ბაჩანა ტყემალაძე
(25.01.2023)

ჟურნალისტთა დაცვის მსოფლიო კომიტეტმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში შემაშფოთებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც 2022 წელს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მაღალია.

საერთო ჯამში, 2022 წელს მსოფლიოში 67 ჟურნალისტი და მსოფლიო მედიის სხვა პროფესიის წარმომადგენელი მოკლეს. ეს მაჩვენებელი 2021 წელზე ორჯერ მეტია.

„აღნიშნული სტატისტიკა პრესის თავისუფლების მკვეთრ კლებაზე მიუთითებს. ჟურნალისტებს მსოფლიოს მასშტაბით მასიურად აპატიმრებენ, საზოგადოება კი იძულებული რჩება, რომ გაჩუმდეს", - განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პრეზიდენტმა, ჯოდი გინსბერგმა.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ვკითხულობთ შემაშფოთებელ სტატისტიკას დაკავებული ჟურნალისტების შესახებ. 2022 წელს დააპატიმრეს 363 რეპორტიორი, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მედია სივრცისთვის გასული წელი ასევე იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უწევდათ უკრაინაში ჩასვლა და პუტინის სასტიკი ქმედებების გაშუქება. ამ პროცესებს 15 პრესის წარმომადგენლის სიცოცხლე შეეწირა.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, უკრაინა, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება, ჟურნალისტებისთვის ყველაზე „მომაკვდინებელი" ადგილი არ ყოფილა. ამ ტიტულს ლათინური ამერიკა ატარებს, სადაც დაიღუპა 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

მექსიკაში 2022 წელს ჟურნალისტებს სასტიკად ხოცავდნენ, ანალოგიური სიტუაცია იყო ჰაიტისა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე