ნაზი ბერიძე
(16.01.2023)

დღეისთვის საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 200-დან 300-მდე შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა სიტუაცია მართვადია და საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ახლახან გამოჩენილი „ომიკრონის“ ახალი სახეობა „კრაკენის“ და სხვა სახეობების გავრცელების წინაშე შეიძლება საქართველოც აღმოჩნდეს. ექსპერტები მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ „კრაკენი“ სწრაფად კი ვრცელდება, მაგრამ, როგორც წესი, მსუბუქად მიმდინარეობს.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განაცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოშიც აღინიშნა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება, რაც დაკავშირებული იყო წინასაახალწლო და საახალწლო მობილობის ზრდასთან. მისივე ინფორმაციით, დღეში ახალი შემთხვევების რაოდენობა 200-300-ის ფარგლებში მერყეობს, რაც სრულად მართვადია.

პროფესორი ივანე ჩხიკვაძე კი აქტიური ვაქცინირების რეკომენდაციას აძლევს საზოგადოებას და ამბობს თუ ვინ უნდა აიცრას და როგორ ბუსტერ დოზით. 

„თუ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე გაქვთ გადატანილი, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა „ომიკრონის“ სუბვარიანტის მიმართ, ასევე თუ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან სექტემბრის შემდეგ გაკეთებული გაქვთ „ბუსტერი“, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია“, - ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ „ომიკრონის“ ახალ სუბვარიანტზე, „კრაკენზე“ საუბრისას განაცხადა.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ახლა პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, თუ როდის იქნება ახალი ტალღა. 

„არის ერთი ნიუანსი - „ომიკრონის“ ახალი სახეობა შემაშფოთებლად არის მიჩნეული. გარკვეულ ქვეყნებში აღინიშნება „ომიკრონის“ ამ სახეობით გამოწვეული დაავადებების რიცხვის ზრდა. თუმცა ვარაუდი, რომ იგი ყველა ქვეყანაში დომინანტი გახდება, არასწორია, მაგრამ ხასიათდება, როგორც ყველაზე გადამდები. ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ ადვილად არის შესაძლებელი დავინფიცირდეთ. 

„კრაკენი“ კლინიკურად „ომიკრონის“ მსგავსია, რომელიც ძირითადად პრობლემებს უქმნის ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმულ ადამიანებს. დანარჩენ პოპულაციაში შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. თავის დაცვის მეთოდები არის იგივე - ჰიგიენური ნორმების დაცვა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

ინფექციონისტის თქმით, არსებული ვაქცინები „კრაკენის“ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია და მიმდინარეობს მუშაობა ახალ ბივალენტურ ვაქცინებზე, რომელიც სხვა შტამებს გადაფარავს. იქნება უფრო სრულყოფილი და სრულფასოვანი ვაქცინები, რომელიც გამოყენებული იქნება „ომიკრონის“ ახალ სახეობებზე

როგორც ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან“ აცხადებს, ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ბივალენტური ვაქცინები საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ მალე იქნება. 

მისივე თქმით, ჯერჯერობით „კრაკენი“ საქართველოში არ ცირკულირებს, ცირკულირებს „ომიკრონის“ სხვა სახეობები. პანდემია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, დიდი ალბათობით პანდემია დასრულდება. ხოლო რაც შეეხება კოვიდის არსებობას, ის ყოველთვის იქნება, როგორც გრიპი და ვაქცინაციაც ჩატარდება შესაბამისად, როგორც არის რეკომენდირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე