რეზონანსი
(06.12.2022)

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახის წევრები ცხედრების მოლოდინში არიან, თუმცა, ჯერჯერობით, მათ გამოსვენებას თანამებრძოლები ვერ ახერხებენ. როგორც ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან ამბობენ, ახლა მათი სურვილია, რომ დასატირებლად ცხედრები ჰქონდეთ.

3 დეკემბერს დაღუპული ხუთი მეომრიდან ოთხი აფხაზეთიდან დევნილია. 41 წლის ავთო რურუა, რომელიც დევნილობის შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობდა, ომში, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩაერთო. მონაწილეობდა აფხაზეთისა და აგვისტოს ომებშიც.

ბოლოს მეუღლეს 3 დეკემბერს გამთენიისას გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება და უთხრა, რომ ძალიან უყვარს, საბრძოლველად გადის და როგორც კი მოახერხებს, დაუკავშირდება. ეს მასთან ბოლო კავშირი აღმოჩნდა.

უკრაინაში დაღუპულმა მებრძოლმა ავთო რურუამ ბოლო შეტყობინება შვილს გაუგზავნა:

“შემოგევლოს ჩემი თავი შვილო, მიყვარხარ მამა და ყველაფერი კარგად იქნება. კაი, სიცოცხლე, მე ახლა გავდივარ უკვე და ტელეფონი უნდა გავთიშო…” – ეს იყო ქართველი მებრძოლის ბოლო ხმოვანი შეტყობინება.

ავთო რურუას მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და წერს, ყველაფერს გააკეთებს და საამაყო შვილებს გაზრდის.

“მე და შენ, ავთო, საამაყო შვილები გვყავს. ბედნიერი იყავი საამაყო შვილები რომ გყავდა ამით. შენი შვილებისთვის ბევრი ბედნიერი დღე და სიურპრიზები გქონდა დაპირებული. შენ ვერ შეუსრულე შვილებს პირობა. მაგრამ მე გპირდები, რომ შენ შვილებს ისეთ გავზრდი, ყველას ეამაყებოდეს და შენმა მებრძოლმა სულმა იქიდან გაიხაროს.

ყველაფერს გავაკეთებ, გპირდები…

მშვიდად განისვენე ავთო… არ მჯერა, ამის დაწერა რომ მომიწევდა….

ალექსის და ანდრიას შეჰპირდი გმირულად სიკვდილს და დღეს გმირი ხარ!

მაგრამ შენ შვილებს შენ ცოცხალი სჭირდებოდი…”, – წერს 3 დეკემბერს უკრაინაში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი ავთო რურუას მეუღლე ელმირა ინალიშვილი.

მეტრონომი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე