ბაჩანა ტყემალაძე
(05.02.2023)

აშშ-მა გიგანტური ჩინური საჰაერო ბურთი ჩამოაგდო, რომელიც, მათი ინფორმაციით, ქვეყნის მთავარ სამხედრო ობიექტებზე თვალთვალს ახორციელებდა. მისი განეიტრალება კვირას დილით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მოიერიშე თვითმფრინავებმა განახორციელეს და ამერიკის კუთვნილ ტერიტორიულ წყელბზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით ჩამოაგდეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინური საჰაერო ბურთი თავდაპირველად კვირის დასაწყისში, მონტანას ცაზე დააფიქსირეს. პარასკევს კი პენტაგონმა გამოაცხადა, რომ ის არ იყო სამხედრო დანიშნულების და არ წარმოადგენდა პოლიტიკურ საფრთხეს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აეროსტატის ჩამოგდების შესახებ ბრძანება ოთხშაბათს გასცა, მაგრამ ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა საჰაერო ძალებს ურჩიეს, რომ ბურთი ხმელეთზე არ ჩამოეგდოთ, რადგან შეიძლებოდა, რომ ნამსხვრევებს სამოქალაქო პირებისთვის საფრთხე შეექმნა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით „ძლიერი უკმაყოფილება და პროტესტი გამოთქვა აშშ-ს მიერ ძალის გამოყენების წინააღმდეგ სამოქალაქო უპილოტო საფრენ აპარატებზე". ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბურთი აშშ-ის საჰაერო სივრცეში შემთხვევით შევიდა და ის ძირითადად გამოიყენებოდა მეტეოროლოგიური და სხვა სამეცნიერო მიზნებისთვის. მათივე ინფორმაციით, ჩინეთმა აშშ-ის თხოვნით მიმართა, „მშვიდად, პროფესიონალურად და თავშეკავებულად" მოქცეულიყო.

„აშშ-ს დაჟინებით უნდოდა სამხედრო ძალის გამოყენება. მათი მხრიდან ეს აშკარად გადაჭარბებული რეაგირება იყო", - განაცხდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ჩინური ბურთის აშშ-ის ტერიტორიაზე ყოფნა უკვე საერთაშორისო სამართლისა და მათის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იყო და მათ შესაბამისად იმოქმედეს.

აეროსტატის ჩამოგდებამდე აშშ-ის მთავრობამ კაროლინას მიმდებარედ არსებული სამი აეროპორტიდან - ვილმინგტონიდან, მირტლ ბიცშიდან და ჩარლსტონშიდან ფრენებს შეჩერების ბრძანება გასცა. ფრენები შაბათ შუადღეს განახლდა.

მიუხედავად იმისა, რომ აეროსტატი ჩამოაგდეს, ჯო ბაიდენს მაინც მოუწევს კონგრესში რესპუბლიკელი ოპონენტების მხრიდან ინტენსიური კრიტიკის ატანა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო საკმარისად სწრაფად და ეფექტურად ემოქმედა.

„აშკარაა, ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა იმედი, რომ დამალავდა ეროვნული უსაფრთხოების მარცხს კონგრესისა და ამერიკელი ხალხისგან", - განაცხადა რესპუბლიკელმა მაიკ როჯერსმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ჯო ბაიდენს ბურთის ჩამოდგებისკენ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მოუწოდა. საგულისხმოა, რომ 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი კენჭს იყრის და სავარაუდოდ, მისი საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩინეთთან ურთიერთობა იქნება.

მრავალი კითხვა არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენი ინფორმაციის შეგროვება შეძლო ჩინურმა აეროსტატმა შეერთებულ შტატებში „შემთხვევითი ვიზიტის" დროს.

ბურთი აშშ-ის საჰაერო სივრცეში 28 იანვარს, ალიასკის მხრიდან შევიდა, რის შემდეგაც 30 იანვარს კანადის საჰაერო სივრცეში გადაინაცვლა. 31 იანვარს იგი კვლავ გადავიდა აშშ-ის სააჰაერო სივრცეში, კერძოდ ჩრდილოეთ აიდაჰოს თავზე. აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, 31 იანვრის შემდეგ ის არ გადაადგილდებოდა ღია წყლების თავზე, რაც ობიექტის განეიტრალებას ართულებდა.

ბურთთან დაკავშირებით ყველა დეტალის გასარკვევად აშშ-ის თავდაცვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ისინი ჩამოგდების შემდეგ ღია წყლებში 11 კილომეტრზე მიმოფანტული აეროსტატის ნამსხვრევების შესწავლას აპირებენ, რათა დაადგინონ ჩინური ტექნოლოგიის შესაძლებლობები, ამ შემთხვევაში კი დედამიწი დაბალ ორბიტაზე მყოფი თანამგზავრების ინტელექტუალური შესაძლებლობები.

აეროსტატის აშშ-ის ცაზე გამოჩენამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ანტონ ბლინკენს აიძულა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გადაედო, სადაც პარასკევს უნდა ჩასულიყო.

აღნიშნულ ვიზიტზე ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი გასული წლის ნოემბერში შეთანხმდნენ. ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა კი ისევ მატულობს.

ყველაფრის მიუხედავად, ჩინეთს სურს აშშ-სთან სტაბილური ურთიერტობა, რათა თავის ეკონომიკაზე მეტად ფოკუსირდეს.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ჩინური საჰაერო ბურთი იმავე პერიოდში სამხრეთ ამერიკის ცაზეც გამოჩნდა. ბოლოს იგი კვირას კოსტა-რიკის თავზე დააფიქსირეს. მასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე