ნაზი ბერიძე
(02.02.2023)

წარმატებული კონტრშეტევისთვის კიევს სჭირდება ეფ-16 გამანადგურებლები, რადგან ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების თავზე საჰაერო სივრცეს დაკეტავენ. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ვლადისლავ სელეზნევმა „ობოზრევატელთან" ინტერვიუში ისაუბრა.

„ერთის მხრივ უკრაინული არტილერია მუშაობს, მეორე მხრივ აქტიურად ჩართულია ჯავშანტექნიკა - და გვახსოვს, რომ „ბრედლის" 60 ჯავშანმანქანა უკვე მიდის უკრაინაში. ეფ-16-ები კი ქმნის ყველა წინაპირობას იმისათვის, რომ კონტრშეტევა იყოს წარმატებული," - აღნიშნა ექსპერტმა.

როგორც სელეზნევი აცხადებს, კონტრშეტევისა და ტერიტორიების განთავისუფლების მიზნით, აქტიური საომარი მოქმედებებისთვის, მინიმუმ ოთხკვირიანი რესურსებია საჭირო. საუბარია ერთი ოპერაციის საჭიროებებზე. საერთო ჯამში, უკრაინის სრული გათავისუფლებისთვის, შეიძლება საჭირო გახდეს ხუთი, ექვსი ან შვიდი ოპერაცია.

„თითოეული ასეთი ოპერაცია დამოკიდებულია ოთხკვირიანი საომარი მოქმედებების რესურსებზე. ეს არის არტილერია, საბრძოლო იარაღი, ასევე ტანკები და სხვა ტიპის ჯავშანტექნიკა," - ამბობს სელეზნევი.

2 თებერვალს „პოლიტიკომ", პენტაგონის ოფიციალურ პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა, რომ შეერთებული შტატები ნაკლებად სავარაუდოა ამერიკული ეფ-16-ების უკრაინისთვის გადაცემას დათანხმდეს, მაგრამ შეიძლება განიხილოს ამ ავიაგამანადგურებლების მიწოდება სხვა ქვეყნების მხრიდან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ეფ-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გადასცემს. შეკითხვაზე მოკლე პასუხით „არა"-თი შემოიფარგლა და უარის მიზეზი არ დაუსახელებია.

30 იანვარს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის ამერიკული ეფ-16-ების გადაცემაზე, მაგრამ მისი თქმით, ამისათვის საჭიროა ამერიკის შეერთებული შტატების თანხმობა.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ასევე კატეგორიულად უარყო ეფ-16-ის უკრაინაში გადაცემის იდეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე