ბაჩანა ტყემალაძე
(01.02.2023)

რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც მსჯავრს 2021 წლის 17 იანვრიდან იხდის, მკაცრი რეჟიმის საკანში ნახევარი წლით გადაჰყავთ. ამ ტიპის საკნებში მხოლოდ საპატიმროს წესების გამოუსწორებელი დამრღვევები, მაქსიმუმ ექვსი თვით ხვდებიან.

ნავალნის მომხრეები ასევე იტყობინებიან, რომ ოპოზიციონერს მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ მკურნალობდნენ.

პირველ თებერვალს, ნავალნი სადამსჯელო იზოლატორიდან უნდა გამოსულიყო, სადაც ის 25 იანვარს მოათავსეს უკვე მე-11-ედ. როგორც ირკვევა, ოპოზიციონერმა კოლონიის თანამშრომელს თავი არასწორად წარუდგინა. კოლონიის ხელმძღვანელის თქმით კი ნავალნის სადამსჯელო საკნიდან გამოშვების შემდეგ მას უკან თითქმის მაშინვე აბრუნებენ.

ალექსეი ნავალნის პარტიის წევრებმა ასევე გამოაქვეყნეს მასალა, სადაც შრომა-გასწორების კოლონიის იმ თანამშრომელთა ვინაობა წერია, რომლებიც მუდმივად თათბირობენ, თუ როგორ გააუარესონ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ცხოვრება და მდგომარეობა.

თავად პოლიტიკოსი კი აცხადებს, რომ მას ცილს სწამებენ და სადამსჯელო საკანში მისი გაგზავნის საბაბები გამოგონილია. ნავალნიმ ასევე აღნიშნა, რომ საკანში არსებული მდგომარეობა პრაქტიკულად წამების ტოლფასია და მას არანაირ სამედიცინო დახმარებას არ უწევენ.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი 2020 წლის 20 აგვისტოს კომატოზურ მდგომარეობაში ომსკის საავადმყოფოში მოათავსეს და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მისი გუნდის განცხადებით, იგი მოწამლეს. ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ 22 აგვისტოს გადაიყვანეს, რის შემდეგაც იგი კომიდან გამოვიდა.

2021 წლის 11 იანვარს რუსეთის სასჯელი აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ივ როშეს საქმეზე მიღებული პირობითი მსჯავრი რეალურით ყოფილიყო ჩანაცვლებული, რის შემდეგაც რუსი პოლიტიკოსი აეროპორტში დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე