ელზა პაპოშვილი
(22.03.2023)

სასტიკი მკვლელობა მუხიანში - 65 წლის რამაზ ბასილაძე განსაკუთრებული  სისასტიკით არის მოკლული. მამაკაცს 10-მდე ჭრილობა დანით  აქვს მიყენებული, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს და მისივე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩააგდეს. საზარელი მკვლელობა, სავარაუდოდ, სადარბაზოში მოხდა, რადგან ამ დროს სახლში მოკლულის დედა იმყოფებოდა. ამიტომ კვალის დაფარვის მიზნით მკვლელმა მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩააგდო და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა.   

ადგილობრივები „რეზონანსთან“ საზარელი დანაშაულის დეტალებზე საუბრობენ და უჭირთ იმაზე ლაპარაკი, რა შეიძლება გამხდარიყო მოტივი. მათი ინფორმაციით, რამაზ ბასილაძე უმუშევარი იყო და მოხუც დედასთან ერთად თავს პენსიით ირჩენდა. თუმცა ფიქრობენ, რომ ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი უცხო არ უნდა იყოს და შესაძლოა ადგილობრივი მაცხოვრებელიც კი არის.    

„არ ვიცი, ეს საშინელება ვინ და რატომ ჩაიდინა. ძალიან წესიერი ადამიანი იყო. არსად არ მუშაობდა და არანაირი ფული მაგას არ ჰქონდა. მოხუც დედასთან ერთად თავს პენსიით ირჩენდა. დილით მეზობელი გამოვიდა, რომელმაც ლიფტი გამოიძახა და არ მოვიდა. ნახა, რომ გაჭედილი იყო და არ იძვროდა. შეიხედა შიგნით და კვამლის სუნი ამოდიოდა. მაშინვე ლიფტიორს დაურეკეს. მოვიდა ეს კაცი, გააღო ლიფტი და საზარელი სურათი დახვდა. ნახევრად დამწვარი კაცი იპოვა. გამოვიძახეთ პოლიცია და სასწრაფო. ამოვიცანით, ვნახეთ, რომ ჩვენი მეზობელი რამაზია. წარმოდგენაც კი გვიჭირს, რა შეიძლება ამ საზარელი დანაშაულის მიზეზი გამხდარიყო. ან ასე ჩუმად როგორ მოკლა. 10-მდე ჭრილობა აქვს სხეულზე. სულ დაჩეხილია. მერე ეტყობა მიხვდა, ცხედარს ვერ გაიტანდა, კვალის დაფარვის მიზნით, შახტაში ჩააგდო და ცეცხლი წაუკიდა. სად მოკლა, რა ვითარებაში, აზრზე არ ვართ. დედამ არაფერი არ იცის. შოკშია ქალი და ალბათ გამომძიებლები მუშაობას გააგრძელებენ. ძაღლები მოიყვანეს, რომ მკვლელობის  ადგილი გაიგონ.“ 

კიდევ ერთი მეზობელი ყვება, რომ დანაშაული სავარაუდოდ, დილით არის ჩადენლი, როცა მამაკაცი სახლიდან გამოვიდა. 

„არაა გამორიცხული, რომ ცხედარს ვიღაცა სადღაც მალავდა, ან სახლში ან არ ვიცი და მერე თავიდან მოშორების მიზნით ლიფტის შახტაში ჩააგდო. დილითაც რომ მოეკლა, თანაც სადარბაზოში ვიღაცა გარეთ ხომ გამოვიდოდა. ისეთი დროა, როცა სკოლაში და სამსახურებში მიდის ხალხი. ამიტომ ძალიან გვიჭირს ყველას საუაბრი. რა უნდა დაეშავებინა უმუშევარ კაცს,  აზრზე არ ვარ“, - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე