რეზონანსი
(27.12.2022)

სერბეთსა და კოსოვოს შორის ზაფხულის შემდეგ დაწყებული ურთიერთობის გაუარესება უახლოეს მომავალში შესაძლოა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს. სერბეთის ხელისუფლებაში ამაზე უკვე ღიად საუბრობენ. რეგიონში განთავსებულია ევროკავშირის პოლიციური დანატოფები და ნატო-ს სამშვიდობო კონტიგენტი. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, სამშაბათს სერბეთმა კოსოვოს საზღვრისკენ ჯარის გადასროლა დაიწყო.

ვითარება მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც 10 დეკემბერს კოსოვოს პოლიციამ ეთნიკურად სერბი პოლიციის ყოფილი ოფიცერი ჯარისკაცზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა. ამის გამო სერბებმა ჩრდილოეთ კოსოვოში ბარიკადების აღმართვა დაიწყეს. კოსოვოს ხელისუფლებამ ამ ბარიკადების დემონტაჟი სცადა, რის შემდეგაც ადგილზე დაპირისპირება დაიწყო. 

ამის პარალელურად, ბელგრადმა სთხოვა ნატო-ს კონფლიქტურ ტერიტორიაზე სერბეთის ძალები შეეშვა, რაზეც უარი მიიღო. სამაგიეროდ, ალიანსმა თავისი ჯარის რაოდენობა გაზარდა.  26 დეკემბერს ცნობილი გახდა ისიც, რომ კოსოვოს ჩრდილოეთით, ნატო-ს კონტროლირებად ტერიტორიაზე სროლა იყო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია. 

ევროკავშირმა, რომელიც ნატო-სთან ერთად სპეციალურ მისიას კოსოვოში ახორციელებს, სერბეთი გააფრთხილა, რომ არ მოითმენს ევროკავშირის პოლიციაზე თავდასხმებს, ან კრიმინალურ ქმედებებს.

სერბეთის პრემიერ მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა სერიოზული შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზეა და ამაში პრიშტინის რეგიონი დაადანაშაულა. 

სამშაბათს, 27 დეკემბერს დილის საათებში სერბეთმა ევროკავშირის და ნატოს-ს მოთხოვნის მიუხედავად, კოსოვოს საზღვართან შეიარაღებული ძალები განათავსა და სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. 

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის თქმით, ის ყველა ზომას მიიღებს სერბი მოსახლეობის დასაცავად. ამის პარალელურად, მან ქვეყნის არმიის მეთაური კოსოვოს გამყოფ ხაზზე გაგზავნა. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეისათვის კოსოვოს დამოუკიდებლობა გაეროს 106 ქვეყნის მიერაა აღიარებული, თუმცა მიუხედავად ამისა, მისი სტატუსი ამდრომდე საკამათოა. საქართველო კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყანად არ აღიარებს.

ბელგრადი კოსოვოს დღემდე მიიჩნევს სერბეთის განუყოფელ ნაწილად და ცდილობს კოსოვოს ტერიტორიაზე სერბეთის იურისდიქციის ნიშნები ბოლომდე შეინარჩუნოს, ხოლო კოსოვო ანალოგიურად ცდილობს საკუთარი სუვერენიტეტის დამადასტურებელი დოკუმენტების გავრცელებას კოსოვოს მთელ ტერიტორიაზე, რაც თავისთავად გულისხმობს პირად დოკუმენტაციას და სანომრე ნიშნებს. 

2008 წლის კოსოვოს კონფლიქტის შემდეგ, 2022 წლის 31 ივლისს, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, კოსოვოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სერბული სანომრე ნიშნები პრიშტანის მიერ რეგისტრირებული სანომრე ნიშნებითუნდა ჩანაცვლებულიყო. გარდა ამისა, იცვლებოდა კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლის წესი ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც აგრეთვე უნდა ესარგებლათ პრიშტინას მიერ გაცემული დოკუმენტებით. 

ამ გადაწყვეტილებას სერბეთის ხელისუფლებისა და კოსოვოში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური სერბების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პროტესტის ნიშნად სერბებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან გზა გადაკეტეს, რასაც კოსოვოს ხელისუფლებამ ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების ძალების მობილიზაციით უპასუხა. 

აკრძალვასთან დაკავშირებით, კოსოვოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად სერბი მოსამართლეები, პოლიციელები და მერები, პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგნენ - საუბარია 600 ადამიანზე. შექმნილი კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე, კოსოვოს ხელისუფლებამ ახალი წესების ამოქმედება გადადო. ნოემბრის ბოლოს კი ევროკავშირის შუამავლობით ბრიუსელში გაიმართა სერბეთის და კოსოვოს ლიდერებს შორის მოლაპარაკება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

დღევანდელი ვითარება შემდეგნაირია - ჩრილოეთ კოსოვოში მშვიდობის შესანარჩუნებლად ნატო-მ 3700-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. სერბეთის ხელისუფლებამ კი სრული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა და სამხედრო ნაწილები კოსოვოს საზღვართან განალაგა.

ბაჩანა ტყემალაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე