თამთა ჩაჩანიძე
(25.12.2022)

ლაჩინის კრიზისში, სავარაუდოდ, 26 დეკემბერი გადამწყვეტი დღე იქნება. არსებული ინფორმაციით, სომხეთსა და ყარაბაღს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა სწორედ ორშაბათს უნდა გაიხსნას, თუმცა, მთავარ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი უცნობია - ვის დარჩება კონტროლი ლაჩინის კორიდორზე, რასაც როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული მხარისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფანი ქალაქ შუშასთან 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა გადაკეტეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს. რომ ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო მოპოვება და გატანა ხდება. ლაპარაკია დემირლისა და გიზილბულაგის საბადოებზე, სადაც ოქროს, სპილენძსა და სხვა ძვირფას ლითონებს მოიპოვებენ.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან რუსი სამშვიდობოები. რუსული წყაროების ცნობით, აზერბაიჯანელი აქტივისტები მათ დამამცირებლად ექცევიან და შეურაცხყოფასაც აყენებენ.

ამ ვითარებამ სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია ერევანში, სადაც ბოლო დღეებში ანტირუსული აქციები იმართება, რადგანაც სომხეთში მიიჩნევენ, რომ რუსული მხარე ჯეროვნად ვერ ასრულებს 2020 წლის შეთანხმებას, რაც ამ მაგისტრალზე თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს.

ერევანი მიიჩნევს, რომ აქცია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ არის მართული. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ლაჩინის დერეფნის გარშემო აზერბაიჯანის ქმედებებს უკანონო უწოდა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია, ფაქტობრივად, არ ასრულებს სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.

ფაშინიანი ლაჩინის დერეფანში არსებული კრიზისის გადასაჭრელად საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა და მოიწვია, გაეროს, ეუთოსა და ეუთოს მინსკის ჯგუფის მისიები. მანვე აღნიშნა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების საკუთარი ვერსია გაუგზავნა. მისი თქმით, ერევანში მზად არიან, რომ ამ შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

აქციები, უკმაყოფილება და სერიოზული შეშფოთებაა თავად ყარაბაღშიც. შაბათს სტეპანაკეტში გამართული ერთ-ერთი აქციისას 300-მდე აქციის მონაწილე ფეხით გაემართა რუსულ ბლოკ საგუშაგომდე. ისინი რუსი სამშვიდობოების ხელმძღვანელობას შეხვდნენ და მიიღეს დაპირება, რომ გზა 26 დეკემბერს გაიხსნება.

ორივე მხარეს ამ გზის გახსნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინი აქვს. აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, რუსმა სამშვიდობოებმა კვირას უკვე დაიწყეს ქალაქ შუშასთან ლაჩინის მხრიდან განთავსებული თავისი ბლოკპოსტის დემონტაჟი. ხოლო ამ ბლოკპოსტიდან რამდენიმე მეტრში აზერბაიჯანელი აქტივისტების მიმდინარე აქციის ადგილას, სავარაუდოდ, აზერბაიჯანული ე.წ. მინი საბაჟოს გახსნა იგეგმება, რაც ნიშნავს, რომ სტრატეგიული მაგისტრალი აზერბაიჯანული მხარის კონტროლქვეშ გადადის. თუმცა, ამავე გზაზე რუს სამშვიდოებოებს შეუნარჩუნდებათ მეორე ბლოკპოსტი, რომელიც ასევე შუშასთან, ოღონდ სტეპანაკერტის მხრიდან მდებარეობს.

სომხური მხარის ვერსიით კი, სავარაუდოდ საუბარია ძველი სტატუს კვოს აღდგენაზე, როდესაც ლაჩინოს კორიდორი მხოლოდ რუსი სამშვიდობოების კონტროლქვეშ იყო.

რომელი სცენარია უფრო რეალური, სწორედ ორშაბათს გამოჩნდება. ამ ეტაპზე კი აშაკარაა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სავარაუდოდ, ყველა მხარესთან შეთანხმებულიც. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სატელეფონო საუბრები უმაღლეს დონეზე.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, თეორიულად ორივე სცენარს არსებობის უფლება აქვს, თუმცა შესაძლოა, რამდენიმე გარემოების გამო, მოვლენები აზერბაიჯანული ვერსიით განვითარდეს. პირველი ის, რომ მოსკოვი ბაქოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი ალბათობით, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის მიხედვით, აზერბაიჯანელები თავიანთ საბაჟო პუნქტს გააკეთებენ, თუმცა პარალელურად სიტუაციას რუსებიც გააკონტროლებენ.

აზერბაიჯანული მედია ვარაუდობს, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს ვლადიმერ პუტინსა და ილხამ ალიევს შორის სასაზღვრო უსაფრთხოების შესახებ დისკუსია შესაძლოა ნიშნავდეს, რომ 26 დეკემბრიდან რუსულ სამშვიდობოებთან შეთანხმებით აზერბაიჯანული „მინი-საბაჟო" დაიწყებს მუშაობას, რაც მათი თქმით, ორი კვირის წინ განაცხადა რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურმა ანდრეი ვოლკოვმა.

რაც შეეხება სომხურ ვერსიას, გორისი-სტეპანაკერტის საავტომობილო გზა გაიხსნება, რომელსაც ისევ რუსი სამშვიდობოები გააკონტროლებენ, როგორც „ნიუს ამ"-ს 24 დეკემბრის სტეპანაკერტის აქციის მონაწილე არტურ გრიგორიანი უყვება, რუს სამშვიდობოებთან შეხვედრამ დაძაბულობის გარეშე ჩაიარა, რუსები კი დაპირდნენ, რომ გზა 26 დეკემბერს გაიხნებოდა.

როგორც არტურ გრეგორიანი იძახის, „ამავე დღეს, რუსეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, რაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული". სავარაუდოდ, საუბარია 26-27 დეკემბერს დაგეგმილ დსთ-ს არაოფიციალურ სამიტზე, რომელსაც ასევე დაესწრება სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რეალობასთან ახლოს უფრო აზერბაიჯანული ვერსიაა, რადგან რუსეთს ახლა დაძაბულობა არ აწყობს, თან აქ ბიზნეს ინტერესები იკვეთება, მოსკოვს კი სომხეთის გაჩუმება არ გაუჭირდება.

„2020 წლის ხელშკრულკების მიხედვით, ამ ტერიტორიას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური აკონტროლებს. სიტუაცია დაიძაბა, რადგან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საბადოების სამუშაოებში აწ უკვე ყოფილი რუსი ოლიგარქი ვარდანიანი იყო ჩართული, რომელიც მერე მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმის პრემიერ-მინისტრი გახდა. როგორც ვიცი, ამ ბიზნესში რუსი სამშვიდობოების მეთაური ანდრეი ვოლკოვიც იყო ჩართული და როგორც ჩანს, მთელი სქემა იყო შექმნილი.

„მადა ჭამაში მოდისო და როგორც ჩანს, აზერბაიჯანელებსაც ბიზნესში ჩართვა მოუნდათ და ბაქომ მოითხოვა, რომ სიტუაცია გაეკონტროლებინათ.

„თავიდან რუსებმა ულტიმატუმი წაუყენეს, რომ კორიდორი გაეხსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ზომების მიღებით დაემუქრნენ. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანმა სპეციალური დანიშნულების რაზმებს გაუკეთა მობილიზაცია.

„სომხურსაც და აზერბაიჯანულ ვერსიასაც არსებობის უფლება აქვს და ორივე სცენარი შეიძლება განვითარდეს. თუმცა, ორივე შემთხვევაში რუსული კონტინგეტი მაინც დარჩება.

„მოსკოვსა და ბაქოს შორის სერიოზული მოლაპარაკებები მიდიოდა, ლავროვიც კი იყო ჩასული. ყველა სცენარი მოსალოდნელია, მაგრამ უფრო მგონია, რომ მოსკოვმა და ბაქომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, აზერბაიჯანელები თავიანთ საბაჟო პუნქტს გააკეთებენ და რუსები ალბათ სიტუაცაზე კონტროლს აიღებენ.

„ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ორმაგ თამაშს თამაშობს და გარკვეულწილად საერთაშორისო ზეწოლა მოითხოვა. ახლა უკვე სომხური მხარე აღუდგა და როგორც ჩანს, რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს. თუ სიტუაცია ისე დარჩა, როგორც არის, არ მგონია დაპირისპირება გაღრმავდეს. ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე ტაიმაუტს აიღებს და სერიოოზული დაძაბულობა არ მოჰყვება.

„აზერბაიჯანმა და რუსეთმა მემგონი შეთანხმებას მიაღწიეს და ახლა უკვე მოსალოდნელია, რომ სომხურმა მხარემ დაიწყოს აქტიური ქმედებები. დიდია იმის ალბათობა, რომ მინი ბლოკ-პოსტი ჩადგან. სომხები შესაძლოა აყვირდნენ, მაგრამ მოსოვისთვის ეს დიდი არაფერია, სომხებსაც რაღაცით დააკმაყოფილებს. რუსეთს ახლა ახალი დაძაბულობა არ აწყობს. თან აქ ბიზნეს ინტერესებია და თუ ბლოკპოსტი ჩადგეს, ასე გამოდის, რომ აზერბაიჯანელებიც შევლენ წილში. არალეგალურ ბიზნესზეა საუბარი. დაძაბულობა არცერთ მხარეს არ აწყობს, მთიანი ყარაბაღი უკრაინა არაა და აქ რუსეთი აგვარებს როგორც თავად სურს", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე