნატო რჩება ჩვენი ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედად და ამავდროულად, შეერთებული შტატები ასევე მოუწოდებს ევროპელ მოკავშირეებს, აიღონ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზე და არსებობს ბევრი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია სწორი თანმიმდევრობით ინვესტირებისთვის", - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ევროპამ არ უნდა მოახდინოს აშშ-ის შესაძლებლობების უცვლელად გადმოტანა, რადგან ძირითადად ევროპის ტერიტორიის დაცვაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მაგრამ აშშ-ის გამოცდილება უნდა გამოიყენოს.

„მაგრამ ასევე, უნდა განვიხილოთ უკრაინის ფართო და ინოვაციური ოპერატიული გამოცდილება. ამიტომ, ამ ჯგუფს ვთხოვდი, დაუპირისპირდეს ტრადიციულ აზროვნებას და მხოლოდ არსებული პრაქტიკის კიდევ უფრო მეტად გამოყენების ფარგლებს გასცდეს. სწორედ ეს არის ამოცანა - განვსაზღვროთ, რა უნდა გააკეთოს ევროპამ სხვაგვარად, რათა მომავალში საკუთარი თავის უკეთ დაცვა შეძლოს,"

„რუსეთი მართლაც მიმართავს ესკალაციას, რათა მაქსიმალურად დააზიანოს უკრაინელი ხალხი და გატეხოს ისინი," - განაცხადა კალასმა და აღნიშნა, რომ უკრაინელები „მტკიცედ დგანან" და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ." -აღნიშნა კალასმა

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ კალასის ინიციატივა რეალური და აუცილებელი პირველი ნაბიჯია ევროპული თავდაცვის სტრატეგიის გააზრებისთვის, თუმცა მისი ქმედითუნარიანობა სრულად იქნება დამოკიდებული იმაზე, გაითვალისწინებენ თუ არა ევროპელი ლიდერები ამ ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ პრობლემა არა იდეების ნაკლებობა, არამედ ქარხნებისა და შეიარაღების დეფიციტია, რადგან ევროპული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ნელი ტემპით მუშაობს.

მინისტრები ასევე გეგმავენ კოსმოსური უსაფრთხოების განხილვას, რომელიც კალასმა თავდაცვის საკვანძო კომპონენტად შეაფასა და ხაზი მის როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულებას გაუსვა.

ირლანდიის თავდაცვის მინისტრმა ჰელენ მაკენტმა, რომელიც ღონისძიება სმასპინძლობდა, განაცხადა, რომ უიკლოუს მოლაპარაკებები იმართება „თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული ღრმა გამოწვევების პერიოდში", რა დროსაც მჭიდრო თანამშრომლობა საჭიროა, როგორც არასდროს.

უწყვეტი რუსული იერიშების მე-6 დღე

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმებს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ინდოეთის მოქალაქე, ათეულობით კი დაშავდა.

  •  კაია კალასი: „ვიცით, რომ ზოგერთ ქვეყანას აქვს რაკეტები, რომლებსაც ვადა მალე გასდის. შესაბამისად, ძალიან კარგი იქნება, თუ მათ უკრაინას გადასცემენ, რათა საკუთარი ხალხის დასაცავად გამოიყენონ"

რუსულმა დარტყმებმა ოდესის ოლქში ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, რუმინეთის საზღვართან მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტი კი სამიზნეში განზრახ ამოიღეს და დააზიანეს.

ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინამ რუსეთის მხრიდან ხანგრძლივი შეტევების სერია იწვნია, მათ შორის დღისით განხორციელებული დაბომბვებიც, რაც ომით დაუძლურებული ქვეყნის გამოფიტვისკენ მიმართულ მორიგ მცდელობას წარმოადგენს, წერენ გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები. კიევი უკვე ზედიზედ მეექვსე დღეა რუსული იერიშების სამიზნე ხდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე