ბაჩანა ტყემალაძე
(18.01.2023)

კიევის გარეუბან ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დაიღუპა. ავიაკატასტროფას ასევე ემსხვერპლა დენის მონასტირსკის პირველი მოადგილე, ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. სულ დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, 22 დაშავებული ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქედან 10 ბავშვია. ვერტმფრენში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა და იგი უკრაინის საგანგებო სამსახურს ეკუთვნოდა.

„18 იანვრის დილას, ბროვარში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის სინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები: მიონისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი დაიღუპნენ," - განაცხადა იგორ კლიმენკომ.

უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესმდივან მარიანა რევას განცხადებით, ჯერ ნაადრევია ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი და საჭიროა საქმე შესაბამისად იქნას გამოძიებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის წარმომადგენლის, იური იგნატის თქმით მიზეზის დადგენა „1-2 დღეში ვერ მოხდება" და ამას „გარკვეული დრო" დასჭირდება.

თვითმხილველთა თქმით, მფრინავმა ავარიამდე სცადა მაღალსართულიანი შენობებას არიდებოდა, მაგრამ საბოლოოდ იგი საბავშვო ბაღთან დაეშვა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ტრაგედიას შემდეგნაირად გამოეხმაურა - „ტკივილი ენით აუწერელია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე