რეზონანსი
(05.12.2022)

ფოთში, 24 წლის ახალგაზრდას, ჯანო ჯიქიას უკვე მეორე თვეა ეძებენ. ოჯახის წევრის, ჯილდა ჯანგვაძის ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან 24 ოქტომბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე გავიდა და მისი კვალი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიკარგა.

როგორც „ფორტუნას" ჯილდა ჯანგვაძემ უთხრა, დაკარგულს არავითარი კონფლიქტური სიტუაცია არ ჰქონია - არც ოჯახის წევრებთან და არც სხვა ახლობლებთან, თუმცა ამასთანავე, ჯანო ჯიქიას ბიძაშვილი მის დეპრესიულ ხასიათზე მიუთითებს.

ოჯახი ითხოვს, სამართალდამცველებმა ყველა ჩანაწერი ამოიღონ, რომელიც იმ მანძილზე შეიძლება იყოს, რომელიც დაკარგულმა სავარაუდოდ, განვლო და შემდეგ, კვალიც დაიკარგა.

„24 ოქტომბერს, დაახლოებით, საღამოს 20:00 საათზე, სახლიდან სრულიად ჯანსაღ გონებაზე გავიდა. ოჯახში არავითარი კონფლიქტი არ ჰქონია. მას შემდეგ ვეძებ.. რაც შეეხება მოტივს, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ცოტა გულჩათხრობილი ადამიანია და ვიფიქრეთ დეპრესიულ ფონზე, თუმცა იმ დღეს მუშაობდა და სანერვიულო არც არაფერი ჰქონდა.

სამართალდამცველებმა მხოლოდ ერთი კამერის ჩანაწერი ამოიღეს. როგორც ვიცით, გზა ზღვისკენ მიდის, სადაც დევნილების დასახლებაცაა.. ამბობენ, რომ კვალი ზღვაზე იკარგება და შესაბამისად, პოლიცია მხოლოდ ზღვაზე ეძებს.

ჩვენ ყველგან ვეძებთ. ზარები შემოდის, რომ აეროპორტის ტერიტორიის გზაზე გამხდარი, მაღალი ბიჭი დაინახეს, რომელიც ჯანოს მიამსგავსეს, მას შემდეგ ვდგავართ აეროპორტის გზაზე და ვაკვირდებით, იქნებ ერთხელ გამოჩნდეს, ტყეშიც შევდივართ და ვეძებთ", - უთხრა „ფორტუნას" დაკარგულის ბიძაშვილმა ჯილდა ჯანგვაძემ.

fortuna.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე