რეზონანსი
(21.05.2024)

გარდაბანში მომხდარი სასტიკი დანაშაული, რა დროსაც 23 წლის ძმამ 26 წლის და მოკლა, საზოგადოებამ ძალადობების გაგრძელების უმძიმეს ფაქტად აღიქვა. როგორ ვითარდებოდა ტრაგედია, ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები საუბრობს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა გამაოგნებელი ამბები მოჰყვა:

„ეს ბიჭი დას ძალიან დიდხანს ემუქრებოდა: არ ვაცოცხლებ, მაინც მოვკლავო, მაგრამ არავის ეგონა, მართლა თუ მოკლავდა. ფიქრობდნენ, იყვირებს და გაუვლის, დაავიწყდებაო, თორემ ხომ გააჩერებდნენ?! ავტომანქანას მაინც არ მისცემდა მამამისი, რომ დას არ დასჯახებოდა. მიზეზი გოგონას ქცევა იყო... ქმარ-შვილი ჰყავდა, ორი პატარა ბიჭი, დატოვა ესენი, ყველა, სხვა შეიყვარა და მას გაჰყვა. უთქვამს, მე იმ კაცთან ვერ გავჩერდები, ვინც არ მიყვარს, სხვა შემიყვარდა და უნდა წავყვეო. ჰოდა, ასეც გააკეთა. ღამით გაიპარა. დილით, ბავშვებმა და ქმარმა რომ გაიღვიძეს, დედა აღარ იყო, ერთი კვირის მერე გაიგეს, გათხოვდაო. არც ისე შორებელს წაჰყოლია. მეორე ქმარს ბევრი იცნობს. პირველი ქმარი, ჩემი აზრით, არ იყო ცუდი ადამიანი.

მაგ გოგოს საქციელის მთელ ოჯახს რცხვენოდა. ბავშვებიც მამამ დაიტოვა. როგორც მე ვიცი, ეგ კაცი ამბობს, ამიერიდან ჩემი ყოფილი ცოლის ნათესავები არ დამენახვონ, ბავშვებს არავის ვანახვებ, არ მიეკარონო! მაგიტომ მოიფიქრა მაგ ბიჭმა მკვლელობა. გარდაბანში ჩაუსაფრდა დას და რომ გამოჩნდა, მანქანით დაეჯახა და წააქცია...

მამის ოჯახში მკვდარსაც არ იღებდნენ. მამა ამბობდა, - როგორო, ამან თავისი ძმა ციხეში გაუშვა და მე როგორ დავმარხო, არ დავმარხავო. ბოლოს ხალხმა ურჩია, ეგრე არ შეიძლებაო და სხვა რა გზა ჰქონდა, დამარხა გოგო. თუმცა სოფლიდან ძალიან ცოტა ხალხი იყო მაგ დაკრძალვაზე მოსული. წესი წესია და უნდა შესრულებულიყო, თორემ ეგ ხალხიც არ უნდა მოსულიყო", - განუცხადა ადგილობრივმა "კვირის პალიტრას"

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე