რეზონანსი
(08.01.2023)

გერმანიაში აგორებულ პრორუსულ კამპანიას ეთნიკური რუსები ხელმძღვანელობენ, რომელთაც ზოგ შემთხვევაში სახელი აქვთ შეცვლილი და რუსეთის ხელისუფლებასთან არიან კავშირში. ამის შესახებ საუბარია „როიტერსის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში, სადაც იდენტიფიცირებული არიან ამ მოძრაობის ლიდერები და მოყვანილია კრემლთან მათი კავშირის დამადასტურებელი ფაქტები.

„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ამერიკის მონობა“ - ამ და მსგავსი ლოზუნგებით პუტინის მომხრე აგენტები გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ანტიუკრაინულ და პრორუსულ კამპანიას აწარმოებენ. რუსული და გერმანული დროშების ფრიალით 2000-მდე ადამიანი გასული წლის სექტემბერში კიოლნის ტაძართან შეიკრიბა და გერმანიის ხელისუფლებას უკრაინის მხარდამჭერი დავასლური კოალიციიდან გამოსვლისკენ მოუწოდებდა. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ რუსეთთან მშვიდობის დამყარებას.

ეს მიტინგი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი შემთხვევიდან, როდესაც პრორუსები რუსული პროპაგანდისტული მესიჯებით ქუჩაში განცხადებებს აკეთებენ.  

გერმანია რუსეთ-უკრაინის ომში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვინაიდან იგი ეკონომიკურად ევროპის ყველაზე ძლიერი ქვეყანაა და კიევის ხელისუფლებას ეხმარება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო თვალსაზრისით. 

„როიტერსის“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ ცხადჰყო, რომ რუსული კამპანია გერმანიაში ძირითადად ორ ფრონტზე მიმდინარეობს - ქუჩებსა და ონლაინ პლატფორმებზე. მოწოდებები კი უმეტესად ეხება რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს, ძველ აღმოსავლურ კომუნისტურ კავშირებს, ათწლეულების განმავლობაში გერმანიის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას, უკრაინისთვის დახმარების შემცირებას და ა.შ.

აღნიშნულ კამპანიას თავში ვინმე მაქს შლუნდი უდგას, რომელიც წარმოშობით რუსია და მისი ნამდვილი სახელი როსტისლავ ტესლიუკია. იგი რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერია, გერმანიაში კი სულ რაღაც 10 წლის წინ დასახლდა, რის შემდეგაც სახელი შეიცვალა. 

რამდენიმე თვის წინ იგი იმყოფებოდა რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში. მისი თვითმფრინავის ბილეთის საფასური გადაიხადა რუსეთის სამთავრობო სააგენტომ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის სანქციების ქვეშაა. ვიზიტისას მაქს შლუნდი, იგივე ტესლიუკი დაესწრო კონფერენციას, სადაც მთავარი ონლაინ მომხსენებელი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო, რომელიც კონფერენციაში ონაინ რეჟიმში ჩაერთო. მაქს შლუნდის შესახებ ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ 2022 წლის დასაწყისში მან მოსკოვში აპარტამენტი შეიძინა.

სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“, რომელმაც ავიაბილეთების საფასური გადაიხადა,  კრემლის ნარატივების გავრცელების გამო იქნა დასანქცირებული ევროკავშირის მიერ. 

ასევე იდენტიფიცირებული იქნა გერმანიაში წარმოებული პრორუსული კამპანიის კიდევ ერთი ლიდერი ანდრეი ხარკოვსკი. 

„კიოლნის პროტესტში“ ანდრეი ხარკოვსკისთან და მაქს შლუნდსთან ერთად ასევე მონაწილეობდა ელენა კოლბასნიკოვა, რომელიც მაქს შლუნდის მეგობარი ქალია. იგი წარმოშობით უკრაინელია, ამჟამად კი გერმანიაში ცხოვრობს. ფლაერების და სოციალური მედიის მეშვეობით დღემდე ახდენს პარტნიორთან ერთად პრორუსული დემონსტრაციების ორგანიზებას.

პრორუს პროპაგანდისტებს ერთ-ერთ გერმანულენოვან სოციალურ მედიაპლატფორმაზე აქვთ არხი, სახელად „პუტინის ფანკლუბი“, საიდანაც გასული წლის დასაწყისში, ხალხს გერმანიის პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდეს. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი უკიდურეს მემარჯვენეებთან არიან კავშირში. პოლიცია კი 2022 წლის დეკემბერში ზემოთ მოყვანილ პირებს მთავრობის დამხობის შეთქმულებაში ადანაშაულებდა. 

გერმანიის მთავრობა ამ დრომდე თავს იკავებს ანდრეი ხარკოვსკისა და მაქს შლუნდის, იგივე როსტისლავ ტესლიუკის მოქმედების კომენტირებისაგან. მაგრამ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი აკვირდებიან სხვა ქვეყნების მცდელობებს, რომელთა მიზანიც გერმანიაზე გავლენის მოხდენაა. 

2023 წლისთვის გერმანია უკრაინას 1 მილიარდ ევროზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას, სამხედრო აღჭურვილობას და მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა. 

გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, მაგრამ ქვეყანაში ფასების ზრდამ, რომელიც ენერგო ხარჯების მკვეთრი ზრდითაა გამოწვეული, საზოგადოების რაღაც ნაწილში უკმაყოფილება გააჩინა.

ბაჩანა ტყემალაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე