რეზონანსი
(27.08.2024)

„ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება" ამ სახელწოდებით კრაკოვის ნაციონალურ მუზეუმში მიმდინარეობს (17.04-15.09) გრანდიოზული მასშტაბის ქართული გამოფენა, სადაც წარმოდგენილია უნიკალური კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატები.

როგორც გამოფენის კურატორმა, პროფესორმა მიროსლავ კრუკმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ინტერესი ქართული გამოფენისა და ზოგადად ქართული კულტურის მიმართ პოლონელთა მხრიდან განსაკუთრებულია, როსი დასტურიც ისაა, რომ გამოფენის მსვლელობის პერიოდში ის უკვე მრავალმა ათასმა ადამიანმა მოინახულა.

გამოფენა მართლაც შთამბეჭდავია თავის მასშტაბებით - მასში წარმოდგენილია 729 ექსპონატი, რომლის შეგროვებაც 14 ქართული მუზეუმიდან მოხერხდა, ქართული მუზეუმების გარდა ექსპონატები სპეციალურად ამ გამოფენისთვის ჩამოიტანეს ბერლინის, ლონდონის და პარიზის ლუვრის მუზეუმებიდან და მთლიანობაში მათი რიცხვი 850-მდე გაიზარდა.

 გამოფენა მუზეუმის შენობაში 10 თემატურ სექტორებადაა დაყოფილი და პროფესორი კრუკი ჩვენთან საუბარში იხსენებს თუ რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ამ ყველაფრის ორგანიზება.

გეგმის მიხედვით კრაკოვის მუზეუმს „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნებისთვის" ჯერ კიდევ პანდემიამდე პერიოდში უნდა ემასპინძლა, მაგრამ მაშინ ამ ყველაფრის ორგანიზება შეუძლებელი გახდა გასაგები მიზეზების გამო.

ასევე გარკვეული სირთულეები იყო ამგვარი რაოდენობის და ფასეულობის უნიკალური ნივთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით - დაინიშნა სპეციალური ჩარტერული ავიარეისი, რომელმაც 50 ყუთში განთავსებული ექსპონატების ტრანსპორტირება განახორციელა დანიშნულების ადგილამდე.

 თუმცა, როგორ პროფესორი კრუკი ამბობს, ეს ყველაფერი ღირდა ამად, რადგანაც გამოფენამ პოლონელთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და ამგვარი სიამოვნების მიღება დამთვალიერებლებს 15 სექტემბრამდე შეეძლებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე