„კრაკენი" კორონავირუსის ახალი შტამია, რომელიც აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში უკვე ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდის ახალი ვარიანტი უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა. მართალია, კრაკენმა კოვიდით დაინფიცირების მაჩვენებელი მაღლა ასწია, ზოგან მისი აფეთქებაც კი გამოიწვია, თუმცა, როგორც ინფექციონისტები აცხადებენ, ის, ისევე როგორც ომიკრონის სხვა ვარიანტები, სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიშია.
კვლევების თანახმად, იგი ომიკრონის ქვეშტამია და გამოირჩევა გავრცელების სისწრაფით, რაც ჰოსპიტალიზაციის ზრდაზეც აისახება. მისი სიმპტომები წინამორბედი ვარიანტის, ომიკრონის მსგავსია - სურდო, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე და ცემინება, მაგრამ კრაკენზე დაკვირვება ახლაც აქტიურად მიმდინარეობს.
ვირუსის ახალმა ვარიანტმა გავრცელება გასული წლის დეკემბერში, აშშ-ში დაიწყო, დღევანდელი მონაცემებით კი ახალი კორონავირუსული ინფექციების 40%-ზე მეტი აშშ-ში სწორედ კრაკენითაა გამოწვეული.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ოფიციალურად კრაკენის შტამის საქართველოში გავრცელება არ დასტურდება, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ადამიანებს პირბადეების და სიცხის დამწევების მომარაგებისკენ მოუწოდებს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, რომ ავიახომალდებში პირბადეების გამოყენება აღდგეს, აშშ-ში კრაკენი ამ თვის ბოლომდე ვფიქრობ, რომ უკვე დომინანტი იქნება, ის ევროპისკენაც წამოვიდა და, რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი უკვე საქართველოშიც არის.
„ეს ვარიანტი დღემდე ცნობილ ვარიანტებზე სწრაფად ვრცელდება - იგი 140%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედები. საქარტველოს ჯანდაცვის სიტემა ახალი გამოწვევისთვის მზად არ არის!" - წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუქში.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კოვიდის ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება, მაგრამ იგი არ ადასტურებს საქართველოში კრაკენით დაინფიცირების ფაქტს.
„ოფიციალური ინფორმაცია კრაკენის საქართველოში გავრცელებასთან დაკავშირებით არ არსებობს. იგი ახალი ვარიანტია და მასზე აქტიურად მიმდინარეობს კვლევები და დაკვირვება. როგორც ირკვევა ის ძალიან მარტივად გადადის და სიმპტომები დიდად არ განსხვავდება ომიკრონის შტამისგან. ხასიათდებიან მსუბუქი მიმდინარეობით და უმეტეს შემთხვევაში მდგომარეობა იმ ინფიცირებულ ადამიანებს უმძიმდებათ, რომლებსაც აქვთ ისეთი ფონური დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, სხვადასხვა გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ან აქვთ იმუნოდეფიციტი," - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „რეზონანსთან".
ავტორი: ბაჩანა ტყემალაძე
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე