11 თებერვალს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტი, "ჩუმად ნათქვამი“ გაიმართა. ღონისძიება კომპოზიტორის 30-წლიან შემოქმედებას მიეძღვნა და მისი ყველაზე ცნობილი ჰიტები შესრულდა.
პროექტის მხარდამჭერი გახლდათ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია. ღონისძიებას ესწრებოდა კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძეც.
საღამოზე ცნობილი კომპოზიტორის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ჰიტები შესრულდა. მონაწილეებს შორის იყო მომღერალი სოფო გელოვანი, რომელსაც 15 წლის ასაკში ლილიკო ნემსაძემ "ხორუმი“ დაუწერა და ამ სიმღერაზე კლიპიც გადაიღო.
მან სიმღერის დასრულების შემდეგ ფილარმონიის სცენიდან პოლიტიკური განცხადება გააკეთა.
"ამ სიმღერის შემდეგ, თუ არ ვთქვი ჩემი სათქმელი, მაშინ არც ჩემი სიმღერა იქნება გულწრფელი და არც ჩემი ხმა მართალი. ამ წუთას, ამ სცენიდან მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ პატიმარს, ვისაც უსამართლოდ ართმევენ ხვალინდელ დღეს" - განაცხადა მომღერალმა.
სოფო გელოვანის ამგვარი მოქმედება, კოლეგების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე წერს, რომ "ეს იყო უკიდურესი უკულტურობის, უზრდელობის და სამარცხვინო ქცევის მაგალითი...“
ambebi.ge დილიდან ცდილობდა სოფო გელოვანთან დაკავშირებას, თუმცა მომღერალმა ზარებს და მესიჯს არ უპასუხა. როგორც ჩანს, მას დამატებით კომენტარის გაკეთება არ სურს.
ქალბატონმა ლილიკო ნემსაძემაც სატელეფონო ზარს კი უპასუხა, თუმცა მომხდარზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
სამაგიეროდ, გელოვანს გადაწყვეტილება მოუწონა ნოდიკო ტატიშვილმა:
"მიყვარხარ შენი ღირსებით, სიმართლით, ადამიანობით, პროფესიონალიზმით და მეგობრობით! სოფო, ბრავო! დარბაზი დაინგრა ჰქვია ამას!“ - დაწერა ტატიშვილმა.
როგორც "ამბებს" წყარო უყვება, სოფო გელოვანს განცხადება არც კომპოზიტორთან და არც შემოქმედებით გუნდთან არ შეუთანხმებია. მან პირადი აზრი გააჟღერა და ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე