თამთა ჩაჩანიძე
(15.12.2022)

ზამთრის მიუხედავად, უკრაინა-რუსეთის ომი კვლავ ცხელ ფაზაშია. კიევი აღარ ერიდება იმაზე საუბარს, რომ მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა რაიონები უკვე აქტიურ საომარ ლოკაციებადაა ქცეული. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, უკრაინა იერიშისთვის მოდიფიცირებული საბჭოთა დრონებს იყენებს, რაზეც გარკვეული შეზღუდვები არ ვრცელდება და არაა გამორიცხული, რომ ამ სტრატეგიით გააგრძელოს.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნის დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. მათი თქმით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს.

გარდა ამისა, უკრაინელებმა 5 დარტყმა მიაყენეს რუსების საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს. უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი დაარტყეს რუსების 2 საკონტროლო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 8 ტერიტორიას და საწვავი და საპოხი მასალების საწყობს.

„მტერი აგრძელებს ფოკუსირებას ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. ის ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური ვითარება კუპიანის, ლიმანის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მათივე ინფორმაციით, სხვა მიმართულებით მოწინააღმდეგე ცდილობს შეაკავოს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებები.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ოთხშაბათს ღამით კურსკში რუსულ ავიაბაზაზე იერიში განხორციელდა. როგორც იგი „ტელეგრამზე" წერს, სამხედრო ობიექტზე თავდასხმა დრონით მოხდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი რუსული მედიის დაუზუსტებელ ცნობებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კურსკში აეროდრომის მახლობლად ორი აფეთქება მოხდა.

„სამხედრო ობიექტს კურსკში უცნობი დრონი დაესხა თავს," - წერს გერაშჩენკო.

ამასთან, რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი" რეგიონის გუბერნატორს, რომან სტაროვოიტს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ „საღამოს კურსკის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვა ამუშავდა. მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა უკრაინის შესაძლებლობები, რომ რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორიებს შეუტიოს, არის მოდიფიცირებული საბჭოთა დრონები,

"ეს იგივე ავიაბაზებია, რომელზეც დარტყმა ადრეც განახორციელეს. უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც უკრაინელებს გააჩნიათ, საბჭოთა კავშირის დროინდელია, რომელიც სადაზვერვო იყო, თუმცა უკრაინელებმა შეძლეს გადააკეთეს და დარტყმითი გახადეს. ეს რა ინფორმაციაც ჩვენამდე მოდის, ისაა.

„თუმცა, არ ვიცი, იქ შესაძლოა დამატებით რაღაცა სპეცოპერაციების ძალებიც იყოს ჩართული და სხვა რაღაცას ახორციელებდნენ. რომ გითხრათ, რომ ამით ომში გარდატეხას შეიტანენ, ძალიან ეჭვი მეპარება. ყოველ შემთხვევაში ამ მასშტაბით და ამ ინტენსივობით ვერა.

„მე არ ვიცი უკრაინას ახლა რა შესაძლებლობები გააჩნია, ის თავის თავს არ შეზღუდავს, მითუმეტეს, ეს უკრაინული სისტემებია და არა დასავლური, რაზეც შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები ვრცელდებოდეს.

„უკრაინული სისტემებით კი არავის არ აქვს უფლება კიევს შეუზღუდოს, რომ თუნდაც რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელოს, ეს აბსოლუტურად მათი პრეროგატივაა.

„არ ვიცი უკრაინელებს ამ მიმართულებით რა პოტენციალი გააჩნია, ფაქტია, რომ ენერგომატარებლებზე და სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმებით რუსები უკრაინის ეკონომიკურ ინდუსტრიულ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აქვეითებენ, რაც მათ თუნდაც ამ იარაღის წარმოება-გადაკეთებისთვის სჭირდებათ.

„უკრაინას რა მარაგები აქვს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ისინი დარტყმებს ნამდვილად გააგრძელებენ. ზამთრის პერიოდში ორივე მხარე ერთმანეთზე დისტანციურ ზემოქმედებას გააგრძელებს. ეს იმისდა მიხედვით იქნება, ვის რა რესურსი გააჩნია. ფაქტია, რომ ეს დასავლეთიდან მიწოდებული იარაღი არაა და უშუალოდ ურაინელების მიერ მოდერნიზირებული სისტემებია",-განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

როგორც კაპანაძე აცხადებს, ახლა ორივე მხარის ძირითადი ძალისხმევა დონეცკის ოლქზეა მიმართული.

„ორივე მხარეს ძირითადი ძალისხმევა მაინც დონეცკის ოლქზეა მიმართული, კერძოდ, ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაზე. ომში ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს უკრაინისთვის, მაგრამ, ზოგადად, სამხედრო-ოპერატიული თვალსაზრისით რაღაც დიდი დატვირთვა ამ ტერიტორიას არ გააჩნია, ამან უფრო პოლიტიკური და საკრალური დატვირთვა რუსეთისთვის მიიღო.

„რუსებს უნდათ, რომ ამ მიმართულებაზე წარმატებას მიაღწიონ, რათა პუტინმა მოსახლეობას უთხრას, რომ ომში გავიმარჯვეთ, რაღაც წარმატებას მივაღწიეთო, ახლა ბახმუტს მათთვის ბერლინის ფასი დაედო, რომ მოსახლეობაში მორალურ ფსიქოლოგიური სულისკვეთება აამაღლონ და პუტინმა გაზარდოს მზადყოფნა იმისთვის, რომ მობილიზაცია კვლავ ჩაატაროს, თუნდაც ნაწილობრივი.

„შესაბამისად, უკრაინელები ცდილობენ, რომ რუსეთმა ამ პოლიტიკურ წარმატებას არ მიაღწიოს. ამიტომაც ისინი ამ ძალისხმევას მიმართავენ. ყველაფერ ამას პოლიტიკური ფასი ადევს, მაგრამ, ჩემი აზრით, უკრაინელებმა უნდა განსაზღვრონ, ახლა ბახმუტის დაცვა რამდენად და რა ძალისხმევით უღირთ, სამხედრო თვალსაზრისით არანაირი დატვირთვა არ გააჩნია.

„ამ მიმართულებაზე ზარალს ხომ უკრაინაც იღებს, ვისურვებდი, რომ იგივე არ მოხდეს, რაც სივერსკი დონეცის მიმართულებაზე მოხდა. როცა უკრაინელებმა დიდი ბრძოლები გამართეს და მერე ლისიჩანსკი უბრძოლველად დატოვეს, რომელიც უფრო ადვილი დასაცავი იყო", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებს პროფესორი გიორგი კობერიძე ეხმიანება.

„დაიბომბა რუსეთის ბრიანსკის რაიონის ის მომიჯნავე ტერიტორია, სადაც რუსული სამხედრო ნაწილია განთავსებული. რეალურად, რუსეთი მალავს, მაგრამ უკრაინის მომიჯნავე კურსკის, ბრიანსკისა და განსაკუთრებით ბელგოროდის რაიონები საკმაოდ აქტიურ საომარ წერტილადაა ქცეული - საზღვრისპირა დასახლებების უმრავლესობა რუსულ სამხედრო ნაწილებსა და არტილერიას უკავია, იქვე თავდაცვის ზღუდეებია მოწყობილი და ტერიტორიული დაცვის რაზმებია შექმნილი. ამასთან ჩვეულებრივი საწყობები იარაღის დასასაწყობებლად გამოიყენება, ხოლო ნავთობი საბრძოლო მიზნებისათვის გამოიყენება. აი მათ წინააღმდეგ კი უკრაინული არტილერია ძალიან აქტიურად მოქმედებს.

„მომდევნო წლიდან რუსეთში კიდევ ერთი დიდი მობილიზაცია იგეგმება. ჯერჯერობით ამაზე მხოლოდ საუბრობენ, მაგრამ, სავარაუდოდ იანვარ-თებერვალში რუსული სამობილიზაციო გეგმა ამუშავდება. მაგრამ მის საპირწონედ უკრაინაც განახორციელებს მობილიზაციის ახალ ტალღას. განსხვავება ისაა, რომ რუსები სხვის ტერიტორიაზე მიდიან ძალიან ცუდად აღჭურვილები, ხოლო უკრაინელები საკუთარ ქვეყანას იცავენ მაღალი მოტივაციით"-წერს ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე