ია აბულაშვილი
(23.09.2017)


 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ქართულ ენაზე ამდენი ხელნაწერი არცერთ სხვა ნაწარომებზე არ მოიპოვება, როგორც "ვეფხისტყაოსანზე" და თითოეულ ამ ხენაწერს თავისი ისტორია აქვს. დღეისათვის ჩვენამდე მოღწეულია "ვეფხისტყაოსნის" 164 ხელნაწერი, მათგან 110-მდე დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დანარჩენი ნუსხები დაცულია საქართველოს და საზღვარგარეთის სხვადასხვა სიძველეთსაცავებში - ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკაში, პარიზში საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ასევე სანკტ-პეტერებურგში.

დღევანდელ სტატიაში რა თქმა უნდა ყველა ამ ხელნაწერის ისტორიას ვერ ჩავტევთ, მხოლოდ რამდენიმე მათგანს გავიხსენებთ.

აყველაზე ძველი ხელნაწერების შესახებ წერდა მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი მეცნიერი პლატონ იოსელიანი 1870 წელს გაზეთ "კავკაზში".

"იმერელი თავადის პოლოკოვნიკ გრიგოლ წერეთლის ხელში მე ვნახე "ვეფხისტყაოსნის" ყველაზე ძველი ეტრატზე მსხვილი, მრგვალი მხედრული ასოებით ნაწერი ნაკლული ნუსხა, რომლის ჩარჩოები მოხატული იყო სინგურით აღმოსავლური რთულორნამენტიანი ფიგურებით", - წერდა პლატონ იოსელიანი.

მისი აზრით, ეს ხელნაწერი, მდიდრული გაფორმების გამო, თავის დროზე მეფისთვის ან სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.

მეორე ხელნაწერის შესახებ კი პლატონ იოსელიანი წერს, რომ იგი გასანთლულ ქაღალდზე ყოფილა გადაწერილი 1443 წელს ალექსანდრე მეფისთვის და აზნაურ ელიოზიშვილის ოჯახში ინახებოდა.

ცნობილი ქართველი მეცნიერი აკაკი შანიძე პლატონ იოსელიანის ამ ცნობას სანდოდ მივიჩნევდა.

"არ შეიძლება არ ვენდოთ ცნობილ მეცნიერს. როგორც იგი აგვიწერს, ეს ხელნაწერები მისი დროის ყოფილა, მაგრამ ამჟამად არ ჩანს. საკითხავია: რა მოუვიდა მათ? დაიღუპა, როდის და რა ვითარებაში? მე იმედი მაქვს, რომ ეს ორი ხელნაწერი არ არის დაღუპული, სადღაც არის. მიკვლევა უნდა. შეიძლება პატრონებმა გაყიდეს და ხელნაწერებმა სადმე ევროპაში ან ამერიკაში ამოყვეს თავი. საჭიროა მათი მოძიება. ეს აუცილებელია უკვდავი პოემის დასადგენად. ამას მოიმთხოვს ქართული კულტურის ინტერესები", - წერდა აკაკი შანიძე გასული საუკუნის 60-იან წლებში.

ხელნაწერები მართლაც რომ უცხოეთში შეიძლება ყოფილიყო გაბნეული, ამის შესახებ წერდა ცნობილი ქართველი მეცნიერი გურამ შარაძე გასული საუკკუნის 80-იან წლებში:

"საქართველოს ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებისგან ვიცოდი, რომ ლონდონში ცხოვრობს ღრმად მოხუცებული ქართველი წარჩინებული ოჯახის შვილი სალომე ანდრონიკაშვილი, რომელსაც საინტერესო კოლექცია აქვს, მაგრამ მცდელობა, რომ ამ ოჯახში მოვხვედრილიყავი, უშუდეგოდ დასრულდა.

"სამშობლოში დაბრუნებამდე სულ ოთხი დღე მრჩებოდა. ერთ საღამოს ლონდონში შევხვდი ესპანეთში მცხოვრებ შეძლებულ ქართველს ვახტანგ მაღალაშვილს, რომელმაც ერთი ამბავი მიამბო:

"50-იან წლებში ესპანეთიდან ლონდონში ვიყავი ჩამოსული და გავიგე, რომ ლონდონის სააუქციონო საზოგადოება "სოთბიში" "ვეფხისტყაოსნის" მე-14 საუკუნის ტყავზე ნაწერი ძველი ხელნაწერი იყიდებოდა... "სოთბის" კატალოგში პირდაპირ ეწერა "შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი", პერგამენტი, მე-14 საუკუნე".

"გავეშურე "სოზბიში" და ვნახე ეს ხელნაწერი. ზომით დაახლოებით 24ყ18 სმ იქნებოდა, სისქე - 4 სმ. მხედრულად იყო ნაწერი და მოხატული გახლდათ. სამწუხაროდ, აუქციონის დღეს სასწრაფოდ მომიხდა ესპანეთში გამგზავრება, ხოლო ჩემს მიერ დატოვებულმა კაცმა 850 გირვანქა სტერლინგის შემდეგ, ჩემს უნებართვოდ, მეტის შეძლება ვეღარ გაბედა და საბოლოოდ აუქციონზე ეს ხელნაწერი 1250 გირვანქად გაიყიდა", - მითხრა ვახტანგ მაღალაშვილმა.

"იმედი მომეცა, რომ ვეფხისტყაოსნის პალატონ იოსელიანის მიერ მოხსენიებული ერთ-ერთი უძველესი ნუსხის კვალი გამოჩნდა. ეს ცნობა დაადასტურა ლონდონში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა აკაკი რამიშვილმა. მან გაიხსენა, რომ ლონდონის უნივერსიტეტის ქართული ენის მასწავლებელი ანდრო გუგუშვილი ბევრს დარბოდა, რომ სადმე ფული ეშოვა და "ვეფხისტყაოსნის" ეს ხელნაწერი დაეხსნა და როგორმე დაკარგვას გადაერჩინა, მაგრამ ლონდონში მცხოვრებმა ხელმოკლე ქართველებმა ვერ შეძლეს საამისო თანხის შეგროვება.

"მეოერ დღეს გავეშურე "სოთბის" აუქციონში, მაგრამ, მიუხედავად დიდი თხოვნისა, მათი წესების თანხმად, ვერ მომცეს ცნობა, თუ ვინ შეიძინა ეს ხელნაწერი.

"ლონდონში ჩემი მივლინების დროც იწურებოდა. ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში მივაკვლიე ცნობილი ქართველი მწერლის აკაკი ბელიაშვილის ძმის, განსვენებული ლადო ბელიაშვილის მიერ 1956 წელს პარიზში გამოცემული წიგნის "რუსთაველის და დანტეს იდუმალების" 75-ე გვერდზე მიწერილ ასეთ ცნობას: "ჩემს საფრანგეთში ყოფნის დროს პარიზში გაყიდულა მეთოთოხმეტე საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი, რომელიც ამჟამად იმყოფება ლონდონის წიგნთსაცავში", - წერდა გურამ შარაძე.

სხვადასხვა ისტორიული წყაროების მიხედვით, საინტერესო ისტორია აქვს "ვეფხისტყაოსნის" კიდევ ერთ ხელნაწერსაც, რომელიც ქართლ-კახეთის მეფე გიორგი ყ|-სთვის იყო გადაწერილი 1680 წელს. ეს ხელნაწერი მდიდრულად არის მორთული და მოხატული ჩარჩოებით. ტყავის ყდაში ჩასმული.

გიორგი მეფისეული წიგნი შემდგომში მის რომელიღაც ახალ მფლობელს რუსეთში წაუღია. წიგნზე მინაწერით ირკვევა, რომ წიგნი მოსკოვში შეუძენია ერეკლე ||-ის სახლთუხუცესის გიორგი ჩოლოყაშვილის შვილს ქაიხოსროს. შემდეგ ეს წიგნი ერთი ქართული სიძველის მაძიებელს, გვარად კარბელაშვილს ჩავარდინია ხელში და ქსნის ერისთავის ასულის და თარხან-მოურავის მეუღლისთვის, ელენე თარხნიშვილისთვის მიუყიდია. როცა მისი მამიდა, გენერელ-გუბერნატორ გაგარინის ქვრივი გარდაიცვალა, ქალბატონი თბილისიდან ყირიმში წაასვენეს და იალტის ახლოს ქუჩუქ-ლამბათში გაგარინის მამაულში დამარხეს, ელენეც იალტაში გადასახლდა.

რევოლუციის შემდეგ ელენე თარხნიშვილის სიძე და ქალიშვილი საფრანაგეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. აქ შეხვდნენ ერთმანეთს იოსებ დადიანი (ელენეს სიძე) და ექვთიმე თაყაიშვილი. სწორედ იოსებ დადიანმა აჩვენა ექვთიმე თაყაიშვილს "ვეფხისტყაონის" სურათებიანი ხელნაწერი.

გადის ოცი წელი დადანების ოჯახს ძალიან გაუჭირდა. ხელნაწერი ჯერ პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკას შესთავაზეს, მაგრამ ბიბლიოთეკის გამგემ 19 ათას ფრნაკზე მეტი არ შეაძლია. ბოლოს დადიანებს აღმოუჩენიათ ერთი მდიდარი ინგლისელი, რომელსაც ხელნაწერი ძალიან მოსწონებია და 25 ათას ფრანაკად უყიდია. ინგლისელმა ელენე თარხან-მოურავის ნაქონი "ვეფხისტყაოსანი" ბოლოს ბრიტანეთის მუზეუმს შესწირა.

"ვეფხისტყაოსნის" კიდევ ერთ ხელნაწერსაც, რომელიც ზაზასეულის სახელით არის ცნობილი, საინტერესო ისტორია აქვს. მის შესახებ პირველად დაწერა პლატონ იოსელიანმა.

ხელნაწერის მფლობელი ყოფილა მე-17 საუკუნის ცნობილი სარდალი ზაზა ციციშვილი და მისი დაკვეთითი მე-17 საუკუნის 60-იან წლებში დაუწერია იოსებ ტფილელს. პოემის ტექსტი მოთავსებული იყო ოქროს ვარაყიან ჩარჩოში. არშიები შემკული იყო ყვავილოვანი გრავიურებით.

შემდეგ ეს ხელნაწერი მოხვედრილა ლევან ბატონიშვილის ხელში. ლევან ბატონიშვილის სიკვდილის შემდეგ მისი შვილის, მეფე ვახტანგ ქ|-ის ხელში გადავიდა. ამბობენ, რომ ვახტანგ ქ|-მ "ვეფხისტყაოსნის" დაბეჭდვა რომ გადაწყვიტა, ზაზასეული ხელნაწერი გამოუყენებია.

ვახტანგ ქ|-მ ზაზასეული ვეფხისტყაოსანი შემდეგ მზითვებში გაატანა თავის ქალიშვილს თამარს, მეფე თეიმურაზ ||-ის მეუღლეს, ერეკლე ||-ის დედას. შემდეგ ერეკლე ||-მ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი მზითვში გაატანა თავის ქალს თეკლა ბატონიშვილს.

თეკლას ვაჟმა, ცნობილმა მწიგნობარმა ალექსანდრე ორბელიანმა ეს ხელნაწერი საჩუქრად მიართვა მეფისნაცვალ ვორონცოვს 1853 წელს. ამის შემდეგ ეს ხელნაწერი ვორონცოვის არქივში ინახებოდა.

1933 წელს მოსკოვის ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, სადაც მოყვანილი იყო ცნობები ვორონცოვის არქივის შესახებ. გიორგი ლეონიძეს სტატია წაუკითხავს და მაშინვე მიუმართავს უნივერსიტეტის ხელმძღვანლეობისთვის, რათა ხელნაწერი საქართველოში დაებრუნებინათ. როგორც გაზეთი "კომუნისტი" წერდა, ხელნაწერი ადგილზე შემოწმდა და თბილისში 1935 წლის დასაწყისში დაბრუნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე