თამთა ჩაჩანიძე
(13.12.2022)

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. ორი დღეა ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია. ორშაბათიდან მოყოლებული ასამდე აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტი აქციას მართავს და ყარაბაღში სომხების მიერ სასარგებლო წიაღისეულის მათი აზრით უკანონო მოპოვებას აპროტესტებენ. სომხური მხარე კი მიიჩნევს, რომ ამ აქციის მთავარი მიზანი ყარაბაღში დარჩენილ სომხებზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რათა მათ ყარაბაღი დატოვონ.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელწმიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვითარება უკიდურესად დაძაბულია და არაა გამორიცხული, რომ შეიარაღებულ კონფლიქტშიც გადაიზარდოს. მისი თქმით, რუსეთის „სამშვიდობო ძალებმა" აზერბაიჯანელებს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ თუ სამშაბათს დღის ბოლომდე არ დაიშლებიან, ისინი გზას ძალით გაათავისუფლებენ.

როგორც ზაქარეიშვილი დასძენს, დღეს სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა რუს ე.წ. სამშვიდობოებს აქვთ გადაკეტილი და არა აზერბაიჯანელებს, იმ მიზეზით, რომ თითქოს სიტუაცია არ დაძაბულიყო. ბაქოს მტკიცებით, ისინი ატარებდნენ სასწრაფო დახმარების, ოპერატიული დახმარებისა და სახანძრო ავტომობილებს და შემოწმების შემდეგ მშვიდობიან მოქალაქეებს. თუმცაღა, მისი თქმით, აზერბაიჯანმა ყველა ვარიანტში 2020 წლის 9 ნოემბრის ერევანი-ბაქო-მოსკოვის შეთანხმება დაარღვია, რასაც ისედაც აპირებდა.

13 დეკემბრის დილით აზერბაიჯანული არასამთავრობოების წარმომადგენლებმა ქალაქ შუშასთან გადაკეტეს ე.წ. ლაჩინის კორიდორი და მოითხოვეს, რომ ადგილზე რუსული სამშვიდობო ძალების მეთაური ანდრეი ვოლკოვი ჩასულიყო. მათი თქმით, არ დაიშლებიან, სანამ აზერბაიჯანელ სპეციალისტებს საბადოებზე არ დაუშვებენ. რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

საქმე ეხება კიზილბულაგის ოქროსა და დემირლის სპილენძ-მოლიბდენის საბადოებს და აზერბაიჯანელ მხარეს მიაჩია, რომ მის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების საბადოებს ძარცვავენ. მთიან ყარაბაღში ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანმა რუსეთს დიპლომატიური ნოტაც გაუგზავნა.

რაც შეხება სომხურ მხარეს, სამშაბათს ერევანში სომხეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით. სხდომას საბჭოს წევრების გარდა, პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ, „ლაჩინის კორიდორთან" არსებული ვითარება.

როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, აღნიშნულთან დაკავშირებით, 12 დეკემბერს საღამოს პუტინი ცალკე აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ცალკე სომხეთის პრემიერს დაელაპარაკა, თუმცა, ჯერჯერობით არაფერს საუბრობენ იმაზე, თუ დაძაბული ვითარება როგორ განიმუხტება. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის განახლების დიდი რისკია, თუმცა იმედოვნებს, რომ საქმე აქამდე არ მივა.

„ეს ის თემაა, რომელიც აუცილებელ ესკალაციას არ მოითხოვს, მაგრამ სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. ასეთი რამ მოსალოდნელი არ იყო, მოლაპარაკებებები სჯობდა. სამწუხარო ფაქტია იმისა, თუ ბაქო და ერევანი ერთმანეთთან რამდენად დაშორებულები არიან, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან შედარებით მარტივი გადაწყვეტილება მიიღონ. მარტივი გადაწყვეტილება კი ისაა, რომ აზერბაიჯანს სურს გააკონტროლოს მის ტერიტორიაზე არსებული საბადოები, მისი ექსპლუატაცია როგორ ხდება.

„ბაქოს აზრით, იქ კვლევითი სამუშაოები ტარდება და რაღაცეების მოპოვება ხდება. ასეა თუ ისე, მათ სურთ, რომ შეამოწმონ. მათ რუსეთის სამშვიდობო ძალებს მოსთხოვეს, რომ შემოწმებაში ხელი შეეწყოთ. ახლა საუბარია, რომ თითქოს მივიდნენ ის ხალხი, ვისაც ეს ევალება, მაგრამ ადგილზე უკვე სომხურმა მხარემ არ მიუშვა და სიტუაცია დაიძაბა.

„როგორც ამბობენ, ეშმაკი დეტალებშიაო. აზერბაიჯანმა გზა გადაკეტა და 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება დაარღვია, მაგრამ სასწრაფო დახმარების, ოპერატიული დახმარებისა და სახანძრო ავტომობილებს ატარებდნენ და შემოწმების შემდეგ მშვიდობიან მოქალაქეებსაც. თუმცა, რუსეთმა გზა ორივე მხრიდან ჩაკეტა, ვითომ ესკალაცია რომ არ ყოფილიყო. დღეს იქ რუსები არ ატარებენ არავის და არა აზერბაიჯანელები.

„მე იმას ვიძახი, რასაც აზერბაიჯანელები და სომხები ამბობენ. სომხების თქმით, აზერბაიჯანელებს აქვთ ჩაკეტილი, აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ კორიდორი რუსებს აქვთ გადაკეტილი, ჩვენ გზას ვაკონტროლებთ, მაგრამ აუცილებელ პროდუქტებს ვატარებთო და სასიცოცხლო მნიშვნელობის მოძრაობას არ ვკეტავთო. თუმცაღა ნებისმიერ შემთხვევაში ეს მაინც 9 ნოემბრის შეთანხმების დარღვევაა აზერბაიჯანის მხრიდან.

„რუსეთის სამშვიდობო ძალებმა ულტიმატუმიც კი წაუყენეს აზერბაიჯანულ მხარეს, რომ 13 დეკემბრის დღის ბოლომდე თუ არ გაათავისუფლებენ, მაშინ ისინი გზას ძალით გაათავისუფლებენ. ყველა ამის მოლოდინშია რუსეთის სამშვიდობო ძალები როგორ მოიქცევა.

„აშკარაა, რომ აზერბაიჯანს სურს დაუმტკიცოს სომხეთსაც და რუსეთსაც, რომ მთავარი წამყვანი ფაქტორი მისი ინტერესებია. ბაქო თვითონაა დაინტერესებული, რომ „ლაჩინის კორიდორი" გახსნილი იყოს, მაგრამ თუ ამ დერეფნის გარდა სხვა საკითხებია მოუგვარებელი, აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ საჭიროა ცალმხრივად ზემოქმედება.

„მოუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ქცევებში ლოგიკაა, მაინც სჯობს, რომ ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდეს და არა ძალის დემონსტრირებით. პირველი დღეებიდანვე ჩანდა, რომ ოფიციალური ბაქო ხუთწლიან შეთანხმებას და ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნას ეჭვქვეშ დააყენებდა. როგორც ჩანს, აზერბაიჯანი ნიადაგს ამზადებს, რომ 2025 წელს რუსეთს სამშვიდობო ძალების დარჩენაზე უარი უთხრას, თუ მანამდე უფრო ადრე არ გაისტუმრა. ეს კი ამის ერთ-ერთი საფუძველია.

„თუ ახლა რუსეთი ძალას გამოიყენებს, მაშინ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში უფრო მეტად გაამყარებს რუსი სამშვიდობოების იქ ყოფნის არამიზანშეწონილობას. რუსეთი იქ არაკომფორტულ ვითარებაშია.

„იმედია იარაღის სროლა არ იქნება, მარამ შესაძლოა რუსებმა რაღაც ფორმით თავისი ძალა აჩვენონ და ამით სოხური საზოგადოება გაახარონ, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით იქნება. 12 დეკემბერს საღამოს პუტინი ცალკე ალიევს და ცალკე ფაშინიანს დაელაპარაკა, მაგრამ 12 საათის შემდეგაც კი შედეგი არ აქვს. ყველა მხარეს თავისი ინტერესები აქვს, რომელიც არცერთი მხარის ინტერესების გათვალისწინებას არ ცდილობს.

„შეიარღებული კონფლიქტის განახლების რისკი საკმარისად დიდია, მაგრამ იმედია, რომ საქმე აქამდე არ მივა და დიპლომატია სიტუაციას დროიებით განმუხტავს. ნებისმიერ შემთხვევაში განმუხტული სიტუაცია უფრო ბაქოს სასარგებლოდ იქნება", - განაცხადა ზაქარეიშილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე