ელზა პაპოშვილი
(11.01.2023)

ჯერჯერობით კვლავ უცნობია რა გადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი. ისინი მეზობლებმა გარდაცვლილები იპოვეს. ერთ-ერთი, დაუდასტურებელი ვერსიით, კაცს სანადირო თოფი გაუვარდა, რა დროსაც მისი მეუღლე დაიღუპა, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  

შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი, სანადირო თოფი, რომელიც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

მიუხედავად ამისა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია და არ გამორიცხავენ, მკვლელობა სხვა პირის მიერ იყოს ჩადენილი. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ძარცვის კვალი არ არის. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. პირიქით, ახალი წლის დღეებში მეზობელი მათ სტუმრად ელოდებოდა, ხოლო, როცა არ გამოჩდნენ, სახლში მიაკითხათ. სწორედ ასე შეიტყვეს მეზობლებმა, რომ ისინი გარდაცვლილები იყვნენ. 

„საოცარი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ. ჩვენ მეზობლებს მათი მხრიდან კონფლიქტი, ან ჩხუბი არასდროს გაგვიგია. შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ. მეზობელთან უნდა მისულიყვნენ საღამოს სტუმრად და არ გამოჩდნენ. მერე მეზობელმა დილით მიაკითხათ და სახლში შესულს ეს საზარელი სურათი დახვდა. შეიქმნა წივილ-კივილი, რომ გამოვიხედეთ, ვერ მივხვდით რა ხდებოდა. მოვიდა რამდენიმე მანქანა, მერე ვიკითხეთ, რა ხდებოდა და აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი თოფით მოუკლავთ. 2 ცხედარი ნახეს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მისთვის დაუჯერებელია ფაქტი, რომ ქმარმა ცოლი განზრახ მოკლა. ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა მას თოფი შემთხვევით გაუვარდა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ისინი ვიღაცამ დახოცა.  

„პირველი მეზობლის ბიჭი მისულა. ჩემთან უნდა მოსულიყვნენ და რომ არ მოვიდნენო, თვითონ მისულა მათთან. გამოვაღე კარი და ვნახე, ერთი ერთ მხარეს დაგდებული, მეორე მეორე მხარესო, სანადირო თოფი იქვე დაგდებული ძირს, თავისივე (გარდაცვლილი მამაკაცის) თოფი. ჩვენ არაფერი გაგვიგია, არც თოფის... მე უფრო ვფიქრობ, რომ ვიღაცამ მოკლა, ისეთი ცოლ-ქმარი იყვნენ, გამოვრიცხავ (ერთმანეთი მოეკლათ). წასაღები ისეთი არაფერი ჰქონდათ და არც არაფერია წაღებული. არ ვიცი რა უნდა ვივარაუდო, თვითონ არ მოკლავდნენ ერთმანეთს, ვიღაცამ მოკლა..." - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე