ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ-პოლონური ურთიერთობის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორი ქვეყნის პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცებაში.
სწორედ მისი შექმნილია კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულება უნივერსიტეტში, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. პარალელურად ყოლბაია გამოსცემს ჟურნალ Pro Georgia-ს, რომელიც საქართველოს, მისი კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების პოპულარიზაციას უწყობს ხელს პოლონეთში.
დავით ყოლბაია: იოზეფ პილსუდსკი (პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაური და პოლონეთის არმიის დამაარსებელი) იყო პირველი, ვინც დაინახა კავკასიის რეგიონი როგორ პოლიტიკური ერთეული და ხელს უწყობდა ამ რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობას, განსაკუთრებით დიდი იყო ინტერესი და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
მთლიანობაში შეიძლება გამოვყოთ 3 ისტორიული პერიოდი, რაც განაპირობებს პოლონურ-ქართული ურთიერთობის მტკიცე ბაზისს: მე15-დან-მე-17 საუკუნის ბოლომდე, როდესაც დაიწყო პირველი დიპლომატიური კავშირები ქვეყნებს შორის, მე-18 საუკუნე, როდესაც პირველი კათოლიკე მისიონერები შემოდიან და იკვლევენ საქართველოს და 1795-დან-1918 წლამდე, როედსაც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა მიმდინარეობდა.
ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, როდესაც ქართველმა სამხედროებმა პოლონეთის მხარეს იბრძოლეს ფაშისტების წინააღმდეგ. რაღა თქმა უნდა არ შეიძლება არ აღინიშნოს გრიგოლ ფერაძის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი პოლონეთ-საქართველოს პარტნიორობის განვითარებაში.
სადღეისოდ, პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც 90-იანი წლებიდან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის იბრძვის და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პოლიტიკას.
რაც შეეხება თანამედროვე ქართულ ემიგრაციას პოლონეთში, ოფიციალურად მათი რაოდენობა სადღეისოდ 27 ათასს შეადგენს. დიდი უმრავლესობა დასაქმებულია სარესტორნო და კვების ობიექტების ბიზნესში, მუშაობენ ტაქსის მძღოლებად, იყო მშენებლობებზე დასაქმების სეგმენტიც, მაგრამ, კლიმატური პირობების გამო ვერ იმუშავეს დიდი ხნის განმავლობაში.
ზოგადად, საქართველოსა და ქართველების მიმართ დამოკიდებულება პოლონეთში უაღრესად დადებითია, იმდენად დადებითი, რომ, მაგალითად, როდესაც სხვა ნაციონალობის წარმომადგენლები პოლონეთში რესტორანს ხსნიან, მას ქართულ სახელს არქმევენ და ქართულ მენიუზე აწყობენ, რადგანაც იციან, რომ ამ შემთხვევაში წარმატების შანსი გაცილებით დიდია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე