ელზა პაპოშვილი
(29.01.2023)

26 წლის ახალგაზრდა, რომელიც „რეზონანსის“ ინფორმაციით ყოფილი პოლიციელია, ბებიის მკვლელობას ქილერის დახმარებით გეგმავდა და მას თანხის ნაწილიც კი გადასცა. როგორც ირკვევა, ახალგაზდა მამაკაცს ბებიის მკვლელობა ქონების მითვისება წარუმატებელი ბიზნესის გამო დაგროვილი ვალების გასასტუმრებლად სურდა. ქილერისთვის გადასახდელი თანხის ნაწილი კი ისევ ბებიას გამოართვა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულს დაქირავებული მკვლელისთვის საბოლოო ჯამში 150 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მზად იყო თავადაც მიეღო მონაწილეობა ბებიის მკვლელობაში.

ბებია თბილისში არსებული ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის მფლობელია. გარდა ამისა, „რეზონანს“ წყარო უყვება, რომ 72 წლის ქალს რამდენიმე კომერციული ფართიც აქვს.   

ბიჭმა ბებიას მისავე მოსაკლავად საჭირო თანხა გამოართვა და უთხრა, რომ ბიზნესისთვის სჭირდებოდა. მამაკაცი საზღვარგარეთიდან ავტომობილების ჩამოყვანითა და ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავბეული, თუმცა, მას ასევე 20-მდე ადამიანის მოტყუებაში სდებენ ბრალს. 

სწორედ ამიტომ მან ბებიის მოკვლით ქონების მითვისება და სავარაუდოდ, ვალების  გასტუმრება გადაწყვიტა. მამაკაცი კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა, თუმცა უცნობია რა გახდა უწყების დატოვების მიზეზი. 

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ის  თბილისში დააკავეს. საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო მტკიცებულებაც, თუ როგორ უკვეთავს ის მკვლელს ბებიის ლიკვიდაციას და სავარაუდო მეთოდებს გნიხილავს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულს დაქირავებული მკვლელისთვის 150 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა. პირს კი, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.   

„როგორც ვიცით, მისი დაკავება ვაკის საცურაო აუზთან მოხდა. ამბობენ, რომ ის ე.წ. ქილერს რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდა. კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. უწყებიდან წასვლის შემდეგ საზღვარგარეთიდან ავტომობილების ჩამოყვანით იყო დაკავებული. 

„ბებიას რამდენიმე კომერციული ფართი აქვს. ასევე ერთ-ერთ უნივერსიტეტს ფლობს. სავარაუდოდ, მისი მოკვლის შემდეგ ეს ქონება მასზე გადავიდოდა. ამიტომაც მისი მკვლელობა გადაწყვიტა. 

„არ ვიცით ჰქონდათ თუ არა კონფლიქტი, მსგავსი არაფერი გაგვიგია. პირიქით, როგორც გავიგეთ, ის ფული, რაც მკვლელს გადასცა, ბებიას გამოართვა. ანუ ბებიას მისივე მოსკლავი ფული გამოართვა. ამბობენ, რომ 20-მდე ადამიანი ჰყავს მოტყუებული და ისინი რომ გაეჩუმებინა, ალბათ ქონება ამისთვის სჭირდებოდა. 

„გეგმა ასეთი ჰქონდა, რომ ე.წ. ქილერთან ერთად ბებიასთან მივიდოდა, კარზე დაკაკუნებდა, რა თქმა უნდა, ქალი შვილიშვილს კარს გაუღებდა და მკვლელიც ამ დროს მის ან მაყუჩიანი იარაღით მოკვლას  შეძლებდა, ან კიდევ დახრჩობას. ამ გეგმას თურმე კვირეების განმავლობაში ამუშავებდა, თუმცა ვერ განახორციელა, რადგან პოლიციამ ეს ფაქტი მალევე აღკვეთა“, - უყვება „რეზონანსს“ წყარო. 

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

„საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით, შეკვეთით მკვლელობის მიზნით, შესაბამისი პირი მოიძია, რომელსაც 150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა. ბრალდებულმა პოტენციურ მკვლელს მიაწოდა მსხვერპლის ვინაობა, ასაკი და ბებიის საცხოვრებელ მისამართზე მიიყვანა, რის შემდეგაც მას შეპირებული თანხის ნაწილი და მსხვერპლის ფოტოსურათი გადასცა. 

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის  „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება), რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე